ახალი ამბები

პუტინი ისეთივე ტრიუკს შეეცდება უკრაინაში, როგორც აგვისტოს ომის დროს გააკეთა — სააკაშვილი

22 მარტი, 2022 • 2499
პუტინი ისეთივე ტრიუკს შეეცდება უკრაინაში, როგორც აგვისტოს ომის დროს გააკეთა — სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ისეთივე „ტრიუკები ჩაატაროს“ საკუთარი უპირატესობის მოსაპოვებლად, როგორც ეს 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ გააკეთა.

ამის დასტურად სააკაშვილმა გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდი.

„2008 წელს, 9 აგვისტოს, ომის დაწყებიდან მესამე დღეს, გაეროში ჩვენს ელჩთან, ირაკლი ალასანიასთან მივიდა რუსეთის ელჩი ჩურკინი და უთხრა, რომ პუტინი სასაუბროდ მზად იყო და გადმოეცა ჩემთვის, რომ დამერეკა. ირაკლიმ ეგრევე შემატყობინა. მე ეგრევე შევუკვეთე ჩვენს კომუნიკატორს კრემლში დარეკვა. გვითხრეს, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი დაკავებულია და 1-2 საათში გადმორეკავდა. მის ზარს დღემდე ველოდები.

იყო მეორე ეპიზოდიც – რუსების წინადადება მივიღეთ ჰუმანიტარულ პაუზაზე, რათა დაღუპულები და დაჭრილები გაგვეცვალა. მათ ეს გამოიყენეს ძალების მათთვის ბევრად უფრო მომგებიანი გაშლისა და გადაჯგუფებისთვის. ამას იმიტომ ვყვები, რომ ახლა მუდმივად შეეცდებიან, ზელენსკისაც მსგავსი ტრიუკები ჩაუტარონ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში შემოიჭრა და 5-დღიანი ომის შემდეგ საქართველოს 20%-ზე მეტი დაიკავა. ის დღემდე აგრძელებს შიდა ქართლში ე.წ. მცოცავ ოკუპაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი