ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი დემოკრატიზაციის გზაზე – გაკვეთილები საქართველოსთვის

28 ოქტომბერი, 2019 • 3558
სომხეთი დემოკრატიზაციის გზაზე – გაკვეთილები საქართველოსთვის

ავტორი: გიორგი ცხადაია, პოლიტოლოგი


2018 წელს სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუცია ჯერჯერობით ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე რეალური ნიშანია. ამ  დემოკრატიზაციის ფონზე, სომხეთისა და მისი მთავარი ავტორიტარული მოკავშირის – რუსეთის ურთიერთობების შესწავლა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება. ქვემოთ სწორედ ამ ურთიერთობების ბუნებაზე ვისაუბრებ და განვიხილავ იმას, თუ რა გაკვეთილი შეიძლება გამოიტანოს საქართველომ სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობიდან.

პირველ რიგში, მკითხველს მოკლედ შევახსენებ, რა მოხდა სომხეთში. 2015 წელს რეფერენდუმის გზით კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანა საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო სისტემაზე გადავიდა. აღნიშნულმა რეფერენდუმმა დარღვევების ფონზე ჩაიარა; გაჩნდა ეჭვი, რომ ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგისიანი ამ გზით ცდილობდა ძალაუფლებაში დარჩენას, ამჯერად პრემიერ-მინისტრის ამპლუაში. ამ ეჭვის გასაქარწყლებლად,  რეფერენდუმის წინ სარგისიანმა დადო პირობა, რომ პრემიერ-მინისტრად დაბრუნებას არ აპირებდა. 

იქამდე, 2008 წელს, სარგისიანის პრეზიდენტად არჩევას ქვეყანაში მასობრივი არეულობები მოჰყვა, რის შედეგადაც ათი ადამიანი  – რვა მომიტინგე და ორი პოლიციელი დაიღუპა. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა სომხეთში მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩაიარა. მასობრივი პროტესტი მოჰყვა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც, რომელშიც,  ოფიციალური ვერსიით, ისევ სერჟ სარგისიანმა გაიმარჯვა. არჩევნებში მონაწილეობაზე სარგისიანის ყველაზე ძლიერმა ოპონენტებმა (მათ შორის, სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა) უარი განაცხადეს. 

ეს წინაისტორია 2018 წლის მოვლენების გასაგებად მნიშვნელოვანია. 2018 წლის გაზაფხულზე ნათელი გახდა, რომ სარგისიანი, დაპირების მიუხედავად, მაინც დაიკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. 13 აპრილს ოპოზიციის ლიდერის  – ნიკოლ ფაშინიანის მიერ დაწყებულმა საპროტესტო მსვლელობამ ერევანს მიაღწია. 17 აპრილს, ერევანში მიმდინარე ყოველდღიური აქციების ფონზე, სარგისიანი პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. 

ამას მოჰყვა ფაშინიანის დაკავება, რამაც თავის მხრივ, საპროტესტო მუხტი გაამწვავა. საბოლოოდ, სარგისიანი გადადგა და პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ფაშინიანი აირჩია. 2018 წლის 9 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ფაშინიანის პარტიამ ხმების 70 %-ზე მეტი აიღო. ციხეში იმყოფება სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი.

დემოკრატიის გზაზე მდგარი სომხეთისთვის რუსეთთან ურთიერთობა პრობლემური გახდა. ქვემოთ მოკლედ ვისაუბრებ ამ პრობლემის თავისებურებაზე და იმაზე, თუ რატომ ვერ გადაწონა ბოლომდე ამ ფაქტორმა გეოპოლიტიკური ლოგიკა, რომელიც სომხეთს პრორუსული პოზიციის დაკავებას აიძულებს.

ე.წ. დემოკრატიული მშვიდობის თეორიის მიხედვით, დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთთან არ ომობენ იმიტომ, რომ მათი მოქალაქეები და მმართველები ერთმანეთის მიმართ კულტურულ და ღირებულებით სოლიდარობას გრძნობენ. ამავე ლოგიკით, ავტორიტარული და დემოკრატიული ქვეყნის ურთიერთობები პრობლემურია, რადგან ამ ორი ტიპის რეჟიმის მომხრეებს ერთმანეთთან ღირებულებითი შეუთავსებლობა აქვთ. ეს სომხეთის მაგალითზე კარგად გამოჩნდა. მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოქტომბერში სომხეთს ეწვია ევრაზიული კავშირის უზენაესი საბჭოს სამიტზე (ევრაზიული კავშირის უმაღლესი სუპრანაციონალური მმართველი ორგანო) დასასწრებად.

ამ ვიზიტის დროს პუტინი შეხვდა სომხეთის ექს-პრეზიდენტის მეუღლეს, ბელა კოჩარიანს. ის, რომ ეს შეხვედრა ნამდვილად შედგა, რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მდივანმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა. კოჩარიანი დაპატიმრებულია და მას ბრალად ედება 2008 წელს „კონსტიტუციური წესრიგის გადატრიალება.“ ამ კონტექსტში პუტინის შეხვედრა კოჩარიანის მეუღლესთან გარკვეული სახის სიმბოლურ მხარდაჭერას ნიშნავს. ასევე, მოვლენებისადმი პუტინის არც ისე დადებით დამოკიდებულებაზე მეტყველებს ისიც, რომ სამიტამდე სამი კვირით ადრეც კი არ იყო ცნობილი, ეწვეოდა თუ არა პუტინის ერევანს, რაც სპეკულაციებისთვის სივრცეს ტოვებდა.  

აშკარაა, რომ კრემლის დამოკიდებულება სომხეთისადმი შეიცვალა, მაგრამ ამას ჯერჯერობით სტრატეგიულ ურთიერთობაზე არ უმოქმედია. სომხეთი რუსეთის ერთადერთი დასაყრდენი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, ხოლო სომხეთისთვის კი რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აზერბაიჯანთან (და შესაძლოა თურქეთთანაც) შესაძლო ომში მისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა შეუძლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გეოპოლიტიკური ბმა ორ ქვეყანას შორის იმდენად ძლიერია, რომ რუსეთის უკმაყოფილება სომხეთში მიმდინარე პროცესებით ჯერჯერობით ფუნდამენტურად ვერ ცვლის მათი ურთიერთობის ხასიათს. 

რა გაკვეთილი შეიძლება გამოიტანოს საქართველომ სომხეთში მიმდინარე პროცესებიდან და ამ პროცესებისადმი რუსეთის დამოკიდებულებიდან? პირველი ის, რომ რუსეთი საქართველოში დემოკრატიზაციის ნებისმიერ მცდელობას უარყოფითად შეხვდება.  იმის გამო, რომ სომხეთისგან განსხვავებით, საქართველოს აზერბაიჯანთან და თურქეთთან კარგი ურთიერთობა აქვს (ისევე, როგორც თავად სომხეთთანაც), საქართველო რუსეთზე დამოკიდებული, გეოპოლიტიკური აზრით, არ არის. მას თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეუძლია ნატოსა და რუსეთს შორის. ამ არჩევანს საქართველო ნატოს სასარგებლოდ აკეთებს. კონფლიქტის კერების არსებობა რუსეთს საქართველოზე ზემოქმედების პირდაპირ ბერკეტებს აძლევს. სავარაუდოა, რომ თუ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი გაგრძელდება, რუსეთისგან ბუნებრივად გარკვეულ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ.

რატომ არის დემოკრატიზაცია საფრთხე რუსეთისთვის? პირველ რიგში, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყანასთან კორუფციული ან რამე სხვა სახის გარიგების დადება რუსეთს ბევრად გაუჭირდება, ვიდრე ავტორიტარულ ან ოლიგარქიულ ქვეყანასთან. დემოკრატიული ქვეყნის მაღალჩინოსნების მოსყიდვა ან დაშინებაც ბევრად რთულია, ვიდრე ავტორიტარული ან ოლიგარქიული ქვეყნის მაღალჩინოსნების. მაგალითად, სომხეთის ახალმა მთავრობამ დაიწყო გამოძიება რუსული სახელმწიფო კომპანიის, „რუსული რკინიგზის“ წინააღმდეგ, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედა. 

ამ კომპანიის გადასახადებისგან თავის არიდება ედება ბრალად. 10 სექტემბერს ფაშინიანმა და პუტინმა ამ საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს. ფაშინიანის თქმით, ორივე ქვეყანას სურს ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა.  რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსული კომპანიის ან რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს იგივე მნიშვნელობის დარტყმა მიადგებოდა საქართველოში? მაგალითად, ანაკლიის პორტზე ჩნდება ეჭვები, რომ ამ პროექტის ჩავარდნაში რუსეთია დაინტერესებული. ლოგიკა მარტივია: ანაკლიის პორტი საქართველოს საერთაშორისო სანტრანსპორტო დერეფანს გააძლიერებს, რაც რუსეთის ინტერესებში არ შედის. იმის გამო, რომ დემოკრატიული ქვეყნის „ელიტებზე“ ზემოქმედების მოხდენა ბევრად რთულია, ვიდრე  საქართველოსნაირ ოლიგარქიული რეჟიმის ქვეყანაზე, რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესები საქართველოს დემოკრატიზაციით ცალსახად დაზარალდება.

მეორე მიზეზი, რის გამოც რუსეთი საქართველოს დემოკრატიზაციით დაზარალდება, ის არის, რომ ამ შემთხვევაში გართულდება პრორუსული ძალების აქტიურობა ქვეყნის შიგნით. მაგალითად, ბოლო დროს, გავრილოვის ვიტიზთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობამ კრემლში განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია. ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგზე და ახალგაზრდების ბოლოდროინდელ ანტირუსულ გამოსვლებზე დიმიტრი პესკოვმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ჩვენ თქვენთან ერთად ვაკვირდებით ბოლო დღეებში რუსოფობიის სულ ახალ და ახალ შემთხვევებს და ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა იმის შედეგი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან არ სურს, ან მზად არ არის, მოთოკოს ექსტრემისტული განწყობების მქონე ახალგაზრდები. სწორედ ეს არის ის უარყოფითი შედეგი, რომელსაც ვაკვირდებით.“

გამოდის, რუსეთის ხელისუფლებას აღიზიანებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება უშვებს მინიმალურ დემოკრატიას: მაგალითად, სისხლიანი დარბევის მიუხედავად, ბოლომდე არ უშლის ახალგაზრდებს გარეთ გამოსვლას და მედიის თავისუფლების შეზღუდვას პირდაპირ ფიზიკური ძალის გამოყენებით არ ცდილობს (თუმცა ცდილობს ირიბად, როდესაც მაგალითად, რუსთავი2-ის იმ ყოფილი მეპატრონის საქმეს იძიებს, რომელიც მის მიმართ უფრო ლოიალურია და არა იმათსას, ვისგანაც მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მეტი მოლოდინია).

ამის ნიშნები გვხვდება სომხეთშიც, სადაც ახალი ხელისუფლება ისედაც ძალაუნებურად პრორუსულია – როგორც დავინახეთ, კრემლი მაინც უკმაყოფილოა რუსეთისადმი მეტად მორჩილი სარგისიანის მთავრობის გადაყენებით. 

რომ შევაჯამოთ, სომხეთში მიმდინარე პროცესები ერთგვარი ინდიკატორია იმისა, თუ როგორი უხერხულობა შეუძლია შეუქმნას დემოკრატიზაციის პროცესმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. დემოკრატია ხელს უწყობს თავისუფლებას, რაც ძალაუნებურად ავტორიტარულ რეჟიმებთან ურთიერთობას ართულებს. დღესდღეობით რუსეთი ავტორიტარიზმის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია რეგიონში და მის სტრატეგიულ ინტერესებში შედის ავტორიტარული და ოლიგარქიული რეჟიმების შენარჩუნება და გავრცელება.

საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესმა, შიდა სირთულეებთან ერთად, ეს მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური სირთულეც უნდა გაიაროს. ამის უკეთ გასააზრებლად სომხეთის გამოცდილებაზე დაკვირვებაც გამოგვადგება. ასევე, საინტერესო იქნება ისიც, თუ რა სირთულეებს წააწყდება სომხური დემოკრატიზაციის პროცესი ასეთ არასახარბიელო გარემოში, როგორიც სამხრეთ კავკასიაა. ჩვენი რეგიონის განვითარებას სწორედ საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესი განსაზღვრავს.


მასალების გადაბეჭდვის წესი