ახალი ამბები

რაჭველიშვილი წულუკიანს: ვერ ასრულებთ ფუნქციას და არაფერი გესაქმებათ ჩვენს სფეროსთან

20 სექტემბერი, 2023 • 1775
რაჭველიშვილი წულუკიანს: ვერ ასრულებთ ფუნქციას და არაფერი გესაქმებათ ჩვენს სფეროსთან

ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას პასუხობს კონსერვატორიაში რეფორმის საჭიროების შესახებ.

რაჭველიშვილის თქმით, საკუთარ ფუნქციას თეა წულუკიანი ვერ ასრულებს და სახელოვნებო სფეროსთან არაფერი ესაქმება:

„თქვენ ვერ ასრულებთ ფუნქციას და არ გესაქმებათ არაფერი ჩვენს სფეროსთან! მრავალი წლის განმავლობაში პირველად მომწონს კონსერვატორიის ხელმძღვანელობა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამჟამინდელი კონსერვატორიის ხელმძღვანელობა არ ასრულებს თქვენს დავალებებს და ამიტომ აწყობთ საბჭოთა კავშირის დროინდელ ჩვეულებრივ რეპრესიებს!

ვინც თქვენ არ გემორჩილებათ, ყველას რეპრესიები მოუწყვეთ და ყველას ემუქრებით და თავს ესხმით სიტყვიერად თუ ფიზიკურად! ძალიან ნაცნობი ხელწერაა, საწუხაროდ!“ — ამბობს ქართველი მეცო-სოპრანო.

დღეს, 20 სექტემბერს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის, ასეთ შემთხვევაში კი, მინისტრმა კეთილი უნდა ინებოს და შეცვალოს ხელმძღვანელი:

„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც ის, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი. ეს ჩემი ხარვეზიც არის. როდესაც ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს ზოგიერთი იქ საქმიანობას და ეგონოს, რომ „მინისტრს არაფერი არასდროს არ ეკითხება.””

კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ რამდენიმე თვის წინ მხარი დაუჭირა კულტურის მუშაკების პროტესტს.

„მზარავს იმის გაფიქრებაც, რომ კულტურის მოთვინიერების სურვილი არსად წასულა“, — განაცხადა რამდენიმე თვის წინ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი