კომენტარიხელოვნება

დაბრუნება კარიერის ყველაზე მძიმე პერიოდის შემდეგ – საუბარი ანიტა რაჭველიშვილთან

29 ნოემბერი, 2023 • 10512
დაბრუნება კარიერის ყველაზე მძიმე პერიოდის შემდეგ – საუბარი ანიტა რაჭველიშვილთან

ანიტა რაჭველიშვილი თავისი თაობის გამორჩეული მეცო-სოპრანოა მსოფლიო საოპერო სამყაროში. ნამღერი აქვს ყველა მთავარ საოპერო სცენაზე. უმუშავია მუსიკალურ სამყაროში ყველაზე დიდ დირიჟორებთან და რეჟისორებთან. თითქმის ორი წლის წინ, მშობიარობიდან რამდენიმე თვეში, ანიტა რაჭველიშვილი პირადი მიზეზების გამო ეხსნებოდა სპექტაკლებიდან, ნამღერი წარმოდგენები კი მსმენელის მოლოდინებისგან სრულიად განსხვავებული იყო.

2023 წლის მაისში, კიდევ ერთი გაუქმებული სპექტაკლის შემდეგ, ანიტა რაჭველიშვილმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რაღაც დროით შეეწყვიტა სიმღერა. როგორც საუბრისას ამბობს, ბოლო ორი წელიწადი მისი თხუთმეტწლიანი კარიერის მანძილზე იყო ყველაზე გამანადგურებელი და დამანგრეველი. სწორედ მისი თხუთმეტწლიანი კარიერის დასაწყისიდან დაიწყო ჩვენი საუბარი, მივიდა მისი კარიერის ყველაზე მძიმე პერიოდამდე და კიდევ ბევრ რამეს შეეხო:

რამდენად გაცნობიერებული არჩევანი იყო კონსერვატორიაში ჩაბარება, თანაც იმ პერიოდის თბილისში?

არასოდეს არ მქონია სურვილი,  ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი. ვიყავი მუსიკით დაინტერესებული, ვმღეროდი, ფორტეპიანოზეც ვუკრავდი, შვიდწლედიც დავამთავრე, მაგრამ ოპერის მომღერლობა არასოდეს მნდომებია. გაუცნობიერებლად ჩავაბარე-მეთქი, ვერ გეტყვი, მაგრამ გაუცნობიერებლად დავიწყე მომზადება კონსერვატორიაში ჩასაბარებლად. ვცადოთ და ვნახოთ, რა გამოვა – ასეთი მიდგომა მქონდა.

ყოველი ნაბიჯი ჩემთვის იმის დამამტკიცებელი იყო, რომ მინდოდა კონსერვატორიაში სწავლა. მიუხედავად იმ წლების სირთულეებისა, განსაკუთრებით კი – გაჭირვებისა, კონკრეტულად ჩემი ოჯახის გაჭირვებისა.

ბავშვობიდან მოყოლებული ყოველთვის ძალიან ბევრი პრობლემა იყო, განსაკუთრებით, როცა ჩავაბარე, მაგრამ იმდენად მომნუსხავი იყო კონსერვატორია მთელი თავისი პროცესებით – ლექციებით, სტუდენტური ურთიერთობებით და ახალი რაღაცების შეცნობით, მათ შორის, ოპერაში სიარულით, რომ ამან გადაწონა სხვა ყველაფერი: უჭმელობაზე, ჩასაცმელსა და ოჯახის გაჭირვებაზე ფიქრი. მაინც დავძლიე და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კონსერვატორიის წლები ერთ-ერთი საუკეთესო წლებია ჩემს ცხოვრებაში.

ალბათ აცნობიერებდი, რომ ძალიან დიდი რისკი იყო ამ გზაზე სიარული. მერე უკვე ამას „ლა სკალას“ აკადემიაში ჩაბარება მოჰყვა და ფაქტობრივად, უკან მოუხედავად წახვედი მილანში სასწავლებლად. იქ წასვლის წლებში, რა იყო შენთვის ის, რითაც დამტკიცდა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ღირდა?

ჩემი პედაგოგი მანანა ეგაძე ძალიან დიდი დაჟინებით მოითხოვდა, რომ აუცილებლად წავსულიყავი საქართველოდან და მესწავლა საზღვარგარეთ. კერძოდ, მას ძალიან უნდოდა მესწავლა იტალიაში, დარწმუნებული იყო, რომ იტალია მომცემდა იმ განათლებას, რაც მომღერლის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა, რაღაც ეტაპამდე მაინც. ქალბატონი მანანა ძალიან დიდი მონდომებით არწმუნებდა ამაში ჩემს მშობლებსაც და სთხოვდა ყველაფერი გაეკეთებინათ, რომ დამხმარებოდნენ.

ეს დიდი ფინანსური რისკი იყო ჩემი ოჯახისთვის, რადგან საშოვნელი იყო მილანში წასასვლელი და დასარჩენი თანხა, ეს მხოლოდ მოსმენის პერიოდზე თუ ვილაპარაკებთ, როცა ერთი კვირით ჩავედი. ეს იყო საკმაოდ დიდი თანხა ჩემი ოჯახისთვის და, რა თქმა უნდა, ვისესხეთ.

უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული ჩემი ასე უკანმოუხედავად იტალიაში წასვლა და სწავლის დაწყება აკადემიაში – მევახშესთან ჩავდეთ მამაჩემის ბინა გლდანში – ერთადერთი, რაც გაგვაჩნდა. ბინა, სადაც გავიზარდე და სადაც ჩემი მშობლები დღემდე ცხოვრობენ. მევახშემ სანაცვლოდ მოგვცა, თუ არ ვცდები, 3000 დოლარი (2007 წელზეა საუბარი). ყოველთვე აკადემიის სტიპენდიიდან (იმ დროს 1100 ევრო იყო სტიპენდია) 500 ევროს ვიხდიდი ოთახში, სადაც ვცხოვრობდი და დანარჩენი ფული ფაქტობრივად მთლიანად მოდიოდა საქართველოში მევახშის ყოველთვიური პროცენტის დასაფარად.

ძალიან რთული იყო, რადგან ფული არ მყოფნიდა. საცხოვრებელი ოთახის ფული და ბინის ვალი იყო გადასახდელი, მერე კი – ფაქტობრივად, მშიერი ვრჩებოდი ხოლმე. ამიტომ მილანში, სტუდენტობის პერიოდში, ხან ვალაგებდი, ხან ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, წიგნების მოვლაში ვეხმარებოდი იქაურ თანამშრომლებს და ათას პატარა სამუშაოს ვასრულებდი, რათა სწავლა ბოლომდე მიმეყვანა, ჩემი და და მშობლები კი არ დარჩენილიყვნენ უსახლოდ. 2009 წელს, როცა „ლა სკალაში“ „კარმენი“ ვიმღერე და პირველი ჰონორარი ავიღე, საბოლოოდ მაშინ დავფარე ვალი და საბოლოოდ გამოვისყიდეთ მევახშისგან ბინა, სადაც ჩემი მშობლები დღემდე ცხოვრობენ.

2009 წელს „ლა სკალას“ სეზონის გახსნაზე ნამღერი „კარმენი“ დიდ სცენაზე ნამღერი შენი პირველი მთავარი პარტია იყო , თან ასეთი მასშტაბური (პირველი მთავარი როლი იმღერე, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ საოპერო სცენაზე), ასევე იყო დიდი ნდობა, რომელიც გამოგიცხადეს. თან რეჟისორი იყო ემა დანტე, რომელიც არ არის ჩვეულებრივი რეჟისორი, არის ავანგარდული და ხანდახან, პროვოკაციულიც. უცბად, როცა პატარა სივრციდან მოხვდი გრანდიოზულ და უკომპრომისო დადგმაში, როგორი იყო შენთვის ეს პროცესი, რას გრძნობდი?

პროცესი იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ხანგრძლივი. იმდენად საინტერესო იყო მუშაობა ემა დანტესთან, კოლეგებთან და დანიელ ბარენბოიმთან, რომ რაღაც ეტაპზე უბრალოდ ჩავეფალი ამ პროცესში და არც გავჩერებულვარ, რათა მეფიქრა, რამდენად სარისკო ნაბიჯს ვდგამდი. ძალიან იოლად შეიძლებოდა ჩემი კარიერა იმ დღესვე დასრულებულიყო, როცა დაიწყო – 2009 წლის 7 დეკემბერს. თუმცა ვერც უარს ვეტყოდი დანიელ ბარენბოიმს, მიუხედავად იდეის სიგიჟისა, რომელიც აზრად მოუვიდათ – ასეთი პატარა და გამოუცდელი მომღერალი დაეყენებინათ სეზონის გახსნაზე სცენაზე. უარს ვერ ეტყვი ვერც ლა სკალას და ვერც ბარენბოიმს, ამით დასრულდებოდა ლა სკალასთან ურთიერთობა და მაესტროსაც ვაწყენინებდი. ამიტომ გავრისკე, ერთადერთი იმის იმედად დავრჩი, რომ მაქსიმალურად მოვემზადებოდი და შრომას არ დავიშურებდი, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული ყოფილიყო მაღალ დონეზე.

სხვა გზა არ მქონდა. რადგან ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კარმენი კარგად მემღერა, ვთხოვე მაესტრო ბარენბოიმს, აკადემიისთვის ეთხოვა, რომ მირელა ფრენის მასტერკლასებზე ჯდომას და მეცადინეობას ნუღარ მაიძულებდნენ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა, დიდი სკანდალი იყო – როგორ გავბედე და ამხელა მომღერლის მასტერკლასზე ვთქვი უარი, თუმცა მთელი ჩემი სტუდენტობის წლები სულ იმის ახსნას ვცდილობდი, რომ კარგი მომღერალი ყოველთვის კარგ პედაგოგს არ ნიშნავს.

როდესაც მისი მასტერკლასებისგან გავთავისუფლდი, დაიწყო ძალიან ინტენსიური მომზადება ემა დანტესთან, რომელმაც, როგორც რეჟისორმა, თავიდან ბოლომდე გადაატრიალა ჩემი სამყარო – ძალიან გამოუცდელი და შეზღუდული ვიყავი მოძრაობებში, არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი სცენაზე. მან გამათავისუფლა და მასწავლა, როგორია თავისუფლება სცენაზე და ზოგადად, ცხოვრებაში. ემა დანტე ზუსტად იმ ტიპის რეჟისორია, რომელიც ამას ძალიან იოლად გახვედრებს – როგორ იყო თავისუფალი ცხოვრებასა თუ სცენაზე.

ფაქტობრივად, საერთაშორისო სივრცეში პირველი გამოცდილება დანიელ ბარენბოიმთან მუშაობა იყო, ამას მოჰყვა მუშაობა რიკარდო მუტისთან, ზუბინ მეტასთან… რა განასხვავებს ამ დირიჟორებთან მუშაობას სხვა დირიჟორებთან მუშაობისგან?

აბსოლუტურად განსხვავებულია ამ გენიოსებთან მუშაობა სხვა დირიჟორებთან მუშაობისგან. არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არსებობენ გენიოსი დირიჟორები – მუტი, ბარენბოიმი, მეტა და კიდევ რამდენიმე, და არსებობენ ახალგაზრდა, ძალიან კარგი და გამოცდილი დირიჟორები.

ამ დირიჟორებთან მუშაობა აბსოლუტურად სხვა ხედვას სძენს ყველაფერს, რადგან მათთან ქმნი მუსიკას ისე, როგორც იქამდე არასდროს შეგიქმნია.

თუნდაც, როცა ხელს კიდებ ისეთ ოპერას, როგორიც ჩემს შემთხვევაში „კარმენია“, რომელიც 500-ზე მეტჯერ მაქვს ნამღერი. ეს პარტია ვიმღერე  2009 წელს დანიელ ბარენბოიმთან ერთად და მოხდა ისე, რომ მეორედ 2020 წელს ბერლინში ისევ მისი დირიჟორობით მომიწია მემღერა, და ეს იყო აბსოლუტურად სხვა „კარმენი“. ამ ადამიანს აქვს აბსოლუტურად სხვა უნარი, ერთსა და იმავე ოპერაში, რომელიც შენთან ერთად აკეთა 6 თვის მანძილზე, პარტიაში, რომელიც შენ უკვე 500-ჯერ გაქვს ნამღერი, დაგანახოს ახალი, სრულიად სხვანაირი მიდგომა; ხასიათისა და მუსიკის განსხვავებული ასპექტები, ფერები, და ისე გამღეროს, თითქოს არა 500-ჯერ, არამედ ერთი-ორჯერ ან საერთოდ არ გიმღერია ეს ოპერა.

რიკარდო მუტიც იგივე შემთხვევაა. მასთან სიმღერისას გავიწყდება, რომ უნდა ისუნთქო და არსებობს ტექნიკა; ფიქრი გავიწყდება, უბრალოდ დგახარ, მის მიმიკას და ხელის ჟესტს მიჰყვები და ქმნი მუსიკას. იმდენად დაკავშირებული ხდები მუტისთან, რომ იგი გავიწყებს აბსოლუტურად ყველაფერს.

როცა მუსიკას ქმნის, ეს არის წარმოუდგენელი შეგრძნება. ზღაპარში ხარ, ვერაფერი შეედრება მასთან ნამღერ ვერდის. ძალიან რთულია მასთან მუშაობა, რადგან იგი გაუჩერებლად მუშაობს 8, 9, 10 დღისა ან ორი კვირის მანძილზე. გაუჩერებლად და  ყოველდღე ხმით. რომც გითხრას – არ გინდა, ხმით არ იმღერო, დაისვენეო, იმდენად ინტენსიურია მასთან მუსიკალური მუშაობის პროცესი, რომ გინდა არ გინდა, ხმით გიწევს სიმღერა – ხმა თავისით ამოდის და იწყებს სიმღერას. ეს არის საოცარი შესაძლებლობა, რომელიც მომღერალს ეძლევა, რადგან ნამდვილად არ არსებობს მეორე დირიჟორი, რომელიც ქმნის ჯუზეპე ვერდის ან ვერისტულ ოპერებს ისე, როგორც მუტი. მასთან ერთად გაკეთებული როლი სამუდამოდ გამჯდარი რჩება შენში, ყველა ასპექტში – მუსიკალურად თუ ვოკალურად.

ახსენე, რომ კარმენი 500-ზე მეტჯერ გაქვს ნამღერი, შენთვის რა უნარჩუნებს როლს სიცოცხლეს, თუ გარდაუვალია, რომ რაღაც დროის მერე ხდება რუტინა და რაღაც შეგრძნებები კვდება მასში?

მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან გაუჩერებლად ვმღეროდი „კარმენს“, განსაკუთრებით პირველ წლებში, რადგან ვერდის რეპერტუარი ჯერ არ მქონდა კარგად გამჯდარი. იმ პერიოდში ცოტა იყო ოპერა, რომელიც შემეძლო მემღერა. არც ერთხელ, როცა სცენაზე გავსულვარ, არ მიგრძნია, რომ ვმღერი რუტინულად. თითოეულ სპექტაკლზე – შეიძლება არ იყო საუკეთესო სპექტაკლი, ვერ ვგრძნობდი თავს ისე, როგორც მინდოდა – მაგრამ ყველა სპექტაკლში, რაღაც მომენტში ვგრძნობდი რაღაც ახალს. ჩემთვის ჟრუანტელის დავლაა ხოლმე ნიშანი – როცა მუსიკა მესმის ან რაღაც ფრაზას ვიმღერებ და ვხვდები, რომ რაღაც ახალი ხდება.

არ ყოფილა სპექტაკლი ჩემს ცხოვრებაში, რომელზეც ასე არ მიგრძნია თავი. ვერ მიმხვდარიყავი, რომ რაღაც მომენტში, რაღაც ახალი გავაკეთე და დავიჭირე.

ეს მხოლოდ „კარმენს“ ეხება თუ ყველა როლი ასეა შენთვის?

ყველა როლი ასეა, არ შემიძლია ვთქვა, რომ რომელიმე როლს, რომელსაც ხელს ვკიდებ, რაღაც მომენტში რუტინული ხდება. კიდევ იცი, რატომ?

როლებს, რომლებშიც ვგრძნობ, რომ მუსიკალური თვალსაზრისით ისეთი დაინტერესება არ მაქვს და გულიდან არ მოდის , ასეთ როლებს ხელს არ ვკიდებ. შეიძლება ბოლომდე მივიყვანო სწავლის პროცესი, ხმაში გამიჯდეს როლი, ყველანაირი ვოკალური თუ მუსიკალური სირთულე დავძლიო, მაგრამ მივხვდე, რომ ეს როლი ჩემში არანაირ აღტაცებას არ იწვევს – ამ დროს, უბრალოდ, უარს ვამბობ როლზე და არ ვაგრძელებ მასზე მუშაობას –  არასოდეს არ მიმაქვს ასეთი როლი სცენამდე.

ამას სანახევროდ უპასუხე, მაგრამ შენთვის მთავარი უკუკავშირი რა არის სცენაზე; როცა ხვდები, რომ გამოვიდა ის, რაც უნდა გამოსულიყო ან მიუახლოვდი ამას?

როგორც გითხარი, როცა ტანში ჟრუანტელი დამივლის ხოლმე და მეორე, როცა კარგი შეგრძნებით გამოვდივარ სცენიდან, მიუხედავად იმისა, რომ კმაყოფილი არასოდეს გამოვდივარ; თუნდაც რომ გავიაზრებ, რომ  ვოკალურად იმ დღეს ყველაფერი სწორად გავაკეთე და კიდევ, ჩემი მეუღლე თუ გაღიმებული მხვდება კულისებში, ასევე ნიშნავს ხოლმე, რომ კარგად ჩაიარა იმ დღის სპექტაკლმა, რადგან ყველაზე კრიტიკული ადამიანი, ვინც არსებობს ჩემ გარშემო, არის ჩემი მეუღლე.

ამ პროცესში მაყურებელს რამხელა წილი აქვს შენთვის? 

მაყურებელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ვმღერი და სცენაზე გავდივარ მაყურებლისთვის. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ მისთვის. როდესაც მართლა კარგად მიდის სპექტაკლი, შენს მაქსიმუმს დებ და მართლა კარგი დღეა, ფიზიკურად და ვოკალურად კარგად გრძნობ თავს, გრძნობ მსმენელის ძალიან დიდ  ჩართულობას. ეს ჩართულობა ენერგეტიკის დონეზე იგრძნობა სცენაზე. შეიძლება სახეებს ვერ ხედავდე (პროჟექტორები ისე გვინათებს სახეებს, მაყურებლის სახეებს ვერ ვხედავთ), მაგრამ გრძნობ, როდესაც მაყურებელი ბოლომდეა ჩართული იმ პროცესში, რაც სცენაზე ხდება. ეს იმხელა ენერგიას გაძლევს, იმხელა დადებითი მუხტი მოდის მსმენელისგან, რომ მომღერალს სხვა არაფერი გჭირდება.

რა თქმა უნდა, ეს გამოიხატება აპლოდისმენტებშიც, რამდენად ხმამაღალია შეძახილები, მაგრამ სანამ ტაშის დრო მოვა, მომღერალი უკვე გრძნობ, როგორი ატმოსფეროა დარბაზში შექმნილი, სცენაზე მომხდარი მოქმედებისა თუ ნამღერის გამო, და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ენერგეტიკას ვიყენებთ იმ ადრენალინისთვის, რომელიც სცენაზე გვჭირდება. ზოგჯერ იმდენად ჩართულია მაყურებელი სპექტაკლში, რომ რეაქციები, წამოძახილებიც გესმის და ეს ჩემთვის წარმოუდგენლად აღმაფრთოვანებელია.

ამიტომ იყო პანდემიის წლები თეატრისთვის კატასტროფა. ძალიან ხშირად ვმღეროდით ცარიელ დარბაზებში ან ეკრანებში ეკრანს მიღმა მაყურებლისთვის და ეს ძალიან რთული იყო. მომღერალი იკვებება იმ ენერგეტიკით, რომელსაც მაყურებელი გასცემს, შესაბამისად, ჩვენ მეტად შეგვიძლია დავიხარჯოთ, მეტი შეგვიძლია მივცეთ მსმენელს, ხმით, გულით და ნებისმიერ ასპექტში.

რამდენიმე წელია თბილისში არ გიმღერია. ის მომღერალი არა ხარ, რომელიც ემიჯნება პოლიტიკას, შენი კარიერის ყველა ეტაპზე ჩართული იყავი აქაურ ცხოვრებაში და ყველაფერს განიცდიდი. რამდენად მძიმე გადაწყვეტილებაა ეს შენთვის?

ძალიან მძიმეა. სულ გამოვდიოდი თბილისში, მქონდა კონცერტები, თითქმის ყველაფერი საქველმოქმედო იყო,  კონცერტების საშუალებით ვეხმარებოდით ორკესტრს, ძალიან ბევრ ადამიანსა და სტუდენტს. თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად მოსვლა ჩემთვის შოკი იყო, რადგან მიმაჩნია, რომ (რბილად რომ ვთქვათ) ძალიან მძიმე ადამიანია კულტურისთვის. არის ადამიანებისა და პოლიტიკოსების კატეგორია, რომლებსაც არაფერი ესაქმებათ კულტურასთან. არ ვამბობ, რომ კულტურის მინისტრი ხელოვნების წარმომადგენელი უნდა იყოს, რადგან ხელოვანები ყოველთვის კარგი მენეჯერები არ არიან. რაღაცის გასაკეთებლად ადამიანი არა მხოლოდ კულტურაში, არამედ მენეჯმენტშიც უნდა იყოს გაცნობიერებული, ზოგადად ბევრი მიმართულებით უნდა ჰქონდეს გონება გახსნილი და განვითარებული.

აქ ასევე საუბარია იმაზეც, რომ ფაქტებიდან გამომდინარე, შიდა თუ საჯარო განცხადებებით, წულუკიანის მმართველობა კულტურის სამინისტროში არის წმინდა პოლიტიკური, დიქტატორული და ეს ხელოვნებასთან არანაირ კავშირში არ არის. ხელოვნება ყოველთვის თავისუფლების გამოხატულებაა, იყო კიდეც თავისუფლების გამოხატვისთვის, ამ ადამიანმა კი ძალიან ბევრი გზა დაბლოკა.

როგორც კი მინისტრად დანიშნეს თეა წულუკიანი, ვთქვი, რომ სანამ  იგი იქნება კულტურის მინისტრი, საქართველოში სცენაზე ფეხს არ დავდგამ-მეთქი. წმინდად ვასრულებ ჩემს დანაპირებს და ეს საერთოდ არ მახარებს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს  კონცერტებისა და ღონისძიებების გაკეთების, მაგრამ შეგნებულად არ ვაკეთებ, რადგან სიტუაცია მძიმეა კულტურის სფეროში და ნაძალადევია ყველაფერი. არ მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ კონსერვატორიის რექტორს ებრძვის კულტურის სამინისტრო და ცდილობენ, თავიანთ ჭკუაზე ატრიალონ. სულ ვცდილობ, გამოვხატო ეს ყველაფერი.

თუმცა, როდესაც გავიგე, რომ პატარა მეყოლებოდა, როგორც ადამიანმა, რომელიც პოლიტიკურ პროტესტს გამოხატავდა, ფაქტობრივად, მთლიანად გავაუქმე ჩემი არსებობა სოციალურ ქსელებში, რადგან სანამ დავორსულდებოდი და გამოვთქვამდი წინააღმდეგობას ამა თუ იმ მოვლენის გამო, ძალიან ბევრჯერ მოხდა არასასიამოვნო ფაქტი, როცა დაგვემუქრნენ. ჩემს მულს მანქანაში შეუვარდა მუქარით ადამიანი, რადგან ეგონათ, რომ მე ვიქნებოდი, იმიტომ, რომ მანქანა ჩემს სახელზე იყო გაფორმებული. იყო ფაქტები, რაც მუქარას ჰგავდა.  როცა დავორსულდი, ძალიან არ მინდოდა, ჩემი შვილი ან ჩემი ჯანმრთელობა იმ მომენტში ან შემდეგ ყოფილიყო რისკის ქვეშ. ამიტომ ჩემი შვილის გამო გავემიჯნე სოციალურ მედიაში საჯაროდ ამ ყველაფრის გამოხატვას, თუმცა შიგნიდან ნაცნობ-მეგობრებში ვცდილობ, სხვაგვარად მოვახდინო გავლენა, ყოველგვარი საჯარო პოსტების გარეშე.

პოსტსამშობიარო პერიოდი შენთვის ძალიან მძიმე იყო. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ მედიაში აღარ აქტიურობდი, ცხადი იყო, რომ რაღაც ხდებოდა. აუქმებდი სპექტაკლებს პრემიერების შემდეგ. რა გაიარე ამ პერიოდში, რამდენად გაგიჭირდა, იყო იმედგაცრუება? დაეჭვდი იმაში, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდი და გიყვარდა?

ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ვგიჟდები ჩემს საქმეზე, ძალიან მიყვარს სიმღერა და ჩემი სხეული აბსოლუტურად არ მაძლევდა სიმღერის საშუალებას. მშობიარობის შემდგომ პერიოდში იყო სრული გაუგებრობა, სხეული ვერ ხვდებოდა, რა მოხდა.

რეაბილიტაციის პერიოდი იყო ძალიან რთული. გვეძინა, პატარა იზრდებოდა, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ჩემი სხეული სხვანაირი იყო. ხმა იყო დამჯდარი, ბანის ხმაზე უფრო ვიყავი, ვიდრე მეცო-სოპრანოსაზე. როგორც კი პირს გავაღებდი და სიმღერას ვიწყებდი, ხმა კიდევ უფრო დაბლა ჩადიოდა. ეს გრძელდებოდა თვეების მანძილზე. თავიდან ევროპაში ჩავიტარე გამოკვლევები და ვერაფერი დამიდგინეს, ძალიან დიდი ხანი მაწვალეს, მათ შორის ფონიატრებმაც. ძალიან დიდხანს ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა, სანამ თბილისში ჩამოვედი და ჩემს ექიმთან მივედი. დავადგინეთ, რომ ჰორმონები იყო ძალიან არეული, მშობიარობის შემდგომ სხეული სრულიად შეცვლილი, ხმა კი, გადიდებული.

ამ ყველაფრის ერთად გადახარშვა ჩემს ტვინს და სხეულს ძალიან გაუჭირდა. ამას მოჰყვა თვეობით მეცადინეობების გაუქმება. ყოველ ეტაპზე იმის იმედი მქონდა, რომ შევძლებდი სიმღერას – აი, ახლა გამომივა,  ახლა გამომივა… ძალიან რთული იყო ჩემთვისაც და ჩემი მეუღლისთვისაც –  ორივესთვის უმძიმესი იყო იმის გააზრება, რომ ჩემმა ხმამ გადაწყვიტა, უარი ეთქვა სიმღერაზე და ჩემი სხეული აღარ მპასუხობდა ისე, როგორც ადრე.

ყველაფერი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ამის გამო ივნისში საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ გავჩერებულიყავი, რადგან ჰორმონალური პრობლემებისა და სხეულის ცვლილების გარდა, წელიწად-ნახევარზე მეტი ვეომებოდი ჩემს სხეულს და არ მივეცი ადაპტაციის საშუალება.

მშობიარობის შემდეგ ეგრევე, ოცი დღის შემდეგ დავიწყე სიმღერა. წელიწად-ნახევარზე მეტი ვაძალებდი სხეულს, რომ მემღერა. სხეულმა ბოლოს მითხრა, რომ ცოტა ხნით დაისვენეო. გადავწყვიტე გავჩერებულიყავი. წლების მანძილზე გასტრიტის პრობლემა მქონდა და ესეც მოვაგვარე, როგორც იქნა.

ივნისის ბოლოდან მოყოლებული უკვე შევუდექი საკუთარი თავის რეაბილიტაციას და აგვისტოს შუა რიცხვებიდან ძალიან ნელა დავიწყე მეცადინეობა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მარტივი არიებით აღვადგინე სხეული და ხმა. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ უკვე ვხვეწთ თითოეულ ნოტსა და ფრაზას. ერთადერთი დადებითი, რაც ამ ორი წლის მანძილზე მოხდა (30-ში ლილიანა 2 წლის ხდება), არის ის, რომ ეს ორი წელიწადი შევძელი და ჩემს შვილთან მაქსიმალურად ახლოს გავატარე. ვიცი, იმ ინტენსიურობით რომ მემუშავა, რა ინტენსიურობითაც ვმუშაობდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან თან ვატარებ, ჩემს შვილთან ასე ახლოს ვერ ვიქნებოდი.

ფინანსურად, მორალურად, ფსიქოლოგიურად – ყველანაირი თვალსაზრისით ძალიან რთული წელი იყო.  დავინახე, ვინ იყო ჩემი ნამდვილი მეგობარი და ვინ არა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამიჭირდა, გული დამწყდა, იყო დეპრესიის ძალიან მძიმე მომენტები, იყო ფინანსური გაჭირვების მომენტები, მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ორ წელიწადს, რათა ყველაფერი ისე დალაგებულიყო, როგორც დალაგდა. ამღერებული ვარ –  იანვრიდან დავიწყებ მუშაობას და სიმღერას.  ეს ორი წელიწადი შემომრჩა პერიოდად, როცა უკეთესად გავიცანი ჩემი თავი და მქონდა დრო ჩემს შვილთან ერთად გასატარებლად.

ამ პერიოდში, როცა სცენაზე იდექი, ყველაფერს დებდი იმაში, რომ გემღერა, სხეული და ხმა კი ამის საშუალებას არ გაძლევდა – სპექტაკლების მერე როგორი განცდა გქონდა? ამას ხვდებოდი თუ თავს ძალას ატანდი და აჯერებდი, რომ რაღაც გამოგდიოდა?

არა, არცერთი წამი ილუზიაში არ ვყოფილვარ. ხანდახან კარგია ილუზია, ცოტა დადებით ემოციას მაინც გაძლევს, მაგრამ აბსოლუტურად რეალურად აღვიქვამდი იმ პრობლემებს, რაც სცენაზე მქონდა.

იყო საღამოები, როცა საერთოდ ვერ ვმღეროდი მაღალ ნოტებს, იყო საღამოები, როდესაც ძალიან ცუდად ჩაუვლია სპექტაკლებს, იყო საღამოები, სადაც მაყურებელი ზრდილობის გამო უკრავდა ტაშს, იმიტომ, რომ  ესმოდათ  სიტუაცია, მიცნობდნენ და ვუყვარდი.

ჩემთვის ეს იყო აბსოლუტურად დამანგრეველი, ვიყავი ბოლომდე დანგრეული მორალურად, ფიზიკურად და სულიერად. ყოველი სპექტაკლის შემდეგ ვიყავი ბოლომდე გამწარებული და დანგრეული, თუმცა განვაგრძობდი სცენაზე დგომას და ცდას, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მქონდა იმედი, იქნებ ამუშავებულიყო ხმა და სხეული. იძულებული ვიყავი სცენაზე ვმდგარიყავი ფინანსური საკითხის გამოც, რადგან პატარა მყავს მისახედი და ამხელა ოჯახია სარჩენი, ხალხს ეს არ ესმის – „გაჩერებულიყავი და დაგესვენა“ – კარგი, გაჩერდი და რა უნდა გააკეთო ერთი წელი, ორი წელი…

ბევრს ეს ესმოდა, ბევრს არ ესმოდა, მაგრამ იმ მომენტში არ ვუყურებდი, ვის რა ესმოდა. როცა სცენაზე გავდიოდი, ვიცოდი, ის დღე ან ისე ჩაივლიდა, ან ასე, მაგრამ არ იქნებოდა ისეთი, როგორც მეკადრება. რეალურად აღვიქვამდი სიტუაციას და ისიც ვიცოდი, რომ ნამღერი იყო ცუდი, საშუალო დონის ან იყო ძალიან კარგი, რადგან იმ დღეს რაღაც ძალიან კარგად გამომივიდა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ორი წელი წინა 15 წელთან შედარებით იყო სრულიად არასტაბილური და ძალიან რთული. ძალიან ბევრი რამის დანახვა შევძელი ამ ორ წელიწადში. პირველ რიგში, ბევრი რამის დანახვა შევძელი საკუთარ თავში და აღმოვფხვერი ის პრობლემები, რომლებიც შეიძლება ადამიანმა გამოასწორო, რათა ფსიქოლოგიურად მაინც აღარ ჩავარდე ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ვიყავი.

მომღერალი ანიტასთვის ეს იყო დამანგრეველი და გამანადგურებელი ორი წელიწადი.

როცა შენი აღმასვლა დაიწყო, იმ პერიოდში, ძალიან ბევრი საოპერო მომღერალი გაჩნდა საქართველოში, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან ბევრი საერთაშორისო წარმატება. დღეს კი – მეც, არაპროფესიონალი მსმენელი, ვხვდები, ტექნიკურად რამდენად  არასწორად მღერიან მომღერლები, რა შეიცვალა ამ პერიოდში?

რამდენი პედაგოგი და მომღერალიც გვყავს, იმდენი ტექნიკა არსებობს –  რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელია. ტექნიკა არის ერთი ან მაქსიმუმ ორი, ერთისთვის ასე სუნთქვა არის კომფორტული, მეორისთვის ისე, მაგრამ იტალიურ ტრადიციულ ტექნიკაში სულ ორი მეთოდია. ეს ორი მეთოდი იყო ბაზა ჩვენს ვოკალურ სკოლაში, რომელმაც წარსულში უამრავი მომღერალი გაუშვა საზღვარგარეთ. ვერ ვიტყვი რომ ხმები არ არის, ძალიან კარგი ლამაზხმიანი ახალგაზრდები მოდიან, დიდხმიანებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, 4-5 წელიწადში კონსერვატორიაში სწავლების შემდეგ, ან უხმოდ რჩებიან, ან არასწორად იწყებენ სიმღერას და იზიანებენ თავს, ან ის დიდი ხმები პატარა ხდება და იმ სიამოვნებასაც ვეღარ იღებ, რა სიამოვნებაც შეიძლება მიიღო დიდი, სავსე ხმისგან.

დღევანდელ კონსერვატორიაში უფრო  დიდი დრო ეთმობა ბევრ სხვა საგანს, ვიდრე ვოკალისტს სჭირდება. ვოკალისტს სჭირდება, რომ ვოკალზე იყოს მაქსიმალური ყურადღება გამახვილებული და არ სჭირდება ამის უკან ბევრი არაფერი (ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ). ელემენტარული განათლების მიღება აუცილებელია და საჭიროა, მაგრამ როცა ყურადღება მიპყრობილი გვაქვს ყველაფერ სხვაზე ვოკალის გარდა, იწვევს იმას, რაც თქვი – ოპერაში რომ მიდიხარ, აღარ ისმის საოცრება სცენაზე. რაც ადრე ხელმისაწვდომი იყო მარტო იმიტომ, რომ გვყავდა საოცარი ხმები და ეს ხმები არ იყვნენ კონცენტრირებული მარტო ტექნიკაზე, მღეროდნენ გულით, ეს ექსპრესია და ემოციურობა დაიკარგა იმიტომ, რომ ბევრი კონცენტრირებულია ტექნიკაზე, რომელიც, რაც მთავარია, არ არის სწორი. 

აერთაშორისო მუსიკალური სამყარო ორიენტირებულია იმაზე, რომ ოპერა გახდეს თანამედროვე და მოერგოს დღევანდელობას, აირეკლოს რეალობა. ჩვენთან საერთოდ დაკარგა ოპერამ აქტუალობა, რამ უნდა შეიყვანოს ჩემხელა ადამიანი იმ ოპერის თეატრში, სადაც სტუდენტური ფასდაკლებაც არ არსებობს და სადაც არ დადიან სტუდენტები?

ამ ხელმძღვანელობით, რომელიც დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრში გვყავს, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. სხვა ხელმძღვანელობა რომ იყოს, იქნებოდა ასეთი სქემა –  სტუდენტებისთვის იქნებოდა თავისუფალი შესვლა როგორც რეპეტიციაზე, ისე სპექტაკლზე, ან იქნებოდა 5- ლარიანი ბილეთი სტუდენტებისთვის, როგორც ეს არის „ლა სკალასა“ და  „მეტროპოლიტენ ოპერაში“. არა მხოლოდ სტუდენტებს, 30 წლამდე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყიდოს 10-20-30- ევროიანი ბილეთი და შევიდეს და ნახოს სპექტაკლი ან გენერალური რეპეტიცია, რომელიც ფაქტობრივად, სპექტაკლის სახით მიდის ყოველთვის.

ჩვენთან ამ მხრივაც დიდი ჩიხია, რადგან ფასი არ ესადაგება არაფერს, დაინტერესებული მსმენელი იქ ვერ შევა, მეორე მხრივ, ფასიც არ ესადაგება იმას, რასაც მსმენელი ისმენს.

არა მარტო ფასზეა აქ პრობლემა – ძალიან ძვირი რომ ღირს ბილეთი თბილისის ოპერაში სპექტაკლებზე, რომლებიც უკვე ათასჯერ აქვთ ნათამაშები და არაფერი ახალი არ ხდება; ასევე ხარისხზე გვაქვს დიდი პრობლემა – ფასი ერთი პრობლემაა, ხარისხი მეორე. არცერთი სპექტაკლი, რომელიც თბილისის ოპერის თეატრში იდგმება, არ არის ხარისხიანი – არც მომზადება, არც  ვოკალური შესაძლებლობები, არც სტილისტიკა და არც რეჟისურა.

ასევე, იხარჯება უზარმაზარი ფული ნაქირავებ დეკორაციებში. ქირაობენ სპექტაკლს  რაღაც პერიოდით, შესაბამისად, თეატრის რეპერტუარში სპექტაკლი არ რჩება და გვაქვს ერთჯერადად გადაყრილი ფული, რომელიც თეატრს არაფერს სძენს და თეატრი არასოდეს არ არის სავსე.

საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავთ ძალიან დაბალი დონის მომღერლები. ვიღაცას უცხოური სახელი რადგან აქვს, არ ნიშნავს, რომ ის კარგი მომღერალია. ძალიან ხშირად კონსერვატორიის სტუდენტი ბევრად უკეთ მღერის, ვიდრე ვიღაც, ვინც ჩამოჰყავთ და უზარმაზარი ფულს უხდიან. ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ოპერის ხელმძღვანელობასთან. მათთან შეხება არ მაქვს და არ მომწონს, როგორც ხელმძღვანელობენ თეატრს. 

ვისურვებდი, რომ ვინმე ისეთი ყოფილიყო თეატრის ხელმძღვანელად, ვინც ყველა იმ პრობლემას, რაზეც ვისაუბრეთ, დადებითისკენ წაწევდა და ჩვენი თეატრი დაემსგავსებოდა თეატრს. მომღერლები გვყავს, არ არის რთული, რომ ეს ყველაფერი ცოტა უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენო და ცოტა უკეთესი ხარისხი აჩვენო. სულ თავისი ხალხი ჰყავთ შიგნით და არც ხარისხის დადება აინტერესებთ, არც სპექტაკლების დადგმა მასობრივად. სულ, ალბათ, 4 ოპერა თამაშდება წელიწადში და ისიც საკმაოდ მცირეჯერ, ისიც ძალიან დაბალი ხარისხის და ძალიან დასანანია.

არ არსებობს სარეპერტუარო პოლიტიკა. რეპერტუარიც ხომ უნდა ზრდიდეს მომღერალს. თეატრი უნდა უთავსებდეს რეპერტუარს იმას, რამაც უნდა გაუზარდოს მომღერალი. ნაყიდი სპექტაკლების ჩამოტანა ამას ვერ იზამს. 

სულ არ სჭირდება ჩამოტანა. თუ კოსტუმების შეკერვა არის პრობლემა – დადგი თანამედროვე სპექტაკლი, იყიდე მაისური და ჯინსი, დადგი თანამედროვე სტილში, მოიწვიე ქართველი რეჟისორი, რომ დადგას სცენაზე. ოღონდ ნუ მოიპარავს. მოიტანე, დადგი, უბრალოდ, მაგრამ მუსიკა იყოს სცენაზე ან საკონცერტო ვერსია დადგი.

იდგნენ მომღერლები და იმღერონ პატარა მიზანსცენით – რა საჭიროა კოსტუმი და დეკორაცია. სხვადასხვა ოპერები შეიტანე რეპერტუარში, რათა მომღერლებმა იმღერონ, 10-15 ოპერა მაინც იყოს რეპერტუარში, მაგრამ არ აკეთებენ, არ არის ინტერესი. ფულს იღებენ, მაგრამ რაც მართლა სჭირდება ჩვენი ოპერის თეატრს, არაფერი არ კეთდება.

თან ეს ის რესურსია, რომელიც ხალხისგან ფინანსდება, ვერ ვაცნობიერებთ ამას.

მე და შენ კი ვაცნობიერებთ, მაგრამ ძალიან ბევრი ამას ვერ აცნობიერებს.  რაც  უნდა გავაცნობიეროთ, ვერაფერს  ვცვლით. მე ვიბრძოლე ამ შეცვლისთვის, რამე შეიცვალა?! 

გაქვს იმედგაცრუების განცდა ამდენი ბრძოლის მერე? არ ყოფილხარ ის ადამიანი, რომელიც მარტივად დაყრიდა ფარ-ხმალს…

ფარ-ხმალი არ დამიყრია, მაგრამ საჯაროდ შევწყვიტე ამის კეთება, როგორც უკვე გითხარი, ოჯახური მიზეზის გამო და კიდე იცი, რას მივხვდი? საჯაროდ ამაზე საუბარს და შეძახილს აზრი არ ჰქონდა, იმიტომ, რომ საბოლოოდ მარტო ვიყავი. პატარა რაღაცას არასწორად იტყვი და აქეთ გიტევს ყველა.  ჩემთვის წყნარად, მარტო და პატარა გავლენებით განვაგრძობ ამ სიტუაციასთან ბრძოლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი