ახალი ამბები

ლიეტუვის საელჩოსთან მამა-შვილი ფალავანდიშვილები დააკავეს

9 ივნისი, 2022 • 1305
ლიეტუვის საელჩოსთან მამა-შვილი ფალავანდიშვილები დააკავეს

ლიეტუვის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე 4 პირი, მათ შორის, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

თბილისში, ლიეტუვის საელჩოსთან, ჰომოფობიური აქცია იმართებოდა გურამ ფალავანდიშვილის ორგანიზაციის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და დავით ლორთქიფანიძის არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობის“ ორგანიზებით. აქციის მონაწილეები ლიეტუვის ელჩის განცხადებას აპროტესტებდნენ და ანდრიუს კალინდრას ქვეყნიდან გაძევებას ითხოვდნენ.

მსგავსი ჰომოფობიური შინაარსის აქცია ამავე ორგანიზაციებმა რამდენიმე დღის წინ თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობასთანაც გამართეს. ისინი მოითხოვდნენ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ელჩების ქვეყნიდან გაძევებას. მაშინაც აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილი დააკავა, რომელიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

სწორედ ამ აქციას გამოეხმაურა ტვიტერზე ლიეტუვის ელჩი საქართველოში, რომელმაც დაგმო მისი კოლეგების შეურაცხყოფა:

„მინდა გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და დავგმო აშკარა შეურაცხყოფა საქართველოში დიპლომატიური კორპუსის ჩემი კოლეგა წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ საკუთარ ქვეყნებს საქართველოში და ძალ-ღონეს არ იშურებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – წერდა ტვიტერზე ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გარკვევას, თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რომელი მუხლით არიან დაკავებული ლიეტუვის საელჩოსთან მიმდინარე აქციის მონაწილე პირები.

მასალების გადაბეჭდვის წესი