ახალი ამბები

სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას იზიარებს

17 მარტი, 2023 • 1583
სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას იზიარებს

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მიამიტობაა თუ ვინმეს ჰგონია, რომ პროგრესის მიღწევა რიგგარეშე არჩევნების გარეშეა შესაძლებელი.

სააკაშვილის თქმით, პოლიტიკოსებს სჭირდებათ მეტი რწმენა საკუთარ თავში და ხალხის გამარჯვებაში:

„ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნეს მიღწეული რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე. ყოველი დღე რუსების ყოფნისა საპარლამენტო უმრავლესობაში ძალიან საშიშია საქართველოსთვის. პოლიტიკოსებს სჭირდებათ მეტი რწმენა საკუთარ თავში და ხალხის გამარჯვებაში“, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, ახლა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა სწორედ, რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანა და გიორგი მარგველაშვილის პოზიციას იზიარებს:

„ყველას გვჭირდება დიალოგი და მოსმენა, ურთიერთშეთანხმება. ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა პირდაპირ მიგვანიშნებდა, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გადარჩენა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან სახიფათო გეოპოლიტიკურ გარემოში ვიმყოფებით. ამიტომ, მოწინააღმდეგეზე უფრო ორგანიზებული, მოქნილი უნდა ვიყოთ და ხალხმა ხელიდან არ უნდა გაუშვას ინიციატივა“, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის თქმით, ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას არ გეგმავს, შესაბამისად, არ აქვს პრეტენზია, რომ ფლობს ზუსტ რეცეპტს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს:

„ვინაიდან არ ვგეგმავ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ ვფლობ ზუსტ რეცეპტს, მაგრამ ახლა პოლიტიკური მიმოხილვების დრო ნამდვილად არაა – ყველა მუდმივად უნდა ვეძებდეთ გამოსავალს და იმაზე მალე ვიპოვით, ვიდრე გვგონია. აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო. გვახსოვდეს ყველას, რომ ოლიგარქმა აირჩია წაგებული ბანაკი რუსეთის სახით და ესეც ამყარებს ხალხის პოზიციებს და აჩქარებს მის გამარჯვებას“ ,— ამბობს სააკაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე გაიმართება, ის ძველი, შერეული წესით უნდა ჩატარდეს, რაც გულისხმობს პროპორციულ და მაჟორიტარული მანდატების 120/30-ზე პროპორციითა და ბუნებრივი ბარიერით.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, 5 -პროცენტიანი ბარიერის პირობებში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი