ახალი ამბები

“პროპორციულზე გადასვლის ვერგანხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს” – თალაკვაძე

15 ნოემბერი, 2019 • 972
“პროპორციულზე გადასვლის ვერგანხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს” – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ ინიციატივის ჩაგდება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს.

“სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერგანხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ ამის წარმოჩენა. ეს ნიშნავს იმას, რომ  2024 წლამდე საქართველო რჩება იმავე სისტემაზე, რომლითაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება ირჩევდა ხელისუფლებას.

2020 წლის არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება. ჩვენ ვიმუშავებთ ეუთოსთან, რათა რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს”, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი:

“არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი. ნურავინ შეეცდება, მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს. ჩვენს მოქალაქეებს და ქვეყანას დღეს სჭირდება მშვიდობიანი და სტაბილური გარემო განვითარებისთვის. სახელმწიფო მზადაა გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ქვეყანაში არ იქნება კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით განსაზღვრული წესითა და ვადებით დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება”, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.


საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი