ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ საკრებულოს დეპუტატი, რომელსაც თანამშრომელი გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, სამსახურებრივი სტატუსისა და მდგომარეობის გამო ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია. კუბლაშვილის კომენტარს Ipn ავრცელებს:
“დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. იქიდან გამომდინარე, რომ ის კონკრეტული პარტიის წარმომადგენელია, დეპუტატია, მაღალი რეპუტაციის მქონეა, მამაკაცია. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდა. მასაც აქვს თავისი უფლება და ჩვენ ამ უფლებას დავიცავთ.
აუცილებლად დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას, ის შეუძლოდაა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავს იკავებდა კომენტარისგან. მივესლმებით, რომ პროცესები ღია იყოს, დაველოდოთ გამოძიებას, ექსპერტიზის შედეგს. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ მტკიცებულებებით ვისაუბროთ და ცალ-ცალკე ცილისწამების რეჟიმში კი არა, მტკიცებულებებით, ფაქტებით, ექსპერტიზის დასკვნებით ვიმსჯელოთ”, – ამბობს ადვოკატი Ipn-თან.
როგორც ადვოკატი გამოცემასთან ამბობს, ქალთა მიმართ ძალადობას გმობს, თუმცა აღნიშნავს, რომ სხვის მიმართ ცრუ ბრალდებების გახმიანებაც ძალადობაა:
“ამ საქმეში ჩემი ჩართვით მინდა მნიშვნელოვანი მესიჯი გავაგზავნო, რომ აუცილებლად დაგმობილი უნდა იყოს ქალის მიმართ გამოხატული ძალადობა და აგრესია, მაგრამ აქვე დავძენ, რომ ეს ცილისწამების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. აქვე სოლიდარობას ვუცხადებ ძალადობის ყველა არსებულ თუ პოტენციურ მსხვერპლს. ცალსახად ვგმობ ძალადობას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ცრუ ძალადობასაც და ძალადობის აპელირებასაც ვგმობ, ვინაიდან ესეც ძალადობაა”, – განაცხადა კუბლაშვილმა Ipn-თან.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: