ახალი ამბები

“როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ არ დაიცავს პრაიდს, გამიხარდა” — ფალავანდიშვილი

16 ივლისი, 2021 •
“როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ არ დაიცავს პრაიდს, გამიხარდა” — ფალავანდიშვილი

5 ივლისის ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ გაუხარდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, არ დაიცავდა “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ ღონისძიებას.

პოლიციაში გამოკითხვიდან გამოსულ ფალავანდიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შეაგულიანა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის 5 ივლისის განცხადებამ.

“როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ არ დაიცავს თბილისი პრაიდს არცერთ ლოკაციაზე ღია მცდელობას, მე გამიხარდა. რა თქმა უნდა, მერჩივნა, ეთქვა, რომ კი არ დავიცავ, დავაპატიმრებ იმიტომ, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას. მაგრამ გამიხარდა იმიტომ, რომ მან ხალხი შეიცოდა, რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი და არ მომხდარიყო ექსცესები. ხალხზე იზრუნა და ვიღაც სატანისტი ლგბტ ამერიკელების თუ ევროპელების თუ ვინც გინდა იყოს, თუ გინდა, კრემლი, ვიღაცის დაძალებული რაღაც არ გააკეთა”, — თქვა ფალავანდიშვილმა.

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი იყო “ღირსების მარში”, რომელსაც ლგბტქი ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” გეგმავდა. საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა, სანამ ღონისძიება დაიწყებოდა, მასობრივად იძალადეს ჟურნალისტებზე, რა დროსაც დაშავდა ან მუშაობაში ხელი შეეშალა 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ფოტოგრაფსა და ტელეოპერატორს. ამ დღეს სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი მისი გარდაცვალების უშალო მიზეზი. ჟურნალისტებზე ძალადობის, “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისებში შეჭრის ბრალდებით ამ დრომდე მხოლოდ 23 ადამიანია დაკავებული, რომელთა შორის არ არიან მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები.

შსს-მ მხოლოდ დღეს, 16 ივლისს დაიბარა გამოკითხვაზე მედიასაშუალება “ალტ-ინფოს” ყველა წევრი. სწორედ ამ ტელეარხის ეთერიდან ისმოდა ძალადობრივი მოწოდებები, ასევე, ამ არხის ტელესახეები უშუალოდ იყვნენ ჩართულები 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი