ახალი ამბები

არ დაუშვათ, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს პატიმრობაში საფრთხე შეექმნას – დეკანოზი თამაზ ლომიძე ხელისუფლებას

14 ნოემბერი, 2021 • 3456
არ დაუშვათ, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს პატიმრობაში საფრთხე შეექმნას – დეკანოზი თამაზ ლომიძე ხელისუფლებას

დეკანოზი თამაზ ლომიძე ხელისუფლებას “სულგრძელად და ქრისტიანულად” მოქცევისკენ მოუწოდებს და მიმართავს, რომ არ დაუშვან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის პატიმრობისას საფრთხის შეექმნას. დეკანოზმა ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

ის ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, რომ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანონ და შესაბამისი დახმარება გაუწიონ:

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას: ნუ გაიმეორებთ 30 წლის წინანდელ ტრაგედიას, მოიქეცით სულგრძელად და ქრისტიანულად, აჩვენეთ კაცთმოყვარება, არ დაუშვათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას პატიმრობაში, ადგილს ნუ დაუთმობთ შურისძიებას და ბოროტებას, თორემ ტალღასავით მოედება ეს ბოროტება მთელ ქვეყანას და გაგვანადგურებს ყველას. გადაიყვანეთ დაუძლურებული პრეზიდენტი საავადმყოფოში და აღმოუჩინეთ დახმარება. ყველაფერი და ყველა ძალაუფლებაც წარმავალი და დროებითია ამ ქვეყანაზე და საქართველოს მომავალი არ გვაპატიებს ამ ცოდვას!”, – წერს ჭიღლაძე.

სააკაშვილი 44-ე დღეა შიმშილობს. ის ამჟამად გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ის რუსთავის #12 დაწესებულებიდან 8 ნოემბერს გადაიყვანეს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ის მოტყუებით მიიყვანეს გლდანის ციხესთან, რადგან მას ეგონა, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.

11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ სააკაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან ძალით და რამდენიმე ადამიანი ცდილობს გლდანის ციხეში მის შეყვანას. იმავე დღეს, რამდენიმე საათში პენიტენციურმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს და ისმის, თუ როგორ ეუბნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პერსონალს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში შესვლა არ სურს და სთხოვს, რომ რუსთავის ციხეში დააბრუნონ.

გლდანის ციხეში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ 12 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში არა საავადმყოფოში, არამედ ცალკე სპეციალურად მისთვის გაკეთებულ პალატაშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა არ არის. ამის შესახებ ხერხეულიძემ “ტელეკომპანია პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მას დროულ დახმარებას ვერ აღმოუჩენენ, არსებობს სხვა რისკებიც, მაგალითად ის, რომ მას მხოლოდ ერთი ადამიანი იცავს, რომელსაც, როგორც ხერხეულიძე ამბობს, იარაღიც კი არ აქვს.

ეკა ხერხეულიძე სააკაშვილთან გუშინ, 12 ნოემბერს იმყოფებოდა. მისი თქმით, 4.5 საათიანი ვიზიტისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ორჯერ გახდა ცუდად.

მასალების გადაბეჭდვის წესი