ახალი ამბები

მოქალაქის თქმით, “ისთ ფოინთთან“ ავტოავარია გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობის გამო მოხდა

17 ოქტომბერი, 2019 • 1207
მოქალაქის თქმით, “ისთ ფოინთთან“ ავტოავარია გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობის გამო მოხდა

ნანუკა ზაალიშვილი ამბობს, რომ “ისთ ფოინთთან“, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, გზის რეაბილიტაციის ფარგლებში საავტომობილო სავალ გზაზე ნიშნები არ არის. მისი თქმით, ნიშნების არარსებობის გამო მისი მეუღლე ავტოავარიაში მოყვა, პატრულმა კი რეაგირების ნაცვლად ისევ მძღოლი დააჯარიმა.

ნანუკა ზაალიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ სანამ ავარიის ადგილზე იმყოფებოდნენ, მსგავს სიტუაციაში კიდევ 3 მანქანა მოყვა.

„პატრულმა ჯარიმა გამოწერა უყურადღებობაზე, რომ მძღოლმა ვერ დაინახა ორმო/ღრმული. ვფიქრობთ, საჩივარი შევიტანოთ: 1. ჯარიმა პატრული გავასაჩივროთ. 2. პატრულის ეკიპაჟის გულგრილობისთვის, რომ სამომავლოდ სხვების უსაფრთხოებაზე არ იზრუნეს 3. კეთილმოწყობა/მერიის წინააღმდეგ, რომ ასე დატოვეს ეს სახიფათო მონაკვეთი“, – უთხრა ზაალიშვილმა ნეტგაზეთს.

ნეტგაზეთმა კითხვით მიმართა თბილისის მერიასაც, სადაც გვითხრეს, რომ ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურს განვითარების საქალაქო სამსახური მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და ასფალტის რეაბილიტაციას ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, გზატკეცილზე საჭიროებისამებრ განთავსებულია ნიშნები.

“სამუშაოებს აწარმოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია “ჯეუ გრუპი”. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ნოემბერში დასრულდება… ამას აკონტროლებენ მერიის შესაბამისი უწყებები“, – ამბობენ მერიაში.

განახლება: ნანუკა ზაალაშვილი დღეს, 14 ნოემბერს დაუკავშირდა ნეტგაზეთს და უთხრა, რომ შსს-მ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც ის და მისი მეუღლე გამოწერილ ჯარიმას აპროტესტებდნენ. ზაალაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ, ისინი დავის გასაგრძელებლად სასამართლოს მიმართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი