ახალი ამბებირეკლამა

თამარ ხულორდავა: სასჯელის მოხდა პატიმრის რეაბილიტაციას უნდა ისახავდეს მიზნად

17 ოქტომბერი, 2019 • 2378
თამარ ხულორდავა: სასჯელის მოხდა პატიმრის რეაბილიტაციას უნდა ისახავდეს მიზნად

თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის წევრი:

„ყველა საზოგადოებაში არსებობს გარკვეული სტიგმა ყოფილი პატიმრების მიმართ, თუმცა ის სხვადასხვა ფორმით ვლინდება სხვადასხვა ქვეყანაში. იქ, სადაც მეტია განათლება, დასაქმება და ეკონომიკური კეთილდღეობა, ეს პრობლემა ნაკლებად იჩენს თავს, თუმცა იქაც არსებობს შიში განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მიმართ. ამ შიშს ობიექტური გარემოებებიც ამყარებს. სასჯელაღსრულების სისტემაში ხშირად განმეორებითი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს.

ორი მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. პირველ რიგში, სასჯელის მოხდა პატიმრის რეაბილიტაციას და რესოციალიზაციას უნდა ისახავდეს მიზნად, და არა მხოლოდ ადამიანის გარკვეული დროით საზოგადოებისგან იზოლაციას. თუ მხოლოდ იზოლაციას დავჯერდებით, ეს, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ გარკვეული დროით გადაავადებს დანაშაულის ჩადენას. რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია იმას ნიშნავს, რომ პატიმრობის პერიოდში მეტი უნდა ვიმუშაოთ პატიმრებთან და ხელი შევუწყოთ მათ, სწორად გადააფასონ თავიანთი საქციელი და მოემზადონ გათავისუფლების შემდგომ დანაშაულისგან თავისუფალი ცხოვრებისთვის.

ძალიან ეფექტურია პატიმრების  სწავლების პროგრამებში ჩართვა, რაც პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ ახალი ცხოვრების დაწყებაში ეხმარება. ამ სფეროს ბოლო წლების განმავლობაში ყურადღება ექცევა, თუმცა სამწუხაროდ სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ჯერ კიდევ არ არის ასეთი პროგრამები ხელმისაწვდომი. განსაკუთრებით აუცილებელია საპატიმროებში მყოფ არასრულწლოვნებთან და ახალგაზრდებთან მუშაობა. ზოგჯერ საზოგადოების წევრები არ არიან კეთილგანწყობილი ასეთი პროგრამების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმართ. ისმის პრეტენზიები, რომ დამნაშავეებზე დამატებითი რესურსის დახარჯვა ისეთ ქვეყანაში, სადაც არასახარბიელო სოციალური ფონია, არ არის გამართლებული, მაგრამ, ვფიქრობ, საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ ეს პროექტები ერთი პატიმრის რეაბილიტაციას კი არ ხმარდება მხოლოდ, არამედ ინვესტიციაა ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებაში.

მეორე მხრივ, სამუშაოა საზოგადოებასთან. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ადამიანმა უკვე მოიხადა სასჯელი მისი ჩადენილი დანაშაულისთვის. თუ ჩავიკეტებით, ყოფილი პატიმრების მიმართ უნდობლობით განვეწყობით, პაქტიკულად ვუბიძგებთ მათ ახალი დანაშაულის ჩადენისკენ. კარგი იქნება, თუ კერძო სექტორს წავახალისებთ, რომ მისცენ ყოფილ პატიმრებს დასაქმების და პატიოსანი შრომით საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა“.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი