ახალი ამბებიკომენტარი

ესმა გუმბერიძე: ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია ციხიდანვე უნდა იწყებოდეს

31 ოქტომბერი, 2019 • 7136
ესმა გუმბერიძე: ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია ციხიდანვე უნდა იწყებოდეს

ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი გაეროში:

„ციხიდანვე უნდა იწყებოდეს ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია. ციხეში პატიმარი როცა უსაქმოდ ზის და არ იცის დრო როგორ გაიყვანოს, ამისგან კარგ შედეგს ვერ მივიღებთ.

აუცილებლად უნდა დასაქმდნენ და დაკავდნენ ყოფილი პატიმრები ციხეშივე.

ამერიკაში ცხოვრებისას ვნახე ასეთი პრაქტიკა, რომ პატიმრობაშივე ასაქმებდნენ პირებს მშენებლობებზე, სხვადასხვა სამსახურში, უხდიდნენ ხელფასს, ნაწილი მათ რჩებოდათ, ნაწილი კი შემნახველ ანგარიშზე ირიცხებოდა – გათავისუფლების შემდეგ მინიმალური დანაზოგი რომ ჰქონოდათ, რითაც ცხოვრებას დაიწყებდნენ. სხვა შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ისინი ციხეშიც და ციხის შემდეგაც იქნებოდნენ კრიმინალისგან წამოსულ ფულსა და კრიმინალურ სოლიდარობაზე დამოკიდებული.

საქართველოში სტიგმა ყოფილ პატიმრებზე ხშირად არის შერჩევითი და არ არის რაციონალური. მსხვილი მასშტაბის მექრთამეს და სახელმწიფო დანაშაულისთვის ნასამართლევს საზოგადოება შეიძლება პატივსაც სცემდეს და პარლამენტშიც კი აღმოჩნდეს ასეთი პირი, საკუთარი გავლენების, სანაცნობო წრის, მატერიალური მდგომარეობის წყალობით. ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ ასეთი პირებისგან სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი გაცილებით დიდია, ვიდრე წვრილმანი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირებისა, რომელთა დანაშაულს, ძირითადად, კრიმინალური სუბკულტურა, სოციალური პირობების სიმძიმე განაპირობებს.

თუ ციხეში პატიმრის უფლებები ირღვეოდა და იქ ძალადობის მსხვერპლი იყო, ყოფილმა პატიმარმა შეიძლება ჩაიდინოს განმეორებითი დანაშაული სამაგიეროს გადახდის, გარკვეული ანგარიშსწორების მიზნით, დასწავლილი ქცევის გავლენით. განმეორებითი დანაშაული შესაძლოა იყოს პროტესტის ფორმაც – „თუ ჩემზე ძალადობდნენ, მეც ვიძალადებ სხვაზე“.

კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლა, პრევენციის ტიპის პროგრამები სკოლიდანვე უნდა ხორციელდებოდეს“.

____________________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი