სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის სასამართლოს სხდომა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ, კლინიკაში გაიმართება. ამის შესახებ ნეტგაზეთს ბრალდებულის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა აცნობა.
ილია ჯიშკარიანი თბილისის საკრებულოს წევრია მმართველი პარტიიდან. მას საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე ადანაშაულებს ძალადობაში. პროკურატურამ თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა და ჯიშკარიან ბრალი ორი მუხლით წარუდგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამბობენ, რომ თუ დაცვის მხარეს პროცესის კლინიკაში გამართვა სურს, მათ სასამართლოს უნდა აცნობონ და ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობა წარადგინონ.
პროცესი 12:30 საათზეა ჩანიშნული.
თამთა თოდაძის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა არ აპირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნას, საუბარია 10 000-ლარიან გირაოზე. ამას თოდაძის მხარე არ ეთანხმება.