ახალი ამბებირეკლამა

პატიმრების რესოციალიზაციის რეალურ ნაბიჯებს სახელმწიფოსგან ვერ ვხედავ, ვწუხვარ

23 ოქტომბერი, 2019 • 2850
პატიმრების რესოციალიზაციის რეალურ ნაბიჯებს სახელმწიფოსგან ვერ ვხედავ, ვწუხვარ

ნინო ზაუტაშვილი, ჟურნალისტი:

„პატიმრების რესოციალიზაციის რეალურ ნაბიჯებს სახელმწიფოსგან ვერ ვხედავ, ვწუხვარ. პირველ რიგში სახელმწიფო უნდა იყოს მაგალითი სტიგმის დასამარცხებლად.

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეშალოს რაიმე, მოუვიდეს ძალიან მძიმე შეცდომაც ცხოვრებაში, ზოგადად მომხრე ვარ ყველამ თავისი შრომით და კეთილსიდისიერებით, მონდომებით გამოასწოროს დანაშაული. საზოგადოება ამას უნდა შეხვდეს ემპათიით, დაივიწყოს რაც მოხდა და მისცეს შესაძლებლობა ყველას ცხოვრების თავიდან დაწყებისა.

წლები, რითაც იხდის სასჯელს ადამიანი, არის სრულიად საკმარისი იმისთის, რომ ყოფილმა პატიმარმა იგრძნოს თავი საზოგადოების ღირსეულ წევრად. აქ არ არის საუბარი განსაკუთრებულ მძიმე დანაშაულებებზე, რაც სხვა შემთხვევაა.

საპატიმროში მყოფ ბევრ ადამიანზე მეტად დამნაშავე მგონია ყველა, ვინც დგას იქ, სადაც შეუძლია რაღაცის შეცვლა და არ ცვლის. ისინი გაცილებით ბევრს აშავებენ.

მე ვიცნობდი ერთ ადამიანს, რომელიც ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ცდილობდა, რომ დასაქმებულიყო, მაგრამ ახსენებდა თუ არა დამსაქმებელთან ნასამართლობას, იქვე მთავრდებოდა ყველაფერი.

რა გზა რჩება ასეთ ადამიანს არსებობისთვის? მხოლოდ ის, რომ ციხეში დაბრუნდეს. ადამიანს სჭირდება არსებობა, სუნთქვა, კვება, სხვადასხვა რამ, რაც ზოგისთვის არ არის ხელმისაწვდომი გარეთ და ხელმისაწვდომია ელემენტარული პირობები მხოლოდ ციხეში.

რესოციალიზაციის პროცესი სკოლიდანვე უნდა დაიწყოს ცნობიერების ამაღლებით, დამოკიდებულებების შეცვლით.

სახელმწიფომ უნდა უშუამდგომლოს კომპანიებთან ყოფილ პატიმრებს და მათი დასაქმების სანაცვლოდ დამსაქმებლებს უნდა შესთავაზონ გარკვეული შეღავათები.

არავინ არავისზე უკეთესი არ არის. როცა გარემო ჯანსაღი და დადებითია, როცა კარგ გარემოში ვართ, მეტი შანსი გვაქვს უკეთესი მხარეები ვაჩვენოთ, თუმცა პირიქითაც ხდება ხოლმე.

როცა სახელმწიფო იქნება გამართული, სტიგმაც მოიხსნება. როცა ადამიანი იხდის სასჯელს, იხდის ბოდიშს, მას ხელი აღარ უნდა კრა. არცერთ ადამიანს არ აქვს ამის უფლება, მითუფრო სახელმწიფოს და სისტემას, რომელსაც ჩვენვე ვირჩევთ ქვეყნის სამართავად, ქვეყნის, რომელიც გვსურს, რომ ჰუმანური იყოს“.


 

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი