სამხრეთ კავკასიის ამბები

ირაკლი ალასანია აფხაზეთის დეიზოლაციაზე, გაშვებულ შანსებზე და უკრაინაზე

24 აგვისტო, 2022 • 2550
ირაკლი ალასანია აფხაზეთის დეიზოლაციაზე, გაშვებულ შანსებზე და უკრაინაზე

“კონფლიქტის გადაწყვეტის ორი გზა არსებობს – გაანადგურო მოწინააღმდეგე ან შეთანხმდე. ჩვენ მეტი გზა არ გვაქვს, გარდა შეთანხმებისა, და ამის რეალური საფუძველი არსებობს. არც სოხუმში, არც ცხინვალში და არც აქ, არავის უნდა კონფლიქტის კიდევ ერთხელ ცხელ ფაზაში გადაყვანა”, – აცხადებს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი [2012-2014] ირაკლი ალასანია საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს კონფლიქტების შესახებ საუბრისას.

ალასანიას თქმით, საქართველოსთვის დღეს ალტერნატივა არ აქვს კონფლიქტების გადასაჭრელად პირდაპირ დიალოგს.

ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ურთიერთობა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მათ აქვთ ჩემს თვალში ლეგიტიმაცია იმ საზოგადოების, რომელიც დღეს იქ ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ქართველები არ მონაწილეობენ იქ პოლიტიკაში, მაგრამ ისინი წარმოადგენენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც იქ დარჩა და მათთან პირდაპირი ურთიერთობა არის საფუძველი, რეალურად დავიწყოთ ნდობის აღდგენა. ის შიში, რომ ჩვენ თუ დაველაპარაკებით აფხაზების წარმომადგენლებს, მათ აღიარებას ვაკეთებთ ამით,  უსაფუძვლოა. შენ აღიარებ მათში იმ ლეგიტიმაციას, რაც მათ მისცა საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც იქ ცხოვრობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ [2004-2006]  ვმუშაობდი და მახსოვს, მაშინ იქ ყველა მხარს უჭერდა პირდაპირ დიალოგს.

მისივე აზრით, მოლაპარაკებების საბოლოო შედეგის განჭვრეტა შეუძლებელია და ეს დღეს დღის წესრიგში არც უნდა იდგეს.

“საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთს და ცხინვალს არასდროს აღიარებს და, ვფიქრობ, ეს მათაც კარგად იციან. მაგრამ რა ფორმებით მოხდება პოლიტიკური დარეგულირება, ეს უნდა იყოს ჩვენი სამომავლო დიალოგის შედეგი, რაც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის, ეს რთული პროცესია, მაგრამ ალტერანტივა არ აქვს, ეს უნდა გვქონდეს გააზრებული”.

ინტერვიუში ალასანია იმ შესაძლებლობებზეც საუბრობს, რომელიც ქართულ მხარეს ჰქონდა და ლიდერების პოლიტიკური გაუბედაობის გამო ვერ გამოიყენა კონფლიქტების დასარეგულირებლად.

აფხაზეთის ომის შემდეგ კონფლიქტის მოგვარების ჩემი ხედვა აბსოლუტურად სხვა იყო, რომ ძალით წართმეული ძალით დაგვიბრუნებინა. რაც სრულიად ლეგიტიმური იყო. თუმცა, თანამდებობაზე ყოფნისას, არაფორმალური შეხვედრებმა სხვანაირად დამანახა სურათი. მათში დავინახე მსხვერპლის სახე, იმ ხალხს დაღუპული ჰყავდა დები, ძმები, შვილები. პრაქტიკულად ჩემი თავი დავინახე მათში. დავინახე, რომ ორივე მხარე გეოპოლიტიკური გარემოების მსხვერპლი ვიყავით და დავინახე ის, რომ ვერ შევთახმდებოდით იმაზე, ვინ და როდის დაიწყო ეს კონფლიქტი. თუმცა ვთანხმდებოდით იმაზე, რომ ომი არ უნდა განახლდეს და ჩვენს შვილებს უკეთესი მომავლის შანსი მივცეთ. ამაზე იყო დაფუძნებული ის ნაბიჯები, რაც მაშინ გადავდგით, ურთიერთობის აღდგენა იწყებოდა, იდეები გაჩნდა. მე ჩავდიოდი სოხუმში. შამბა თბილისში ჩამოვიდა [აქვე ალასანია იხსენებს, რომ სააკაშვილი, შეთანხმების მიუხედავად, შამბას არ შეხვდა], იყო საუბარი ოჩამჩირეში ქართველების სახლების ინვენტარიზაციაზე, ისინი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდნენ. ჩემი ინიციატივა იყო ძალის განუახლებლობაზე შეთანხმება. თუმცა მივხვდი  რომ ჩვენს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ ჰქონდა მოლაპარაკებების წარმატებულად გაგრძელების იმედი. ჩვენს შეთავაზებებზე ხელის მოწერაზე უარი თქვეს. შემდეგ აფხაზებმაც დაიწყეს დისტანცირება.

2012 წლის შემდეგაც მქონდა იმედი, რომ ახალი შანსები გაჩნდებოდა. იგრძნობოდა, რომ მზაობა იყო, კეთილი ნება დაგვენახებინა არამილიტარისტული პოლიტიკის. მაგრამ ძალიან მალე ეს თემა ჩაიკეტა. არ ვიცი, რა მოხდა, ყველა ენთუზიაზმი გაუქრა საქართველოს ახალ პოლიტიკურ ლიდერს [ბიძინა ივანიშვილი]. ამის მიზეზი შეიძლება იყო უიმედობა, რომ ამ პრობლემის მოგვარება სწრაფად ვერ მოხდებოდა, ან მეორე, რუსული  მხარისგან იგრძნეს იმპულსი, რომ ამ თემას არ შეხებოდნენ. ესაა ჩემი დღევანდელი გადმოსახედიდან შეფასება.

რაც შეეხება სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებს, ალასანია ამბობს, რომ აფხაზეთის დეიზოლაციაა საჭირო.

მუდმივად იმ პოზიციაში ვიყავი ყველა თანამდებობაზე თუ მის გარეთ, რომ რეალური დეიზოლაცია აფხაზური საზოგადოების [ანალოგიურად მეორე კონფლიქტური რეგიონის] არის ერთადერთი გზა. დღეს ეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ჩვენ მათ უნდა მივცეთ საშუალება, ნახონ მსოფლიო. მივცეთ მათ შვილებს შესაძლებლობა, განათლება მიიღონ საზღვარგარეთ. მათ უნდა დაინახონ, რა სიკეთე მოაქვს დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში ცხოვრებას. ამის ერთადერთი გზაა, ჩვენ ხელი შევუწყოთ მათ დეიზოლაციას. ასევე გავუჩინოთ ეკონომიკური კეთილდღეობის შანსები. რა თქმა უნდა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნაბიჯები მყისიერ შედეგებს ვერ მოიტანს კონფლიქტის ამოწურვის კუთხით. მაგრამ ეს იქნება ნდობის გასაჩენად გადადგმული ნაბიჯები.

სხვა საკითხია, დღევანდელი რუსული ოკუპაციის პირობებში რამდენად შესაძლებელია ეს. არის გარკვეული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს რუსეთისთვის. აქ შეიძლება ტრანზიტის საკითხებზე მუშაობა, რომელიც ორმხრივად საინტერესო უნდა იყოს. ახლებური მიდგომები უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ აქამდე კონფლიქტის მოგვარებას ვცდილობდით იმ მიდგომებით, რა მიდგომებშიც დაიბადა ეს კონფლიქტი 30 წლის წინ და რეალურად ახალს არაფერს ვთვაზობთ. დღეიდანვე უნდა დავიწყოთ ფიქრი პოსტპუტინის პერიოდზე. პოსტ პუტინის პერიოდი დღეს თუ არა ხვალ იქნება, ეს გარდაუვალია. ჩვენ თუ მზად არ ვიქნებით, ჩვენი პარტნიორები სამშვიდობო მოლაპარაკებებში მზად არ გვეყოლება, არ იქნება უკვე შეთანხმებული პროექტები, მონახაზი დიდი მასშტაბის პროექტებისა, გაგვიჭირდება საერთო ენის პოვნა მათთან. მგონი, საზოგადოებაც მზად არის ჩვენთან ამისთვის.

ამასთან, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მთელ ამ პროცესში დევნილების პოზიციაც გასათვალისწინებელია.

“აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს დევნილების პოზიცია. ხანდახან ამ დისკუსიებში გამორჩენილია დევნილები. ჩვენ უნდა გვახსოვდეს და აფხაზებსაც უნდა შევახსენოთ, რომ თუკი მათ უნდათ გახდნენ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მათ უნდა გაიაზრონ, რომ არ შეიძლება, სრული უგულებელყოფა გაუკეთო ამხელა საზოგადოების ინტერესებს. მათ მოუწევთ ჩვენთან ერთად ამაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა მოხდეს პრობლემების გადაჭრა”.

უკრაინაზე

საქართველოს კონფლიქტებზე  საუბრისას, ირაკლი ალასანიამ ისაუბრა ამ კონფლიქტების აქტიურ ფაზაში უკრაინის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე.

უკრაინელები იცავნდნენ საქართველოს ინტერესებს და ჩვენ გვერდით იდგნენ და თავს სწირავდნენ. იგივე დევნილების ევაკუაციის დროს ფასდაუდებელი დახმარება აღმოგვიჩინა უკრაინულმა მხარემ. დიპლომატიური მოღვაწეობის დროსაც ჩვენი ყველაზე ახლო პარტნიორი, მხარდამჭერი პოსტსაბჭოთა სივრციდან იყვნენ უკრაინელები, მათი ელჩები. იგივე, როდესაც მე გაეროში იმ ურთულეს დროს ვიცავდი საქართველოს ინტერესებს, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნების მხარდაჭერა და ის, თუ ვინ იზიარებდა ჩვენ მიერ წარდგენილ არგუმენტებს. უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო ჩვენი. 2008 წლის ომის დროსაც ჩვენი საჰაერო თავდაცვა პრაქტიკულად უკრაინული იყო, რომელმაც მაშინ მაქსიმუმი შეძლო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. უკრაინა ამ მხარდაჭერაში მოწინავე პოზიციაზე იყო. დღეს ჩვენ შეგვიძლია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ისე აღმოვუჩინოთ დახმარება რუსეთთან კონფრონტაციის გარეშეც. ამიტომ არასწორადაა  დაყენებული საკითხი დღეს. მნიშვნელოვანია, მორალურად უპირობო მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას და ამავე დროს პირდაპირ კონფრონტაციაში არ შეხვიდე რუსეთთან.

რუსეთის უკრაინაში ომის შემდეგ ყველამ დაინახა, რომ ერთ მხარესაა განვითარებული მსოფლიო, მეორე მხარეს კი- პუტინი. მჯერა, რომ ის ამ ომში დამარცხდება. ამ კრიზისმა რეალურად გააჩინა შესაძლებლობა, სწრაფად მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთის სტუქტურებში. ამ პროცესში ჩვენი მოსახლეობა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჩავრთოთ სხვადასხვა ფორმით.

მასალების გადაბეჭდვის წესი