სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.
ანუ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს აეროპორტების მომსახურებით 212 090-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა. უწყების ცნობითვე, სექტემბრის ჩათვლით ქვეყნის აეროპორტები, ჯამში, 4 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა.
გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20 180-ით მეტ მგზავრს (0.68%) მოემსახურა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. აეროპორტის სერვისით სულ 2 971 398-მა მგზავრმა ისარგებლა.
“იანვარ-სექტემბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 524 068 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 2.01%- ით (10 336 მგზავრით) მეტია 2018 წლის 9 თვეში დაფიქსირებულ მგზავრთა რაოდენობაზე.
2019 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 39.79%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 629 618 მგზავრი – 179 201 მგზავრით მეტი, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში”,-აცხადებენ უწყებაში.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია 9 თვის განმავლობაში 6 497 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 093 მგზავრით ( 20.23%) მეტია ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.
“ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ ცხრა თვეში 1 519 მგზავრი მიიღო, რაც 193 მგზავრით მეტია (15%,) ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა”,-აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.