ახალი ამბები

“ძალიან კარგია ჩვენი მოქალაქეებისთვის” – “ოცნებაში” პუტინის ახალ განკარგულებას აფასებენ

10 მაისი, 2023 • 701
“ძალიან კარგია ჩვენი მოქალაქეებისთვის” – “ოცნებაში” პუტინის ახალ განკარგულებას აფასებენ

“ქართული ოცნების” დეპუტატები დადებითად აფასებენ რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიჟო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას. მათი თქმით, ეს გაუუმჯობესებს რუსეთში მცხოვრები ქართველ ემიგრანტებს ცხოვრებას და გაუადვილებს საქართველოსთან კავშირს. ამის შესახებ დეპუტატებმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

ისინი ხაზს უსვამენ, რომ ეს სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენების აკრძალვა რუსეთის ცალმხირივი გადაწყვეტილება იყო და მოხსნის გადაწყვეტილებაც ცალმხრივად მიიღო.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე რუსეთის ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირს უკავშირებს და ამბობს, რომ რუსეთის გააქტიურება გამოიწვია გასულ წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებამ:

“ჩვენს ქვეყანაზე, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე სანქციები ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული რუსეთის ფედერაციას და ეს გადაწყვეტილებაც ცალმხრივად მიიღო. შესაბამისად, დღეს რადიკალური ოპოზიციის განცხადებები და ბრალდებები გახლავთ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და გახლავთ სიცრუე[…]

საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, რასაკვირველია, გამოიწვია რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და ისეთი გადაწყვეტილებების განხილვაც, რომელიც დღეს არის სახეზე”, — განაცხადა თალაკვაძემ.

ნინო წილოსანისა და ლევან ქარუმიძის შეფასებით კი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დღევანდელი განკარგულება ემიგრანტებს გაუადვილებს საქართველოსთან კავშირს და მათ ცხოვრებას გააუმჯობესებს:

“დღეს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, მათ უფრო მეტად გაუადვილდებათ თავიანთ ქვეყანასთან კავშირი და ფრენები”, — განაცხადა წილოსანმა.

“ეს რუსეთის დაწესებული სანქციები იყო, თავისითვე დააწესეს და თვითონვე მოხსნეს[…] მე ყველაფერს მივესალმები, რაც ქართველ მოსახლეობას გაუუმჯობესებს და გაუმარტივებს ცხოვრებას, მათ შორის იმას, რომ არაერთი ქართველი შეძლებს, ნაკლები ხარჯით და უპრობლემოდ წავიდეს თავისი ნათესავების სანახავად”, — უთხრა ქარუმიძემ ჟურნალისტებს.

პუტინის დღევანდელ განკარგულებას გამოეხმაურა ირაკლი ზარქუაც. ის დადებითად აფასებს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია დღემდე სჯიდა საქართველოს მოსახლეობას სავიზო რეჟიმითა და პირდაპირი ფრენების აკრძალვით:

“[რუსეთი] დღემდე სჯიდა, მათ შორის, ჩვენს მოქალაქეებს. დაახლოებით მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ თავიანთი ოჯახებითა და ახლობლებით აქ ჩამოსვლა ხან ერევნის, ხან აზერბაიჯანის, ხან თურქეთის გავლით უწევთ. გარდა იმისა, რომ ეს მათთვის დისკომფორტია, პირდაპირ ხარჯებთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ის, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, ძალიან კარგია ჩვენი მოქალაქეებისთვის”, — თქვა ზარქუამ


ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა. აგრეთვე, გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენები რუსეთმა 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დაჯდომამ პროტესტი გამოიწვია.

ბოლო დროს რუსული მხარე აქტიურად საუბრობდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე. მმართველ პარტიაში მოვლენათა ასეთ განვითარებას მიესალმებოდნენ, თუმცა წინააღმდეგი იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი