ახალი ამბები

ფარცხალაძე არ არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა – თალაკვაძე

18 სექტემბერი, 2023 • 1274
ფარცხალაძე არ არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა – თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (FSB) კავშირში მხილებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ის ადამიანი არაა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა.

ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბრისას თალაკვაძე ხაზს უსვამს, რომ არსებობს მაგალითები, როცა საქნცირებული ადამიანები სანქცირებულთა სიიდან ამოიღეს.

„სანქციების ამ რაუნდში 200-ზე მეტ ადამიანზე გამოსცა აშშ-ის მთავრობამ გადაწყვეტილება. ამ 200 ადამიანში შედიან მთელი მსოფლიოდან პირები, რომლებიც ბიზნესს, მედიას თუ სხვა სექტორს წარმოადგენენ. ამავე დოკუმენტში არის იმ ადამიანებისა თუ კომპანიების სიაც, რომელთაც მოეხსნათ სანქციები. არის ომი უკრაინაში, ძალიან დიდია ინფორმაციის ნაკადები, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან აქტორებს მიაქვთ და აგზავნიან აშშ-ში ინფორმაციებს, რაზე დაყრდნობითაც ერთ შემთხვევაში გამოიცემა სანქციები, მაგრამ გვაქვს მაგალითები, როცა ადამიანებს ეხსნებათ სანქციები. გახსოვთ, რომ აბრამოვიჩიც იყო სანქციების ქვეშ და სხვა ცნობილი ადამიანებიც.

საქართველოში სანქციების ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შეამოწმეს ფისკალური, საბაჟო და სხვა სისტემები და მათ თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძლიერი სისტემა და ზედმიწევნით ასრულებს სანქციების მოთხოვნებს. თუ ვინმე საქართველოს გავლით თუ გამოყენებით არღვევდა სანქციების რეჟიმს, ამაზე მსჯელობა საზოგადოებისთვის მიმინდვია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებმა უნდა მიიღონ დამატაბითი ინფორმაცია, თუ რას ეფუძნებოდა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

„ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბატონი ფარცხალაძის ადვოკატები გაარკვევენ დეტალებს. რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, იმ ინფორმაციით, რაც 10 წლის წინ სახელმწიფო სექტორში მისი მუშაობის დროს ჩემთვის ცნობილი იყო და საჯარო წყაროებით ცნობილია, ფარცხალაძე არ არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა და თავის ქვეყანას გამოუთხრის ძირს. ჩემი მოსაზრება ასეთია, პირველ რიგში, ალბათ, ადვოკატებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია და დადასტურებული ფაქტები, თუ რას ეფუძნებოდა ეს სანქციები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლეობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება აუდიტის სამსახურის იმდროინდელი უფროსის და ამჟამად დევნილობაში მყოფი ლაშა თორდიას ცემის ფაქტიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი