ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ადიგენში მუსლიმი გლეხების მიწები საპატრიარქოს უკანონოდ გადასცეს.
ორგანიზაციის შეფასებით, სოფელ კიკიბოსა და სოფელ დერცელში (ადიგენის მუნიციპალიტეტი) მცხოვრები ქართველი მუსლიმი ოჯახებისთვის საძოვარი მიწების ჩამორთმევისა და საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმი თემის უფლებების იგნორირების პრაქტიკას აგრძელებს და სოციალური დაძაბულობის კიდევ ერთ კერას ქმნის.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2018 წლის ბოლოს სოფელ კიკიბოსა და დერცელის მოსახლეებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართეს მათი ოჯახებისთვის 1990 და 2000-იან წლებში სახელმწიფოს მიერ გადაცემული ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით, რომელიც კიკიბოს შემადგენლობაში შემავალ მცირე დასახლებაში, ქვაბიჯვარში (რომელიც ამჟამად დაცლილია მოსახლეობისგან) მდებარეობს.
EMC-ის ინფორმაციით, ამისთვის მოქალაქეებმა უწყებას წარუდგინეს მათ ხელთ არსებული უფლებადამდგენი დოკუმენტები, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტები, რეგისტრაციის მოწმობები, გადასახადის გადამხდელთა სიები. თუმცა აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ოჯახები წლების განმავლობაში მართლზომიერად ფლობდნენ და საძოვრად და სათიბად კოლექტიურად იყენებდნენ, 2018 წლის ოქტომბრიდან საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში იყო რეგისტრირებული:
“კერძოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების მასალები აჩვენებს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპისის 2018 წლის 21 მარტის მოთხოვნის საფუძველზე, 2018 წლის ივნისში მითითებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრების უფლება დაახლოებით 7 ჰა (68 346 კვ.მ) მიწის ნაკვეთზე. ხოლო ამავე წლის ოქტომბერში ეს ნაკვეთი სამეურნეო მიზნებისთვის მთავრობამ საქართველოს ეკლესიას უსასყიდლოდ გადასცა”, – ვკითხულობთ EMC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, ამ პროცესში სახელმწიფომ სრულიად უგულებელყო ის ფაქტი, რომ ამ უძრავი ქონების მიმართ ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნდა სასიცოცხლო ეკონომიკური და სოციალური ინტერესი და საკუთრების უფლების ან/და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი კანონით განსაზღვრული დოკუმენტები.
EMC მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტომ დაარღვია კანონის მოთხოვნა და ნაკვეთები საპატრიარქოს დაინტერესებული პირების მონაწილეობის გარეშე გადასცა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმის მასალები აჩვენებს, რომ საპატრიარქოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის (68 346 კვ.მ) მეზობლად არსებობს ძველი სალოცავის ნანგრევები, რომლის გადაცემაც საპატრიარქომ 2018 წლის მარტში სახელმწიფოსგან მოითხოვა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თქმით, მიწის ნაკვეთი (დაახლოებით 1 ჰა), რომელზეც ისტორიული ნაგებობის ნანგრევები მდებარეობს და რომლის კონფესიური და ისტორიული ღირებულება სახელმწიფოს არც კი შეუსწავლია, მთავრობის 2018 წლის 28 მაისის განკარგულებით ამოირიცხა სახელმწიფო ტყის ფონდიდან, რის შემდეგაც საჯარო რეესტრში კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის საფუძველზე დარეგისტრირდა ეკლესიის საკუთრებაში:
“ამის შემდეგ, მალევე, მოხდა მუსლიმი გლეხების მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის (დაახლოებით 7 ჰა) დამატებით გადაცემა. ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია მონასტრის მშენებლობა. ჩვენთან ინტერვიუში მუსლიმები უთითებენ, რომ ისინი არ არიან მონასტრის მშენებლობის წინააღმდეგ, მეტიც, მზად არიან მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 1 ჰა ეკლესიას გადასცენ და თავადაც მიიღონ მონაწილეობა მის მშენებლობაში. ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, ხელისუფლების ვერც ერთმა რგოლმა (მათ შორის, რელიგიის
საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ) ვერ მოახერხა საკითხზე სამართლიანი და ეფექტიანი მედიაცია და პრობლემის გადაწყვეტა.
სადავო მიწის ნაკვეთს ადგილობრივი ოჯახებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს”, – წერია განცხადებაში.
EMC-ის თქმით, მრავალსულიანი ოჯახები თავს მესაქონლეობით ირჩენენ და საძოვრად სოფლის ამ ძირითად მიწის რესურსს იყენებდნენ. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სოფლების რთული გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, მოსახლეობა განიცდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სიმწირეს და იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ოჯახები დაკარგავენ უფლებას მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ეს გამოიწვევს მათი ოჯახების რჩენისთვის ერთადერთი საშუალების დაკარგვას, რაც მათ ოჯახებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის გარეშე დატოვებს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საკუთრების უფლების ხელყოფა კანონის საფუძველზე მხოლოდ საზოგადოებრივი და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვით და სათანადო დასაბუთებით შეიძლება იყოს დასაშვები სათანადო კომპენსაციის პირობებში. მოცემულ შემთხვევაში კი, EMC-ის შეფასებით, გაუგებარია, რომელი კანონის ნორმის საფუძველზე მოხდაა ორი სოფლის მოსახლეობის უძრავი ქონების განკარგვა, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს, ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები არავითარ დასაბუთებას არ შეიცავს, თუ რომელი ინტერესები შეაპირისპირა სახელმწიფომ და რატომ გადაწყვიტა საკითხი ეკლესიის ქონების გაზრდის სასარგებლოდ, ადგილობრივი გლეხების ქონებრივი და სოციალური ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე.
EMC, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის სახელით, სახელმწიფო საკუთრებაში სადავო უძრავი ქონების ეკლესიისათვის გადაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სასამართლოში ასაჩივრებს და იმედოვნებს, რომ სასამართლო სათანადოდ შეაფასებს სადავო აქტების უკანონობას და სოფლის მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების კანონის შესაბამის დაცვას უზრუნველყოფს.
სოფელი კიკიბო და სოფელი დერცელი სოფელ მოხიდან 9-14 კილომეტრში მდებარეობს. ამ სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობას მე-20 საუკუნის დასაწყისში აჭარიდან გადმოსახლებული ქართველი მუსლიმი თემი შეადგენს. EMC-ში აცხადებენ, რომ სოფლების მაცხოვრებლებს კარგად ახსოვთ 2013 წელს სოფელ ჭელასა და 2014 წელს სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენები, როდესაც პოლიციამ მინარეთის მოჭრისა და ისტორიული მეჩეთის შენობის დემონტაჟის გამო ადგილობრივი მუსლიმების პროტესტი უხეში ძალის გამოყენებითა და კოლექტიური დაკავებებით ჩაახშო:
“ადგილობრივების ტრავმატული მეხსიერების ნაწილია სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ სოფელ მოხის ძველი მეჩეთის ისტორიული მესაკუთრის საკითხის უსამართლო გადაწყვეტის, ასევე, 2016 წელს სოფელ ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმებისთვის თავდასხმის ფაქტები. ადიგენის მუნიციპალიტეტში რელიგიური უმცირესობები ხშირად უთითებენ ადგილობრივ ხელისუფლებაზე ქრისტიანი სასულიერო პირების ჭარბ და გაუმართლებელ გავლენებზე. მათი თქმით, რჩება აღქმა, რომ საპატრიარქო ამ რეგიონის ქრისტიანულ ტერიტორიად სიმბოლური მონიშვნის აგრესიულ პოლიტიკას ატარებს, რაც ხშირად ამ სოფლებში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევას განაპირობებს”, – წერია განცხადებაში.
EMC-ის თქმით, ადგილობრივი გლეხების კუთვნილი მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის თვითნებური გადაცემის პრაქტიკა სხვა რეგიონებშიც გვხვდება, რაც წინააღმდეგობაში მოდის როგორც ადგილობრივების საკუთრების უფლებასთან, ისე ოჯახების და სოფლების სოციალურ ინტერესებთან.
თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სოფელ კიკიბოსა და სოფელ დერცელის მაცხოვრებლებისთვის წლების განმავლობაში მათ მართლზომიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და მისი საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილებას აქვს უფრო ფართო კონტექსტი, რომელიც 2013 წლიდან ამ რეგიონში ქართველი მუსლიმი თემის შევიწროების პრაქტიკას უკავშირდება და ეს გადაწყვეტილება ორმაგად უსამართლოდ აღიქმება ადგილობრივი მუსლიმების მიერ.
ამ კონტექსტის გათვალისწინებით, EMC-მ ყველა შესაბამის უწყებას მიმართა, მოეხდინათ შესაძლო კონფლიქტის პრევენცია და მიწის მართლზომიერი მესაკუთრეებისთვის დაბრუნება, თუმცა, როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მათი მხრიდან კონკრეტული პოზიტიური ნაბიჯები არ გადადგმულა.
EMC იმედოვნებს, რომ წინა კონფლიქტების გათვალისწინებით, ადგილობრივ ქრისტიან და მუსლიმ თემს ეყოფა გამოცდილება, მსგავსი ფაქტები არ გახადონ მათ შორის გაუცხოების და დაძაბულობის საფუძველი. ამასთან, EMC მოუწოდებს მთავრობას, სათანადოდ გაიაზროს წინა წლებში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების ნეგატიური სოციალური გამოცდილება, რომელიც არადომინანტური რელიგიური ჯგუფების გაუცხოებას და გარიყულობას იწვევს. ამ მიზნით კი შეიმუშაოს და აამოქმედოს კონფლიქტების შემდეგ თემებს შორის ნდობის აღდგენის პოზიტიური პროგრამები, არ დაუშვას და განსაკუთრებული სიფრთხილით და გონიერებით მიიღოს სათანადო ზომები კონფლიქტის შესაძლო კერების პრევენციის მიზნით.
ორგანიზაცია ასევე მიმართავს საქართველოს ეკონომიკის სამინისატროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, აღმოფხვრას სოფელ კიკიბოსა და სოფელ დერცელში მდებარე მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის გადაცემის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა და მორიგების ფორმატში დროულად უზრუნველყოს მუსლიმი გლეხების საკუთრების უფლების აღდგენა და დაცვა.