ახალი ამბები

უდესიანს ახალი ბრალი წაუყენეს – ჯგუფური გამოძალვა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა

4 ნოემბერი, 2019 • 1974
უდესიანს ახალი ბრალი წაუყენეს – ჯგუფური გამოძალვა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გია უდესიანს ახალი ბრალდება წაუყენა — უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების ჯგუფურად გამოძალვა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება. მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა მოქალაქე ზ.გ-ს, თუმცა, მხოლოდ ჯგუფურად გამოძალვის ნაწილში.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 2009 წლის ნოემბერში მომხდარს. უწყების თანახმადვე, უდესიანის ორგანიზებით რუსთაველზე, ერთ-ერთი აფთიაქიდან გაიტაცეს ბიზნესმენი ემზარ ლიპარტელიანი, მანქანით გადაიყვანეს „ზაჰესის“ საბაჟოში, სადაც უდესიანმა და მეორე ბრალდებულმა, ზ.გ-მ, იარაღის მუქარით, შსს-ს მაღალჩინოსნის თანდასწრებით, ქონება და წილები დაათმობინეს.

პროკურატურა აცხადებს, რომ უშუალოდ შემსრულებლების, ანუ გამტაცებლების ვინაობა დღემდე დაუდგენელია.

გია უდესიანზე ძებნაა გამოცხადებული 2016 წლის შემდეგ (მას „კუს ტბის“ საქმეზეც აქვს ბრალდება — ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანის წამების ორგანიზება ციხეში კომპანია „კუს ტბის“ წილების იძულებით დათმობის მიზნით). იგი საქართველოში არ იმყოფება და ბრალდება მის ადვოკატს წარედგინება; ბრალდება წარედგინა ზ.გ-საც.


პროკურატურის განცხადება:

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 9 ნოემბერს, გ.უ-ს ორგანიზებით, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა ბიზნესმენი ე.ლ. ძალადობის გამოყენებითა და მუქარით მოიტაცეს რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი აფთიაქიდან, იძულებით მოათავსეს იქვე მყოფ ავტომანქანაში, აღუკვეთეს თავისუფლად გადაადგილების უფლება და მისივე ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს „ზაჰესში“ მდებარე საბაჟო ტერმინალში, სადაც გ.უ. და ზ.გ. იარაღის მუქარითა და სხვა უკანონო ზემოქმედებით მოითხოვდნენ მისგან ქონების დათმობას მათთვის სასურველ პირზე გადაფორმების გზით.

დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, გ.უ-მ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პრაქტიკულად თავისუფლებააღკვეთილ ე.ლ-ს. მასვე განუცხადა, რომ იყო იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული პირი და უკან არაფერზე დაიხევდა. მუქარისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად ადგილზე მიიყვანეს შსს-ს მაღალჩინოსანი დ.ტ., წარუდგინეს შს მინისტრის მოადგილედ და მისი თანდასწრებით მოითხოვდნენ ქონების გადაფორმებას, რისთვისაც ადგილზე ასევე მიიყვანეს ნოტარიუსი.

გ.უ-ს და ზ.გ-ს დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად, ემზარ ლიპარტელიანი -მ შპს ,,ბარდნალაში’’ მისი კუთვნილი 30%-იანი წილი (ნომინალური ღირებულებით 10280 ლარი) და მის პირად საკუთრებაში არსებული, ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი,(ფართობით 3998 კვ.მ) მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით (ღირებულებით 7000 ლარი), გადააფორმა მოქალაქე მ.ც-ზე, ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია.

იმის გამო, რომ უძრავი ქონება საჯარო რეესტრში კვლავ ე.ლ-ს სახელზე იყო აღრიცხული, 2009 წლის 15 დეკემბერს კვლავ დაუკავშირდა ზ.გ. და აიძულა ერთხელ უკვე მ.ც-ზე გაყიდული უძრავი ქონების რ.ქ-ზე მიყიდვა. ე.ლ-მ ეს მოთხოვნაც შეასრულა და ამჯერად რ.ქ-ს მიჰყიდა ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი(ფართობით 3998 კვ.მ) მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით ისე, რომ, როგორც 11 ნოემბრის შემთხვევაში, თანხა არ მიუღია.

დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ზ.გ-ს უშუალოდ წარედგინება ბრალდება, ხოლო გ.უ-ს მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება გასაცნობად წარედგინება მის ადვოკატს, რადგან გ.უ. თავად იმყოფება ძებნაში. საგამოძიებო უწყება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გ.უ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 24, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზ.გ.-ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი