ახალი ამბები

უდესიანის განცხადებით, მოთხოვნა მის ექსტრადირებაზე უნგრეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა

21 ივლისი, 2017 • 3086
უდესიანის განცხადებით, მოთხოვნა მის ექსტრადირებაზე უნგრეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა

გია უდესიანის დის, ნატო უდესიანის ინფორმაციით, 20 ივლისს უნგრეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა გია უდესიანის ექსტრადირებასთან დაკავშირებით. იგიგე დაადასტურა თავად გია უდესიანმა “კურიერთან” საუბრისას.

ნეტგაზეთს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მათ მსგავსი ინფორმაცია არ მიუღიათ.

ნატო უდესიანის განცხადებით, ექსტრადირებაზე უარის თქმის შესახებ ბუდაპეშტის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

გია უდესიანს ბესიკ ხარძიანისთვის კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით ციხეში წამების ორგანიზება ედება ბრალად. ამჟამად გია უდესიანი საქართველოში არ იმყოფება, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.


გია უდესიანის სისხლის სამართლებრივი დევნა 2016 წლის მაისში დაიწყო. პროკურატურა აცხადებს, რომ 2011 წელს, როდესაც ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ბესიკ ხარძიანი გლდანის ციხეში იმყოფებოდა, უდესიანი დაუკავშირდა ციხის მაშინდელ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს და დაავალა, რომ ხარძიანს იძულებით დაეთმო მისი და ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ბიზნესწილები. საუბარია წილებზე “კუს ტბა კალასა” და “კუს ტბა კალასში”. პროკურატურის განცხადების თანახმად, ხარძიანს ეს წილები წამებითა და იძულებით დაათმობინეს.

გია უდესიანმა ბრალის წაყენება შეაფასა პოლიტიკურ დევნად და განაცხადა, რომ ეს უკავშირდებოდა მის სურვილს, მოსულიყო პოლიტიკაში და მონაწილეობა მიეღო არჩევნებში.

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს მოკლეს. 2015 წლის 21 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ხარძიანი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებმა, ოლეკსანდრ დამეტოვმა და ოლეგ დოევმა შეკვეთით მოკლეს, შემდეგ კი საქართველო დატოვეს. პროკურატურას არაფერი უთქვამს მკვლელობის შემკვეთებთან დაკავშირებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი