საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა მოეხსნება.
მთავარი არხის ცნობით, მიზეზი შემდეგია: სახელმწიფოს დაცვის სამსახურმა გააანალიზა საფრთხეები და დაასკვნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს არაფერი და არავინ დაემუქრება, თუ ის დაცვის გარეშე ივლის. ნეტგაზეთი უწყებასთან ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.
“ეს არის ინსტიტუტებზე შურისძიება. აქ არ არის გიორგი მარგველაშვილზე საუბარი, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ პრეზიდენტი არავინ არ არის, არც ყოფილი პრეზიდენტი არავინ არ არის, ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტი არაფერი არ არის. არც პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყანაში არავინ არ არის. ამისი იდეოლოგიზაცია ხდება. მე მგონი, ამ პოლიტიკური საუბრებების განმავლობაში ვეთანხმები ბატონ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ მე ნამდვილად არაფერი მემუქრება და არ მგონია, რომ ასეთივე პოზიტივი ჰქონდეს მას. მე არაფერი მემუქრება, რადგან პოზიტივს ვხედავ საზოგადოების მხრიდან”, – აცხადებს მთავარ არხთან ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილი
მარგველაშვილის განცხადებით, ამ ყველაფერში არის პირადი შურისძიების ელემენტებიც, თუმცა გადაწყვეტილება, რომ დაცვა აღარ დაენიშნოთ პრეზიდენტებს, ძირითადად მიმართულია პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ.
კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის“ დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხება და, შესაბამისად, მას დაცვა ეხსნება. დაცვა არ მოიხსნება იმ შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
გარდა მარგველაშვილისა, 2020 წლის ივნისიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა აღარ უნდა დაიცვას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უშუალოდ ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით და შეუნარჩუნებს თუ მოუხსნის მას სახელმწიფო დაცვას, ესეც მის მიმართ არსებული საფრთხეების შეფასების შემდეგ გადაწყდება.