ახალი ამბები

მე ვარ პიროვნება – არქიმანდრიტი კითხვაზე, რას ფიქრობს საპატრიარქო მის წყევლაზე

25 ოქტომბერი, 2019 • 3064
მე ვარ პიროვნება – არქიმანდრიტი კითხვაზე, რას ფიქრობს საპატრიარქო მის წყევლაზე

არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილის განცხადებით, რომელმაც გუშინ საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველიშვილზე დაწერა ბერას გაკრიტიკების გამო, რომ მას „ყელის კიბო უშველის“, მომღერალი არ დაუწყევლია და ეს იმიტომ დაწერა, რომ მიეხვედრებინა, „რაც გააკეთა“.

„ზუსტად ისე ვუპასუხე, რომ მისთვის სიმები შემერხია, რომ მიმხვდარიყო, რაც გააკეთა“, — თქვა არქიმანდრიტმა 25 ოქტომბერს ტვ პირველზე დიანა ტრაპაიძის გადაცემაში.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად ჯდება საპატრიარქოს წარმოდგენაში სასულიერო პირი, რომელიც იწყევლება, მან უპასუხა: „მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს… არ დამიწყევლია და ამაზე აპელირებას ნუ აკეთებთ… მე ვარ პიროვნება, დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს“.

ფირცხალაშვილის გუშინდელი კომენტარი რაჭველიშვილის კრიტიკას მოჰყვა ბერას მისამართით მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ამაზონის ტყის აღსადგენად 1.1 მილიონ აშშ დოლარს რიცხავს. „აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“, — ასე გამოეხმაურა ფეისბუკზე არქიმანდრიტი რაჭველიშვილს.

წამყვანმა მას ასევე გაახსენა მის მიერ 2013 წელს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წყევლა: „წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგოს, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ“!

არქიმანდრიტმა თქვა, რომ ზუსტად ახსოვს ეს ტექსტი: „ზეპირად შემიძლია გითხრათ“. კითხვაზე, უარყოფს თუ არა, რომ მაშინ ნამდვილად დაწყევლა სააკაშვილი, მან უპასუხა:

„მე არ ვაქტიურობ მაშინ, როცა ქვეყანაში რამე ცუდი არ ხდება. მე ვარ ადამიანი, რომელიც დავდიოდი ციხეში, ვიცოდი, რა პრობლემები იყო. მე მგონი, მაშინ რელიგიის კანონთან დაკავშირებით იყო ჩემი ასეთი გულწრფელი რეაქცია გარკვეულ ქადაგებაზე, საზოგადოების აღშფოთებაზე… მე ვფიქრობ, რომ ისტორიულადაც, წყევლა არ მიემართება ადამიანის უბედურებას, ის ადამიანის გარკვეული საქციელისთვის უნდა იყო შემაკავებელი…

ამ წუთში, ამ ეტაპზე ვიმეორებ და ვადასტურებ, რომ ჩემი სიტყვები, რომელიც არ შეიცავდა კონკრეტულ სურვილს და არც წყევლას, იყო იმისთვის, რომ ეს ადამიანი [რაჭველიშვილი] მიხვედრილიყო, რომ არ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანზე თავდასხმის განხორციელება“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი