ახალი ამბები

ოპოზიციის პრობლემაა, ჩვენ ჩვენი მხარდამჭერების გვჯერა – თალაკვაძე ალტ-ინფოს პარტიაზე

4 აპრილი, 2024 • 1252
ოპოზიციის პრობლემაა, ჩვენ ჩვენი მხარდამჭერების გვჯერა – თალაკვაძე ალტ-ინფოს პარტიაზე

„ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ანტიდასავლური ძალადობრივი მოძრაობის, „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობა, პირველ რიგში, ოპოზიციის პრობლემაა.

ასე უპასუხა მან კითხვას, ხომ არ წაართმევს „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე ხმების ნაწილს „ალტ-ინფოს“ პარტია.

თალაკვაძის თქმით, მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებშიც ძლიერ მხარდაჭერას მიიღებს.

„ოპოზიცია არის დაშლილი და პირველ რიგში, თუ ვინმემ მისცა საფუძველი და ინიციატივის საშუალება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ დარეგისტრირდნენ და ახალი იმედები ჰქონდეთ არჩევნებთან დაკავშირებით და გადაინაწილონ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი, ეს არის სწორედ ამ რადიკალური ოპოზიციის დამსახურება…

პირველ რიგში ეს არის ოპოზიციის პრობლემა, ჩვენ ჩვენი მხარდამჭერების გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ მივიღებთ ძლიერ მხარდაჭერას“, — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ანტიდასავლური ძალადობრივი მოძრაობა „ალტ-ინფოს“ პარტია, „კონსერვატიული მოძრაობა“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა. ეს ნიშნავს, რომ ისინი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი