ნეტგაზეთი | არქიმანდრიტმა ფირცხალაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს — დეკანოზი თამაზ ლომიძე არქიმანდრიტმა ფირცხალაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს — დეკანოზი თამაზ ლომიძე – Netgazeti
RU | GE  

არქიმანდრიტმა ფირცხალაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს — დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც გერმანიაში მიუნხენის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს, აცხადებს, რომ არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს ანიტა რაჭველიშვილზე ნათქვამი სიტყვების გამო.

„ახლა არქიმანდრიტ ფირცხალაშვილს ერთადერთი რამ ჰმართებს: ის მაღალი ქუდი უნდა მოიხადოს, გამოვიდეს და საჯაროდ, ქრისტიანების წინაშე გულწრფელი ბოდიში მოიხადოს მღვდლისთვის ყოვლად მიუღებელი და სამარცხვინო სურვილისთვის. ასევე, პატიება უნდა სთხოვოს ადამიანს, ქალს და სახელოვან მომღერალს იმ საშინელი და მდაბიო სიტყვებისთვის. სიტყვა თუ სურვილი, რაც შეიძლება წამოსცდეს საერო ადამიანს, არ ეპატიება მღვდელს“, — დაწერა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ 25 ოქტომბერს ფეისბუკზე.

წინა დღით არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერას კრიტიკას ასე გამოეხმაურა:  „აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“. მოგვიანებით მან თქვა, რომ რაჭველიშვილი არ დაუწყევლია და ეს სიტყვები იმიტომ დაწერა, რომ მიეხვედრებინა, „რაც გააკეთა“ — „ზუსტად ისე ვუპასუხე, რომ მისთვის სიმები შემერხია, რომ მიმხვდარიყო, რაც გააკეთა“.

ფირცხალაშვილის გუშინდელი კომენტარი რაჭველიშვილის კრიტიკას მოჰყვა ბერას მისამართით, მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ამაზონის ტყის აღსადგენად 1.1 მილიონ აშშ დოლარს რიცხავს.

არქიმანდრიტმა მოგვიანებით თქვა, რომ თუ რაჭველიშვილი ბერას შესახებ პოსტის გამო ბოდიშს მოიხდის, ისიც მოიხდის ბოდიშს: „ანიტა რაჭველიშვილმა, აი, ამ პოსტის გამო უნდა ბოდიში მოიხადოს. და თუ ის მოიხდის ბოდიშს, აუცილებლად, მასაც და საზოგადოებას მე მოვუხდი ბოდიშს. ჩემი მთავარი მიზანი ეს იყო — მან ბოდიში მოიხადოს“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com