ახალი ამბები

ალასანია: ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა ათქმევინეს უარი საქართველოს თავდაცვით შეიარაღებაზე

3 აპრილი, 2015 •
ალასანია: ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა ათქმევინეს უარი საქართველოს თავდაცვით შეიარაღებაზე

“საჰაერო თავდაცვით შეიარაღებაზე უარი ათქმევინა საქართველოს ბატონმა ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა, იმიტომ, რომ მათ არადსროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და არ ჰქონიათ სოლიდარობა ქართულ ჯართან”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

მისივე თქმით, დეტალურად ვერ ისაუბრებს 2014 წლის 28 ოქტომბერს საფრანგეთთან მის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის შესახებ, რომელსაც ექვსი თვის ვადაში უნდა მოჰყოლოდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ 6 თვე გავიდა და ეს შანსი ქვეყანამ ხელიდან გაუშვა. მან დღეს ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ბენეფიტებს მიიღებდა ქვეყანა, თუკი ეს ხელშეკრულება გაფორმდებოდა.

 

“ბუნებრივია, ვერანაირ დეტალს ვერ გავავმხელ, თუ რა ტაქტიკური ოპერატიული საშუალებები იქნებოდა საქართველოში განთავსებული. მაგრამ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა იქნებოდა შესაძლებელი: ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ყველა სახის მომბდამშენი, ვერტმფრენი იქნებოდა ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოსვლის შესაძლებლობის გარეშე. სრულ კონტროლს ავიღებდით ჩვენს საჰაერო სუვერენიტეტზე. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და 2008 წლის აგვისტოში ომში ნათლად დადასტურდა ეს საფრთხე, ჩვენ მოგვეცემოდა შესაძლებლობა, რომ გავმკლავებულიყავით ისეთ საფრთხესთან, როგორიც არის საშუალო და მოკლე სიშორის ბალისტიკური იარაღები, როგორიც არის ე.წ ისკანდერი და ასევე სხვა სარაკეტო სისტემები, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ამ 20 წლის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა მოწინააღმდეგემ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

ალასანიას თქმით, საქართველო საჰაერო დომინირებას ვერ მივაღწევს რეგიონში და ამიტომ აქცენტი უნდა იყოს გაკეთებული საჰაერო თავდაცვაზე, რომელიც იქნებოდა ის ქოლგა, რომელიც საქართველოს ეფექტური დაცვის შესაძლებლობა გაუჩენს.

 

ის ამბობს, რომ ეს საჰაერო თავდაცვითი სისტემები საქართველოს ბიუჯეტს დაუჯდებოდა წელიწადში რამდენიმე ათეული მილიონი და თანხის გადახდა დაიწყებოდა მას შემდეგ, რაც მოხდებოდა ამ სისტემების სრული მონტაჟი.

 

“დაცული ცა არა მხოლოდ უსაფრთხო ძილს ნიშნავს ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი შვილებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ რეალურად გაქვს ეკონომიკური სტრაბილური განვითარების შესაძლებლობა. არც ერთი ინვერსტორი არ ჩადებს დიდძალ ფულს ჩვენს ქვეყანაში, თუკი მან არ იცის, რომ ეს ინვესტიცია იქნება დაცული,”– თქვა ალასანიამ.

 

ალასანიას თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” მიმართავენ პარლამენტს, რომ დროებითი კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის, თუ რა პირობებში, როგორ დაიდო მემორანდუმი და რა დააკლდა ქვეყანას, რომ არ გაფორმდა შეთანხმება ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

“ვიდრე პოლიტიკურ სრულ უნდობლობას გამოვუცხადებდეთ პრემიერს, მე მინდა, ასეთი შესწავლა საქართველოს პარლამენტმა ჩაატაროს,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

ალასანიამ დღევანდელ ბრიფინგზე ისიც განმარტა, თუ რა კავშირი ქონდა ამ ყველაფერს ე.წ. კაბელების საქმესთან:

 

“28–ში დილით იგეგმებოდა შესაბამის ინდუსტრიებთან ხელმოწერა. მე დამირეკეს და გადმომცეს პრემიერ–მინისტრის სახელით, რომ არ მომეწერა ამ შეთანხმებაზე ხელი, არადა, ყველა დეტალი შეთანხმებული იყო მასთანაც და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან არაერთი თვის განმავლობაში. ჩემთვის ეს იყო არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი, ჩემთვის ეს იყო ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ეს შესაძლებლობა, რომელიც გაეხსნა, პოლიტიკური შანსი, რომელიც მიეცა მრავალწლიანი ემბარგოს შემდეგ, ხელიდან იქნებოდა გაშვებული. ამიტომაც, წინასწარ როგორც ვიყავით შეთანხმებული მთავრობასთან, მოვაწერე ხელი ამ მემორანდუმს და 2 თვის განმავლობაში ველოდებოდი სწორედ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების რეალიზებას. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. იმ მომენტში, როდესაც უარი ვთქვი, რომ ამ არასწორ უკანონო მითითებას დავმორჩილებოდი, მეორე დილით, როდესაც მივდიოდი ხელმოსაწერად, დაკავებული იქნა თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით, რომ მე უარს ვიტყოდი ჩემს სწორ განზრახვაზე,”– აცხადებს ალასანია.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, როდესაც ის თბილისში ჩამოვიდა, იკითხა, თუ რატომ დააკავეს ეს ადამაინი, თუმცა “წესიერი პასუხი” ვერ მიიღო.

 

მისივე თქმით, მას ჰქონდა იმედი, რომ მისი შემცვლელი, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე გააგრძელებდა ამ მიმართულებით მუშაობას იმის მიუხედავად, რომ მას სწორედ ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ არ მოეწერა ხელი მემორანდუმზე საფრაგეთში.

 

როგორც დღეს ალასანიამ თქვა, ქონდა იმედი, რომ მინდია ჯანელიძე მის დაწყებულ საქმეს გააგრძლებდა:


“ეს იმდენად მნიშვნელოვანი საქმეა, ჩავთვალე, რომ ჩემი ჩამოცილების შემდეგ ამ მნიშვნელოვან საქმეზე უარს არ იტყოდა ხელისუფლება და მთავრობა. მე მინდა აქვე გითხრათ და არ დავფარავ, რომ თავად ბატონი ჯანელიძე, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკატორის როლს ასრულებდა განხილვებში, რომელიც გვქონდა უსაფრთხოების საბჭოზე, სოლიდარულად იყო ამ თემის მიმართ განწყობილი და მხარდამჭერი და ამიტომ მქონდა ფრთხილი იმედი იმის, რომ ის მოახერხებდა, როდესაც მთლიანად აიღო პასუხისმგებლობა თავის თავზე, როდესაც მოუსმენდა დეტალურად ჩვენს სამხედროებს და გაიგებდა, ამის საჭიროებას კიდევ უფრო მეტად გააგრძელებდა ამ საქმეს,”– განაცხადა ალასანიამ. 

 

თავდაცვის ახლანდელმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ საიდუმლო თემებზე საუბრით ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანი ადგებოდა. ამაზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, როდესაც განაცხადა, რომ ”სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი და საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე”.

მინდია ჯანელიძემ 26 მარტს განაცხადა, რომ ალასანიასთან სატელეფონო საუბარი მართლაც შედგა, თუმცა ეს საუბარი მხოლოდ პროცედურების დაცვას შეეხებოდა:

 

”სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ ეს სატელეფონო საუბარი ეხებოდა იმას, რომ პროცედურები, რა პროცედურებიც საჭიროა, რომ დაცული იქნას საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერის დროს, ყოფილიყო დაცული. ეს იყო და ეს. არანაირი პრინციპული წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რაზეც ხელს აწრდა ალასანია, არ ყოფილა,”- განაცხადა ჯანელიძემ.

თუმცა, თავდაცვის მინისტრმა ხუთი დღის შემდეგ განსხვავებული განცხადება გაავრცელა. 1 აპრილს “თავისუფალმა დემოკრატებმა” კაბელების საქმის შესახებ ფილმი გაავრცელეს და მოგვიანებით, ირაკლი ალასანიამაც განაცხადა, რომ პარასკევს, 3 აპრილს საფრანგეთში გაფორმებულ ხელშეკრულებას სპეციალურ ბრიფინგს გამართავდა.

 

ამავე დღეს მინდია ჯანელიძემ დაადასტურა, რომ ალასანიას მართლაც თხოვა ხელმოწერის ”მხოლოდ რმდენიმე დღით” გადადება:

”ვთხოვეთ, რომ რამდენიმე დღით, მხოლოდ რამდენიმე დღით გადაედო, ვთქვათ, ეს ხელმოწერის პროცედურა და არა ისე, როგორც ის აცხადებს, რომ უარი ეთქვა საერთოდ ხელმოწერაზე. დაეცვა პროცედურები,”- განაცხადა ჯანელიძემ 1 აპრილს.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი