ახალი ამბებისაზოგადოება

რესტორან „ჩემო კარგოს ქარხანაში“ 10-ზე მეტი პირი სალმონელათი მოიწამლა — დაზარალებულები

24 ოქტომბერი, 2019 • 3876
რესტორან „ჩემო კარგოს ქარხანაში“ 10-ზე მეტი პირი სალმონელათი მოიწამლა — დაზარალებულები

თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, „ჩემო კარგოს ქარხანაში“ სტუმრობის შემდეგ 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, საავადმყოფოში მოხვდა მძიმე ინტოქსიკაციით, — ამბობენ დაზარალებულები. 

მათ თანახმად, კლინიკა ამბობს, რომ მოწამვლის მიზეზია სალმონელას ჩხირი, რომელიც ძირითადად ქათმის ხორციდან და კვერცხიდან გადადის. რესტორანი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ საეჭვო კერძები რეალიზაციიდან ამოღებულია, თუმცა სალმონელას ბაქტერია მხოლოდ ვარაუდია და ზუსტ შედეგებს ელოდებიან.

მოქალაქე სოფო ტოროშელიძის ცნობით, 19 ოქტომბერს ამ რესტორანში მისი მცირეწლოვანი შვილი, მამამისი და კიდევ ორი მეგობარი მოიწამლნენ. „საბედნიეროდ ფატალურ შედეგს გადავრჩი, თუმცა უმძიმესი ინტოქსიკაცია აქვს“, — წერს იგი.

კიდევ ერთი მოქალაქე, ზვიად ხომერიკი წერს, რომ იმავე დღეს ის და მისი მეუღლე იმავე რესტორანში იმყოფებოდნენ და ქათმის ბარკლები შეუკვეთეს, რის შემდეგაც მისი მეუღლე მოიწამლა და ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება.

„აღმოჩნდა, რომ ჩვენ მარტო არ ვართ დაზარალებულები — ზუსტად ამ დაწესებულებაში იმ დღეს, როდესაც ჩვენ ვიმყოფებოდით, 19 ოქტომბერს, კიდევ 11 ადამიანია მიწამლული სალმონელას ჩხირით“, — წერს იგი. 

მათი ინფორმაციით, კლინიკამ პაციენტების ორგანიზმში აღმოაჩინა ბაქტერია სალმონელა.

რა არის სალმონელა?

როგორც კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ვებგვერდზე წერია, სალმონელას ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

სალმონელას ბაქტერია ნორმალურ პირობებში ძირითადად ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ინფიცირდებიან ძირითადად დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით. ასევე, სალმონელათ ინფექცია, როგორც წესი, გამოწვეულია უმი ან მოუმზადებელი ხორცის, კვერცხის ან კვერცხის პროდუქტების მიღებით.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს კლინიკასთან/ჯანდაცვის სამინისტროსთან ინფორმაციის დაზუსტებას.

რესტორნის პასუხი

რესტორანმა ამ ამბის გახმაურების შემდეგ ფეისბუკზე პასუხად დაწერა, რომ „აღნიშნულ შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის აქტით გამოირიცხა კომპანიის მიერ კერძების მომზადების ტექნიკის დარღვევა“ და ამჟამად მათი მომწოდებლებისგან მიღებულ ნედლეულს ამოწმებენ.

რესტორნის თანახმად, ჯერ არ აქვთ უფლება, გაასაჯაროონ მომწოდებლების სახელები, თუმცა, როგორც კი მოკვლევა დასრულდება, „მოხდება ყველანაირი ინფორმაციის გასაჯაროება“.

ამავე დროს, რესტორანში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ „ის კონკრეტული კერძები, რაზეც არის ეჭვები, ამოღებულია რეალიზაციიდან, თუმცა ობიექტი არ წყვეტს მუშაობას იქიდან გამომდინარე, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ორჯერ შეამოწმა და მუშაობის პროცესში არანაირი დარღვევა არ გამოუვლენია“.

„ჩემო კარგოს ქარხანაში“ „ნეტგაზეთს“ ასევე განუცხადეს, რომ დაზუსტებული არ არის მოწამლულთა არც რაოდენობა და არც ის, თუ რა არის მათი ავადმყოფობის მიზეზი:

„ჯერჯერობით არაფერი არ არის დაზუსტებული. არც კლინიკის პასუხები ყოფილა დაავადებასთან დაკავშირებით და არც სურსათის ეროვნული სააგენტოდან. არც სალმონელა არ არის დადასტურებული ჯერ… გამოითქვა ვარაუდი, მაგრამ ამის წერილობითი საბუთი ჯერჯერობით არ არსებობს. შესაბამისად, სანამ ხელმოწერილი პასუხები არ დაიდება, ვერ ვიტყვით ასე გადაჭრით, რისი ან ვისი ბრალი იყო“.

„მომხდარ ფაქტზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, გთხოვთ ნუ გააკეთებთ წინასწარი დასკვნებს, სანამ არ დასრულდება ლაბორატორიული კვლევები და არ დადგინდება საბოლოო სურათი“, — წერს რესტორანი ფეისბუკზე. „ნეტგაზეთთან“ ასევე ამბობენ: „მიდის მოკვლევა, მომწოდებლის ხარვეზი ან რაიმე სხვა პრობლემა ხომ არ იყო, საერთოდ შეიძლება ინფექცია იყოს, ან ჰაერწვეთოვანი გზით იყოს ეს ყველაფერი გადადებული“.

მათი ცნობით, ორშაბათს, 28 ოქტომბერს, ცნობილი გახდება პასუხები სურსათის ეროვნული სააგენტოდან. „ასევე ჩვენ გადავაგზავნეთ ნიმუშები დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე, რათა ჩვენც სიღრმისეულად შეგვესწავლა ეს საკითხი, რადგან ჩვენი სტუმრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყველაზე პრიორიტეტულია“, — გვეუბნებიან რესტორანში.


სურსათის ეროვნულ სააგენტოში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიუვიდათ შეტყობინება ინტოქსიკაციაზე, რის შემდეგაც სააგენტოს თბილისის საქალქო სამსახურმა მაშინვე ჩაატარა არაგეგმური ინსპექიტრება რესტორანში და „აღებულია ნიმუშები, რომლის შედეგებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი