ახალი ამბებიკომენტარიხელოვნება

„მთავრობა ემორჩილება ივანიშვილს, ივანიშვილი – პუტინს” – ანიტა რაჭველიშვილი რუსულ კანონზე

16 აპრილი, 2024 • 1164
„მთავრობა ემორჩილება ივანიშვილს, ივანიშვილი – პუტინს” – ანიტა რაჭველიშვილი რუსულ კანონზე

„ევროინტეგრაციაზე ზედმეტია საუბარი, როდესაც რუსეთის მაგალითს მიჰყვება ქვეყანა და მსგავსი კანონების განხილვაზე საუბრობს!”, – ამბობს მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი „რუსულ კანონზე” „ნეტგაზეთთან” საუბრისას.

იგი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვიან მეგობარი ქვეყნის ელჩები, ევროკავშირის ელჩი და ქართველი ხალხი:

„ეს მთავრობა ემორჩილება ივანიშვილს, ივანიშვილი კიდე არის ყველაზე დაუნდობელი და დესპოტი დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის ყურმოჭრილი მონა. ამიტომ, რაზე ვსაუბრობთ, საერთოდ?! არ აქვს მნიშვნელობა, ცალკეული ადამიანები რა განცხადებებს გავაკეთებთ და რამდენჯერ ავიმაღლებთ ხმას ამ კანონის წინააღმდეგ. ხალხის ხმას და აზრს აქვს აბსოლუტურად ნული მნიშვნელობა ამ მთავრობისთვის.”

„ჩვენი ხალხი კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ფეხბურთის მატჩის საყურებლად ერთიანდება და როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ბედს, მხოლოდ ერთეულები გამოდიან და ისიც ცემის, ძალადობის ან დაპატიმრების შიშით ამ მთავრობის მხრიდან. ჩვენ ვცხოვრობთ აბსოლუტური განუკითხაობის, უსამართლობის და მწვავე კორუფციის პერიოდში. ამ მთავრობამ კი ისეთი ქონება დააგროვა ამ რამდენიმე წელიწადში, რომ მათი წასვლის ალბათობა აბსოლუტურად არ არსებობს, თუ მართლა საქართველოს მოსახლეობის 100% არ გამოვიდა ქუჩაში და არ გააპროტესტა ქართული ოცნების არსებობა. ეს კი არ მოხდება, რადგან ალტერნატივა არ არსებობს! არ არსებობს ალტერნატივა, რომელიც ქვეყნის და ხალხის მომავალზე იზრუნებს. ძალიან უიმედო მდგომარეობაა ყველასთვის. არც ვიცი, რა ვთქვა ან რა გავაკეთო ჩემი ქვეყნის საშველად. ძალიან მტკივა გული, რომ მოღალატეების და ფულზე გაყიდულების ხელშია ჩვენი საყვარელი სამშობლო! მაგრამ  ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! სხვანაირად სიცოცხლის გაგრძელებას მნიშვნელობა არ ექნებოდა”, – ამბობს ანიტა რაჭველიშვილი „ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი