ახალი ამბები

ფალავანდიშვილი: მიწოლის თემა მოიხსნება იმიტომ, რომ გუშინ ვერ გავარღვიეთ

9 ნოემბერი, 2019 • 2696
ფალავანდიშვილი: მიწოლის თემა მოიხსნება იმიტომ, რომ გუშინ ვერ გავარღვიეთ

ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ დღესაც შეიკრიბებიან კინო “ამირანთან”, რათა გააპროტესტონ ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” – ჩვენება.

თუმცა, როგორც ფალავანდიშვილი ამბობს, დღეს “მიწოლა” არ იქნება.

“გუშინდელს მერე ვიშუშებთ ჭრილობებს ფიზიკურადაც და მორალურადაც. ჩემი აზრით, მიწოლის თემა მოიხსნება იმიტომ, რომ გუშინ ვერ გავარღვიეთ. რა თქმა უნდა, გარღვევა ყოველთვის შეუძლია ხალხს, მაგრამ ჩვენ არ ვიკადრეთ, რომ როგორც რუსთაველზე კომბლები გამოვიყენეთ, ჯოხები გამოგვეყენებინა”, – უთხრა ფალავანდიშვილმა ვერის ბაღში შეკრებილ ჟურნალისტებს.

დღევანდელი სენასი “ამირანში” 19:30 საათზე დაიწყება და ფილმის მოწინააღდმეგე ულტრანაციონალისტები სწორედ ამ დროისთის გეგმავენ კინოთეატრთან აქციის გამართვას, სადაც ათეულობით პოლიციელია მობილიზებული. პოლიცია არის საქართველოს სხვა კინოთეატრებთანაც, სადაც გუშინდელს მსგავსად უნდა გაიმართოს ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” – ჩვენება.


8 ნოემბერს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვებთ” პრემიერასთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ადგილას და ბათუმში აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” იყო, სადაც ჰომოფობიური, ულტრანაციონალისტური ჯგუფების წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. მათ სურდათ ფილმის ჩვენების ჩაშლა. 8 ნოემბერს გამართული აქციების დროს 10-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება, აქედან ერთს – სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. ოფიციალური მონაცემებით, თბილისსა და ბათუმში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობსი და ხულიგნობის მუხლებით სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 – ბათუმში. ლევან ვასაძე აქციებსა და სეანსების ჩაშლის მცდელობებს დღესაც აანონსებს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი