ახალი ამბები

FARA-ს მიხედვით, სააკაშვილმა თანხა არა მარგველაშვილს, არამედ PR კომპანიას გადაუხადა

25 ივლისი, 2023 • 1683
FARA-ს მიხედვით, სააკაშვილმა თანხა არა მარგველაშვილს, არამედ PR კომპანიას გადაუხადა

FARA-ს თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა თანხა გადაუხადა პიარკომპანია Cision/PR Newswire-ს და არა ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, როგორც ამის წარმოჩენას საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წამოწყებული კამპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თანხა გადახდილი აქვს Cision/PR Newswire-თვის.

აღნიშნულ პიარკომპანიას ქირაობდა ბიძინა ივანიშვილი, „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ დავებზე ინფორმაციის გასავრცელებლად.

PR Newswire არის პრესრელიზების დისტრიბუტორი, რომლის სათავო ოფისი აშშ-ში, ჩიკაგოში მდებარეობს.

  • რა ხდება?

24 ივლისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო“.

FARA-ს მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა Cision PR Newswire-ს 11 559 დოლარი გადაუხადა პრესრელიზის დისტრიბუციისთვის, სახელწოდებით – „გიორგი მარგველაშვილი უძღვება კოალიციას, რომლის ძალისხმევაც ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა“. ამ სახელწოდებით ინგლისურენოვანი განცხადება PR Newswire-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

მარკეტინგულ პლატფორმას განცხადება მიაწოდა გიული ალასანიას მიერ დაქირავებულმა საკონსულტაციო კომპანია GlobalPoint International-მა. PR Newswire-ის თანახმად, განცხადებას 150-ზე მეტი ხელმომწერი (გამოქვეყნებულია 30) ჰყავს, მათ შორის არიან ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვაირა ვიკე-ფრაიბერგა და სხვა ყოფილი ლიდერები.

Cision/PR Newswire კლიენტებს სთავაზობს ინფორმაციის გავრცელებას თავისი ქსელის მეშვეობით, რომელიც კომპანიის მტკიცებით, აღწევს 200 000-ზე მეტ ნიუსრუმში, ვებსაიტებსა და ციფრულ პლატფორმებზე. ეთიკური მედიასაშუალებები, როგორც წესი, უთითებენ ხოლმე, თუ მასალა არის სარეკლამო.

Cision/PR Newswire-ის მეშვეობით ავრცელებდა ინფორმაციას, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის მხარე შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან დავის შესახებ.

  • „ოცნების“ გამოხმაურება და მარგველაშვილის პასუხი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საინტერესო,ა თავად გიორგი მარგველაშვილმა დააფიქსიროს, ჰქონდა თუ არა მას პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი და კომუნიკაცია ლობისტებთან და მან დაწერა თუ არა პეტიცია, რომელსაც მარგველაშვილის სახელი დაერქვა.

„მე მგონი, მთელმა საზოგადოებამ ნახა „რუსული კანონის“ სარგებელი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს. საქართველოშიც არ გვაქვს „რუსული კანონი“, თორემ გავიგებდით არა მხოლოდ იმას, თუ რა თანხა დაიხარჯა ამ ე.წ. პეტიციის დისტრიბუციაში, არამედ იმასაც გავიგებდით, ვის რა თანხა აქვს აღებული ამ პეტიციის შემუშავებასა და ხელმოწერაში“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

თანხის აღებაში მარგველაშვილი პირდაპირ დაადანაშაულა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ხალხის ძალიდან“ გურამ მაჭარაშვილმა.

„კონტრაქტმა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ძალიან ბევრს შეუქმნა უხერხულობა. სამაგიეროდ, საზოგადოებას აქვს კომფორტი, რადგან მიხვდა, ვინ, სად და რა საქციელს სჩადიოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მათ შორის, სამწუხაროდ, აქ მოხვდა ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილიც, რომელიც არ გამოირჩევა დიდი მხარდაჭერით საზოგადოებაში, მაგრამ რადგან გაჩნდა კითხვები, ამ ადამიანს რაღა უნდოდა და რატომ ებრძოდა საკუთარ ქვეყანას, ახლა უკვე საზოგადოებამ გაიგო, რომ ხდება დაფინანსებები. სწორედ ამ დაფინანსების გამო ძალიან ბევრი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტიც, იღებს ამ თანხებს“, — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თანხის სანაცვლოდ მოქმედებაზე გააკეთა აქცენტი თბილისის მერმა კახი კალაძემ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობდა.

„ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია, ვისთან, როგორ, რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, როდესაც ფულს იღებ იმისთვის, რომ რაღაც პოზიცია დაიჭირო, ძალიან მძიმე ფაქტია, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკოსი გქვია“, — თქვა კალაძემ.

თავად გიორგი მარგველაშვილმა ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა ინფორმაციას მის მიერ თანხის მიღებაზე. მან თქვა, რომ ამ საკითხზე მხოლოდ ხუმრობით შეუძლია გააკეთოს კომენტარი,  ასეთი მცირე თანხით კი შეურაცხყოფილია.

„როდესაც [მარგველაშვილს] უთხრეს, რომ 11 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, ერთადერთი რამ თქვა — 11 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო. ანუ გაყიდვა დაუშვა. აქედან ჩანს მისი სახე“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • მარგველაშვილის მხარდაჭერა სააკაშვილისადმი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის 140-ზე პირმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება 2022 წლის დეკემბერში გაავრცელეს.

ისინი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის და ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებების საფუძველზე ამბობდნენ, რომ საქართველოში სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხდება და პროცესი დასრულდება წამებით სიკვდილით, რასაც ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები.

იდენტური შინაარსისაა Cision/PR Newswire-ის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელზე ხელმომწერები შეშფოთებას გამოთქვამდნენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე და მძიმე მეტალებით მის შესაძლო მოწამვლაზე და პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებდნენ.

„არაადამიანური მოპყრობის შედეგად პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოს ციხის საკანში გარდაცვალება ძალიან საზიანო შიდა და გარე პოლიტიკურ შედეგებს მოუტანს საქართველოს და გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას. ასეთ ფატალურ შედეგს ვერ მივიღებთ. ჩვენ არ შეგვიძლია ჩუმად ვუყუროთ, როგორ მოკვდება პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში. ის სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ“, — ნათქვამია განცხადებაში.

მაშინ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა წამოიწყო ხელმოწერების შეგროვება მისი წინამორბედის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით.

მარგველაშვილი და 140-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი