ახალი ამბები

სალია: დვალი-აქიმიძის სარჩელი დაგვიანებულია

17 ოქტომბერი, 2019 •
სალია: დვალი-აქიმიძის სარჩელი დაგვიანებულია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია, რომელიც ტელეკომპანიის საქმეზე ამჟამინდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი იყო, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს პასუხობს. მისი თქმით, დვალი-აქიმიძის სარჩელი დაგვიანებულია და არც მათი ადვოკატის, კახა კოჟორიძის არგუმენტაციას იზიარებს, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ ხანდაზმულობის საკითხს ხალვაშის სარჩელის მსგავსად განმარტავენ:

“ნაადრევია ვისაუბროთ სარჩელის შინაარსზე, თუმცა პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ფაქტებიდან შემიძლია ერთი კომენტარი გავაკეთო. განსხვავება არის ქიბარ ხალვაშისა და ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალის სარჩელებს შორის, რომ დროში არის ძალიან დიდი განსხვავება. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10-წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით.

ასევე, მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ, პროკურატურისთვის მიმართვით, დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომომდინარე, რომ ხანდაზმული არ იყო ქიბარ ხალვაშის სარჩელი, დაკმაყოფილდა ის. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო. თუმცა ჩემი, როგორც იურისტის, პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებული და მათ ამ სარჩელის წარდგენა უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე”, – ამბობს სალია.

მანამდე კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ ახალ სარჩელში ხალვაშის არგუმენტაციას საქმის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით გამოიყენებენ. კერძოდ, როგორც იურისტი განმარტავს, ხალვაში ამბობს და უზენაესმაც გაიზიარა, რომ ამ საკითხზე ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული იმიტომ, რომ იძულება ხორციელდებოდა ქიბარ ხალვაშზე მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე:

“იძულება თუ იყო განგრძობადი იმიტომ, რომ მაშინდელი ხელისუფლება იყო ხელისუფლებაში და ეს არგუმენტი არის ვალიდური, ესეც არის ჩვენი სასარგებლო არგუმენტი. მეორე არგუმენტი, რასაც ხანდაზმულობასთან მიმართებით ქიბარ ხალვაში ამბობს და დიდი პალატაც ეთანხმება, არის ის, რომ ხანდაზმულობის ვადა შეწყდა პროკურატურაში საჩივრის შეტანისას, ანალოგიურად ჯარჯის და დავითს აქვთ პროკურატურაში საჩივარი შეტანილი [2012 წელს]” ,- ამბობს კოჟორიძე.

როგორ განმარტა უზენაესმა სასამართლომ ხანდაზმულობისა და შეცილების ვადები ქიბარ ხალვაშის საქმეზე

  • დიდმა პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის [ქიბარ ხალვაშის] მიმართ იძულება, სულ მცირე, 2012 წლის არჩევნებამდე მაინც გრძელდებოდა, ვინაიდან ახლად არჩეულმა პარლამენტმა 2012 წლის 5 დეკემბრის აქტით იგი პოლიტიკურ დევნილად ცნო. აქედან გამომდინარე, სსკ-ის 89-ე მუხლით დადგენილი შეცილების ერთწლიანი ვადის დენის დაწყებამდე („იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან“), საქართველოს პროკურატურაში 2008 წლის 1 დეკემბერს წარდგენილი საჩივრით მოსარჩელე შეეცილა იმ სადავო გარიგებების ნამდვილობას, რამაც განაპირობა ტელეკომპანიაში წილების გასხვისება.
  • დიდმა პალატამ განმარტა, რომ შეცილებისა და ხანდაზმულობის ვადები ერთმანეთისაგან განსხვავდება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავისი დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა იმ სახელმწიფო ორგანოს (პროკურატურას), რომელსაც ხელეწიფებოდა ამ უფლების აღდგენა (სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე წინადადება – „ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები“). მოსარჩელემ, როგორც უფლებამოსილმა პირმა, 2008 წლის 1 დეკემბერს (შემდეგ განმეორებითაც – 2009 წლის 29 იანვარს და 12 მარტს) საქართველოს პროკურატურას საჩივრით მიმართა იძულებით ჩამორთმეული ქონების გამო, საკუთრების ხელყოფილი უფლების დასაცავად, რაც სამართლებრივად ვარგისი საშუალებაა. შესაბამისად, ამ განცხადებით, სარჩელის სასამართლოში შეტანამდე, უკვე შეწყვეტილი იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენა. საქართველოს პროკურატურისადმი მიმართული საჩივრით ქ. ხ. კუთვნილი ქონების დასაბრუნებლად, როგორც დაზარალებულად, ასევე მოსარჩელედ ცნობასაც ითხოვდა. იმ დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის რედაქცია ამის შესაძლებლობას იძლეოდა. ამ ნორმის თანახმად: „პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი“. იმავე კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად კი, სამოქალაქო სარჩელი წარედგინებოდა იმ მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს, რომლის წარმოებაშიც იყო სისხლის სამართლის საქმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი