ახალი ამბებისამართალი

გია უდესიანის ადვოკატები პროკურატურას მოწმეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

6 თებერვალი, 2017 • 35984
გია უდესიანის ადვოკატები პროკურატურას მოწმეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

ბესიკ ხარძიანის საქმეზე ბრალდებულ გია უდესიანის ადვოკატები აცხადებენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ იმისთვის, რომ გია უდესიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნოს.

გია უდესიანს ბესიკ ხარძიანისთვის კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით ციხეში წამების ორგანიზება ედება ბრალად. ამჟამად გია უდესიანი საქართველოში არ იმყოფება, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს.

“ყველა სტრუქტურა, ეს იქნება პროკურატურა, სასამართლო, მოქმედებს შეთანხმებულად, რომ მართლმსაჯულება არ განხორციელდეს ამ საქმეზე და გია უდესიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდეს,”- ამბობს გია უდესიანის ადვოკატი შოთა კახიძე.

გია უდესიანის ადვოკატები: ბექა ბასილაია და შოთა კახიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 06.02.2017

გია უდესიანის ადვოკატები: ბექა ბასილაია და შოთა კახიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 06.02.2017

კერძოდ, გია უდესიანის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, პროკურატურამ გამოსაკითხად დაიბარა ბესიკ ხარძიანის შვილზი, ანა ხარძიანი. ადვოკატების ცნობით, ანა ხარძიანი დაცვის მხარის მოწმე იყო, თუმცა სასამართლომ უფლება მისცა პროკურატურას, რომ მოწმეთა საკუთარ სიაში შეეყვანა. ბასილაია ამბობს, რომ ანა ხარძიანი პროკურატურაში დაიბარეს და სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრნენ.

“პირდაპირ ემუქრებიან, სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველზე აძლევენ განმარტებებს, მუქარებს, რომ დაცვის მხარეს გამოკითხვის ოქმში რა ინფორმაციაც გააცნო, თქვას, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა,”- განაცხადა მან.

ნეტგაზეთმა იმის გადასამოწმებლად, მართლაც დაიბარეს თუ არა ანა ხარძიანი პროკურატურაში, მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს მიმართა. მათ ამ დრომდე ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.

ადვოკატებს პრეტენზია სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან აქვთ. მათი თქმით, ექსპერტიზის ბიუროში ავთენტურობის დასადასტურებლად და ტიტრების დასადებად მიიტანეს გია უდესიანის ოფისში გაკეთებული ჩანაწერები. ეს ჩანაწერები, ადვოკატების განცხადებით, გაკეთებულია ბესიკ ხარძიანის პატიმრობის პერიოდში და ამყარებს დაცვის მხარის პოზიციებს:

“ამ ჩანაწერებში მკაფიოდ ჩანს, რომ მაია ხარძიანი (ბესიკ ხარძიანის და) თუ ბესიკ ხარძიანის წარმომადგენელი სხვა პირები გია უდესიანს უხდიან მადლობას, ებოდიშებიან და სთხოვენ დახმარებას კუს ტბის წილების რეალიზაციასთან დაკავშირებით, ბესარიონ ხარძიანთან დაკავშირებით… ასევე ჩანს, რომ გია უდესიანს არ აქვს ინტერესი კუს ტბასთან დაკავშირებით,”-  განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ბასილაიას თქმით, სამხარაულის ბიურომ ამ ჩანაწერებს ტიტრები დაადო, თუმცა ავთენტურობის შესახებ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა. ადვოკატი ამბობს, რომ 7 თვის განმავლობაში  სამხარაულის ბიურო დასკვნის გაცემაზე უარს ეუბნებოდა მაშინ, როდესაც ხელშეკრულების თანახმად, დასკვნა 30 დღეში უნდა გაეცათ.

“ცამეტი სხვადასხვა ჩანაწერი წარვუდგინეთ და ვუთხარით, რომ თითოეულ ჩანაწერზე დაადასტურე ავთენტურობა. ასეთი რამ გვითხრა, რომ ჩანაწერები წყვეტებით იყო დამზადებული. ცამეტივე რომ ერთიანი არ არის, ჩვენც ვიცით. ჩვენ ვეუბნებით, რომ [თითოეულ ჩანაწერზე] ინდივიდუალურად გვითხარით, ავთენტურია თუ არა ,”- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ექსპერტიზის ბიუროს, სადაც განგვიცხადეს, რომ ადვოკატის მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმულ შეკითხვას სრულად გასცეს პასუხი.

რაც შეეხება დაყოვნებას, ბიუროში განაცხადეს, რომ აუდიოჩანაწერების მიმართულებით ერთი სპეციალისტი ჰყავთ, მაშინ, როდესაც ბევრი ექსპერტიზა არის დანიშნული. ამიტომ, მათი განმარტებით, ექსპერტიზების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 30 სამუშაო დღის ვადაში ვერ ხერხდება.

კიდევ ერთი საკითხი, რის შესახებაც ბექა ბასილაია საუბრობს, არის ის, რომ პროკურატურის ბრალი მთლიანად ირიბ ჩვენებებზეა აგებული, საკონსტიტუციო სასამართლოს კი არაკონსტიტუციურად აქვს ცნობილი ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

“ორივე ბრალი ეყრდნობა ირიბ ჩვენებებს და არავითარი პირდაპირი მტკიცებულება აქ არ არის, გია უდესიანის წინააღმდეგ არ არსებობს და ის ირიბი ჩვენებები მიცემული აქვთ დაინტერესებულ პირებს. ანუ, ეკონომიკურად დაინტერესებულ პირებს, ამ შემთხვევაში, ოჯახის წევრებს, ვისაც უნდათ, კუს ტბის წილები მიიღონ და ფული იშოვონ,”- ამბობს ბექა ბასილაია.


გია უდესიანის სისხლის სამართლებრივი დევნა 2016 წლის მაისში დაიწყო. პროკურატურა აცხადებს, რომ 2011 წელს, როდესაც ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ბესიკ ხარძიანი გლდანის ციხეში იმყოფებოდა, უდესიანი დაუკავშირდა ციხის მაშინდელ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს და დაავალა, რომ ხარძიანს იძულებით დაეთმო მისი და ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ბიზნესწილები. საუბარია წილებზე, “კუს ტბა კალასა” და “კუს ტბა კალასში”. პროკურატურის განცხადების თანახმად, ხარძიანს ეს წილები წამებითა და იძულებით დაათმობინეს.

გია უდესიანმა ბრალის წაყენება შეაფასა პოლიტიკურ დევნად და განაცხადა, რომ ეს უკავშირდებოდა მის სურვილს, მოსულიყო პოლიტიკაში და მონაწილეობა მიეღო არჩევნებში.

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს მოკლეს. 2015 წლის 21 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ხარძიანი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებმა, ოლეკსანდრ დამეტოვმა და ოლეგ დოევმა შეკვეთით მოკლეს, შემდეგ კი საქართველო დატოვეს. პროკურატურას არაფერი უთქვამს მკვლელობის შემკვეთებთან დაკავშირებით.

მკვლელობაში გია უდესიანს ადანაშაულებს ოჯახის წევრების ნაწილი, ასევე, ხარძიანის მეგობარი ჟურნალისტი ირაკლი კორძაია. თუმცა პროკურატურას ამასთან დაკავშირებით ხარძიანისთვის ბრალი არ წაუყენებია. რაც შეეხება ოჯახის წევრების მეორე ნაწილს (ხარძიანის შვილებს პირველი ქორწინებიდან, მიხეილ და ანა ხარძიანებს), ისინი ამბობენ, რომ გია უდესიანი არაფერ  შუაშია და მკვლელობა ხარძიანის ცოლმა, ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი