ახალი ამბები

რამდენად რეალურია კლიმატის ცვლილება

14 ოქტომბერი, 2019 • 3178
რამდენად რეალურია კლიმატის ცვლილება

გაეროში შვედი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული საკითხები. საინტერესოა, რას წარმოადგენს მოვლენა, რომელსაც ბევრი ადამიანი უდიდეს საფრთხედ მიიჩნევს.

რა იგულისხმება კლიმატის ცვლილებაში?

ოქსფორდის ლექსიკონი “კლიმატის ცვლილების” ასეთ დეფინიციას გვთავაზობს: „ცვლილებები დედამიწის ამინდში, მათ შორის ტემპერატურის, ქარის ბუნების და ნალექის რაოდენობის ცვლილება, განსაკუთრებით კი დედამიწის ატმოსფეროში ტემპერატურის ზრდა, რომელიც გამოწვეულია კონკრეტული გაზების მიერ, განსაკუთრებით- ნახშიროჟანგით“. 

ვინაა დამნაშავე კლიმატის ცვლილებაში?

ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს, “NASA-ს” მონაცემებით, კლიმატის ცვლილება ბუნებრივი პროცესია, თუმცა არსებული ტრენდი საყურადღებოა იმიტომ, რომ ძალიან დიდი ალბათობით (95%-ზე მეტი) ის გამოწვეულია ადამიანთა აქტივობით, დაწყებული მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან.  

პროცესი მარტივია: მზის მიერ მოცემული სითბოს ნაწილი დედამიწაზე რჩება, ხოლო ნაწილი პლანეტას ტოვებს.

ატმოსფეროში გაფრქვეული გარკვეული კატეგორიის გაზები ხელს უშლიან დედამიწის ზედაპირიდან ატმოსფეროში სითბოს გასვლას და აბრკოლებენ მის გაგრილებას. ატმოსფეროში არსებული ზოგიერთი გაზი (მეთანი, ნახშირბადის ორჟანგი, აზოტის ოქსიდი, წყლის ორთქლი) უდიდეს როლს თამაშობს „სათბურის ეფექტის“ შექმნაში. იმ კატეგორიის გაზები, რომლებიც ატმოსფეროში დიდხანს, თითქმის მუდმივად რჩებიან და ტემპერატურის ცვლილებაზე არც ფიზიკურად რეაგირებენ და არც ქიმიურად, უწოდებენ კლიმატის ცვლილების “დამაჩქარებელ” გაზებს. ხოლო ისეთ გაზებს (მაგალითად, წყლის ორთქლს), რომლებიც ფიზიკურად დაა ქიმიურად რეაგირებენ ტემპერატურის ცვლილებაზე, უწოდებენ “უკუკავშირის” გაზებს.

კლიმატის ცვლილების რა მტკიცებულება არსებობს?

„NASA“ თემატურ ვებ-გვერდზე შემდეგ მტკიცებულებებს წარადგენს:

უპირველეს ყოვლისა, ეს არის საშუალო ტემპერატურის მატება – მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან ტემპერატურა ხმელეთზე საშუალოდ 0.9 გრადუსით გაიზარდა. ზრდის ძირითადი წილი ბოლო 35 წელიწადზე მოდის, ხოლო 2010 წლის შემდეგ (ტემპერატურის აღრიცხვის ისტორიაში) ხუთი ყველაზე თბილი წელიწადი იყო.

„NASA“-ს მონაცემებით, კიდევ ერთი მტკიცებულება არის 1969 წლიდან ოკეანეების ზედა 700 მეტრში ტემპერატურის 0.4 გრადუსით ზრდა.

აღსანიშნავია ყინულოვანი საფარის შემცირებაც – ბოლო მონაცემების თანახმად, 1993-2016 წლებში გრენლანდიის ყინულოვანი მასა წელიწადში საშუალოდ 286 მილიარდი ტონით მცირდება, ხოლო არქტიკის დანაკარგი 127 მილიარდი ტონაა.

კოსმოსურ სააგენტოს აგრეთვე მოჰყავს მწვერვალებზე ყინულის დნობა და ზოგადად თოვლის საფარის შემცირება.

დაბოლოს, ზღვის დონე წინა საუკუნეში 20.32 მეტრით გაიზარდა, ხოლო ზრდის ტემპი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბევრად უფრო დიდია და მომავალში არათუ კლება, არამედ მატებაა მოსალოდნელი.  

რას ფიქრობენ მსოფლიო ლიდერები?

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო თავის გამოსვლებში არაერთხელ იმეორებს, რომ „კლიმატის ცვლილება ეგზისტენციალური საფრთხეა“, ხოლო მისი ლიბერალური პარტიის პლატფორმის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი „კლიმატის ცვლილებასთან რეალური ბრძოლაა“.  კლიმატის ცვლილებას „მომავალი თაობებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე“ უწოდა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. კოლეგებთან სოლიდარულია გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მსგავსი პოზიცია აქვს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც.

გაურკვეველი პოზიცია აქვს შტატების ამჟამინდელ უმაღლეს მთავარსარდალს, დონალდ ტრამპს – „გლობალური დათბობის კონცეფცია შეიქმნა ჩინელების მიერ, მათივე სარგებლისთვის, აშშ-ის მრეწველობის ეფექტიანობის შესამცირებლად“ – დაწერა ტრამპმა „Twitter“-ში.  გარდა ამისა, ტრამპმა კლიმატის ცვლილებას „ტყუილი“, „ტოტალური ტყუილი“, „ძვირი ტყუილი“, „ტოტალური და ძალიან ძვირი ტყუილი“ და „ძალიან ძვირი… ყ–ობა“ უწოდა, თუმცა ახლანდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოზიცია შეიცვალა და აღარ ჰგონია, რომ კლიმატის ცვლილება ტყუილია – „ვფიქრობ, რაღაც ხდება, რაღაც იცვლება და მერეც შეიცვლება. არ ვფიქრობ, რომ ტყუილია. ალბათ, არის რაღაც განსხვავება, ოღონდ არ ვიცი, [კლიმატის ცვლილება] ადამიანების ბრალია თუ არა“.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კლიმატის ცვლილებას?

„მთლიანობაში, გამოქვეყნებული მტკიცებულება ცხადყოფს, რომ კლიმატის ცვლილების მთლიანი ზარალი, დიდი ალბათობით, უზარმაზარი იქნება და დროის განმავლობაში, მხოლოდ გაიზრდება“ ,– მიიჩნევენ კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის კომისიაში.

თუკი კვლავ “NASA-ს” მივმართავთ, შეერთებულ შტატებში შედეგები ასეთი იქნება:

  1. გაგრძელდება ტემპერატურის ზრდა;
  2. წლის უყინვო და მოსავლის აღების მონაკვეთი გაიზრდება;
  3. შეიცვლება ატმოსფერული ნალექების ბუნება;
  4. მეტი გვალვა და მაღალტემპერატურიანი დღეები;
  5. უფრო ძლიერი და ხშირი ქარიშხლები;
  6. 2100 წლისთვის ზღვის დონე 30-120 სანტიმეტრით გაიზრდება;
  7. გაქრება ყინული არქტიკის ოკეანეში.

რა სიტუაციაა კლიმატის ცვლილების მხრივ საქართველოში?

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, გაერომ საქართველოში მომხდარი ცვლილებები ორ პერიოდად, 1955-70 და 1990-2005 წლებად დაყო. „დასავლეთ საქართველოში პირველიდან მეორე პერიოდამდე საშუალო ტემპერატურამ მოიმატა 0.2 გრადუსით, ხოლო ნალექთა წლიური ჯამი შემცირდა 27მმ-ით; აღმოსავლეთ საქართველოში საშუალო წლიური ტემპერატურა გაიზარდა 0.3 გრადუსით, ხოლო ნალექთა წლიური ჯამი გაიზარდა 41მმ-ით“ ,– იტყობინება ცენტრი.

„კუნძულის ეფექტის“ (მაღალი ტემპერატურის პირობებში ასფალტისა და შენობების მიერ სითბოს შთანთქმა და შედეგად, მზის ჩასვლის შემდეგაც მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება) გამო საყურადღებოა სიტუაცია თბილისშიც.

რა შეიძლება გაკეთდეს სიტუაციის გამოსასწორებლად?

„BBC“ წერს, რომ უმთავრესი ამოცანაა ნამარხი საწვავის გამოყენების მაქსიმალურად შემცირება. გარდა ამისა, ბრიტანულ გამოცემაში მიიჩნევენ, რომ ცალკეულ ადამიანს ყველაზე დიდი სარგებლის მოტანა ავტომანქანის გამოყენებაზე უარის თქმით და ალტერნატიული ენერგიის გამოყენებით შეუძლია.

“NASA”-ც პრობლემის მოგვარების მსგავს გზას გვთავაზობს: „სათბური ეფექტის“ შემქმნელი გაზების ატმოსფეროში მოხვედრის შემცირებასა და უკვე არსებული გაზების სტაბილიზაციას და კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეულ ცვლილებებთან ადაპტაციას. 

გაზების ატმოსფეროში მოხვედრის მინიმიზირებისთვის NASA-შიც აუცილებლად მიირჩევენ ნამარხი საწვავის გამოყენების შემცირებას, ხოლო რაც შეეხება ადაპტაციას, სააგენტოში გულისხმობენ შესაძლო დამაზიანებელი ეფექტებისგან თავდაცვას და კლიმატის ცვლილების ყველანაირი სარგებლის (მაგალითად, მოსავლის სეზონის ზრდა) მაქსიმალურად გამოყენებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი