ახალი ამბები

5 ივლისის აქციის ლიდერების ნაწილი პოლიციაში ადვოკატის გარეშე მივიდა

16 ივლისი, 2021 • 973
5 ივლისის აქციის ლიდერების ნაწილი პოლიციაში ადვოკატის გარეშე მივიდა

პოლიციაში მისულ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ლიდერების ნაწილს დღევანდელ გამოკითხვებზე ადვოკატები არ ახლდათ, მათ შორის, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებს და კონსტანტინე მორგოშიას.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დილით მათ სახლებში პოლიციამ ჩხრეკები ჩაატარა, გამოკითხვაზე მისულთა ნაწილმა საჭიროდ არ ჩათვალა, გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მისულიყო.

“არაფერი მაქვს ისეთი, რაზეც ადვოკატი დამჭირდებოდა, თორემ ადვოკატი მყავს და პრობლემა არ იქნებოდა… მაგრამ არ არის საჭირო, რადგან არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის”, – განაცხადა მორგოშიამ.

მისი თქმით, ამ დრომდე ორჯერ დაიკითხა 5 ივლისის საქმეზე და არცერთ შემთხვევაში არ ახლდა ადვოკატი.

აღსანიშნავია, რომ პოლიციის შენობა დღეს ისე დატოვა “ალტ-ინფოს” მეორე დამაარსებელმა, ზურაბ მახარაძემ, რომ თან არავინ ახლდა. თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, იმყოფებოდა თუ არა პოლიციის შენობაში ადვოკატთან ერთად, ჯერ უცნობია.

გურამ ფალავანდიშვილმა “ნეტგაზეთს” მხოლოდ ის უთხრა, რომ არც მას და არც მის შვილს, ალექსანდრე ფალავანდიშვილს არ ახლდათ ადვოკატები.

“ქართული მისიის” დამფუძნებებელმა, რევაზ გაგნიძემ კი განცხადა, რომ დღეს ახლდა ადვოკატი, თუმცა, მორგოშიას მსგავსად, 5 ივლისის საქმეზე პოლიციამ ადრეც გამოკითხა, რა დროსაც არ ახლდა ადვოკატი.

“გუშინწინ არ მახლდა ადვოკატი, დღესაც უბრალოდ ჩემი მეგობარია და გამომყვა, მაინც საქმიდან გამომდიანრე, რადგან სახლი გამიჩხრიკეს დილას”, – განაცხადა გაგნიძემ.

დღევანდელ დაკითხვაზე ადვოკატი ახლდა დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს. ნიკოლოზ მჟავანაძის განმარტებით, მას სპირიდონთან მეგობრობაც აკავშირებს, რის გამოც გადაწყდა, რომ დაკითხვაზე დეკანოზთან ერთად ყოფილიყო.

დღეს დილიდან პოლიციამ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის რამდენიმე ლიდერის სახლი გაჩხრიკა, რის შემდეგაც ისინი პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი