ახალი ამბები

იტალიის სკოლებში კლიმატის ცვლილებების შესწავლა სავალდებულო ხდება

7 ნოემბერი, 2019 • 1143
იტალიის სკოლებში კლიმატის ცვლილებების შესწავლა სავალდებულო ხდება

მომდევნო სასწავლო წლიდან იტალიის საჯარო სკოლების ყოველი კლასის მოსწავლეები ვალდებულები იქნებიან, კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება შეისწავლონ.

იტალიის განათლების მინისტრმა ლორენცო ფიორამონტიმ განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღებას წელიწადში 33 საათი დაეთმობა. ამ საკითხებს უკვე არსებული, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე შეისწავლიან. „მომავალი მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ კლიმატის საგანგაშო მდგომარეობისთვის“, — განაცხადა ფიორამონტიმ.

მისი თქმითვე, მდგრადი განვითარების საკითხებს შეისწავლიან ისეთ ტრადიციულ საგნებში, როგორიცაა გეოგრაფია, მათემატიკა და ფიზიკა. მინისტრის თანახმად, მთელი სამინისტრო „შეიცვლება, რათა მდგრადი განვითარება და კლიმატი საგანმანათლებლო მოდელის ცენტრში გადმოვიდეს“.

„მსურს, რომ იტალიის საგანმანათლებლო სისტემა გახდეს პირველი საგანმანათლებლო სისტემა მსოფლიოში, რომელიც გარემოსა და საზოგადოებას იმ ყველაფრის ცენტრში აყენებს, რასაც სკოლაში ვსწავლობთ“, — ამბობს იგი.

მინისტრი ფიორამონტი არის „ხუთი ვარკსვლავის მოძროაბის“ (M5S-ის) წევრი, — პარტიისა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მინისტრად დანიშვნის შემდეგ ფიორამონტის ხშირად აკრიტიკებენ მოწინააღმდეგეები მემარჯვენე ფლანგიდან, რადგან მხარს უჭერს მოსწავლეთა გაფიცვას კლიმატისთვის, ასევე, გაზრდილ გადასახადებს პლატსმასზე და შაქრის შემცველ სასმელებზე.

რა იგულისხმება კლიმატის ცვლილებაში?

ოქსფორდის ლექსიკონი “კლიმატის ცვლილების” ასეთ დეფინიციას გვთავაზობს: „ცვლილებები დედამიწის ამინდში, მათ შორის ტემპერატურის, ქარის ბუნების და ნალექის რაოდენობის ცვლილება, განსაკუთრებით კი, დედამიწის ატმოსფეროში ტემპერატურის ზრდა, რომელიც გამოწვეულია კონკრეტული გაზების მიერ, განსაკუთრებით- ნახშიროჟანგით“. 

ვინაა დამნაშავე კლიმატის ცვლილებაში?

ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს, “NASA-ს” მონაცემებით, კლიმატის ცვლილება ბუნებრივი პროცესია, თუმცა არსებული ტრენდი საყურადღებოა იმიტომ, რომ ძალიან დიდი ალბათობით (95%-ზე მეტი) ის გამოწვეულია ადამიანთა აქტივობით, დაწყებული მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან.  

პროცესი მარტივია: მზის მიერ მოცემული სითბოს ნაწილი დედამიწაზე რჩება, ხოლო ნაწილი პლანეტას ტოვებს.

ატმოსფეროში გაფრქვეული გარკვეული კატეგორიის გაზები ხელს უშლიან დედამიწის ზედაპირიდან ატმოსფეროში სითბოს გასვლას და აბრკოლებენ მის გაგრილებას. ატმოსფეროში არსებული ზოგიერთი გაზი (მეთანი, ნახშირბადის ორჟანგი, აზოტის ოქსიდი, წყლის ორთქლი) უდიდეს როლს თამაშობს „სათბურის ეფექტის“ შექმნაში. იმ კატეგორიის გაზები, რომლებიც ატმოსფეროში დიდხანს, თითქმის მუდმივად რჩებიან და ტემპერატურის ცვლილებაზე არც ფიზიკურად რეაგირებენ და არც ქიმიურად, უწოდებენ კლიმატის ცვლილების “დამაჩქარებელ” გაზებს. ხოლო ისეთ გაზებს (მაგალითად, წყლის ორთქლს), რომლებიც ფიზიკურად და ქიმიურად რეაგირებენ ტემპერატურის ცვლილებაზე, უწოდებენ “უკუკავშირის” გაზებს.

ნახეთ ასევე:

რამდენად რეალურია კლიმატის ცვლილება

მასალების გადაბეჭდვის წესი