თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ასევე “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს, 19 მაისს, ხმა მისცა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში. მან არ ისაუბრა “თავისუფალი დემოკრარტებისა” და “ევროპული საქართველოს” პოლიტიკურ პარტნიორობასა და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე.
“შალვა შავგულიძე არის ის ღირსეული ადამიანი, რომელმაც იცოდა და ეცოდინება, როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდში. ყოველთვის იყო იქ, სადაც ჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს. მე სპეციალურად ჩამოვედი დღეს თბილისში, აქ არ ვიყავი, რომ მე დავუდგე მხარში, დღეს მას სჭირდება მხარდაჭერა. აქ მოვედი იმიტომ, რომ მეგობარს დავუდგე მხარში. აქ არ მოვსულვარ პოლიტიკაზე სასაუბროდ, მოვედი მეგობრის მხარდასაჭერად”, – თქვა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ბოლო პერიოდში აშშ-ში ცხოვრობს. როგორც თავად თქვა, საქართველოში სწორედ ხმის მისაცემად ჩამოვიდა.
ირაკლი ალასანიამ 2009 წელს დააარსა პარტია “თავისუფალი დემოკრატები”. 2011 წელს თავის პარტიასთან ერთად გახდა კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 2012 წელს, დაიკავა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტი. 2014 წელის ოქტომბერში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და პროკურატურის ქმედება შეაფასა საქართველოს დასავლურ კურსზე შეტევად. 2014 წლის 4 ნოემბერს ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა.
მას შემდეგ, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “თავისუფალმა დემოკრატებმა” პარლამენტში შესასვლელად საკმარისი ხმები ვერ აიღეს, ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ მარცხის შემდეგ პარტია რეორგანიზაციასა და განახლებას იწყებს. პარტია მოემზადება და გააგრძელებს ბრძოლას შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში. თავად ალასანიამ დროებით დატოვა პოლიტიკა. ალასანიას წასვლის შემდეგ პარტიის თავმჯდომარე გახდა შალვა შავგულიძე, რომელიც 2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებში “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ევროპული საქართველოს” სახელით მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძვის.