ახალი ამბები

დეპუტატს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ

4 ოქტომბერი, 2019 • 3307
დეპუტატს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ

საკრებულოს დეპუტატს “ქართული ოცნებიდან” სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

როგორც დეპუტატის თანამშრომელი “მთავარის” ეთერში ყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სესქუალური კავშირის დამყარება სცადა მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა:

“სექსუალურად შეეცადა ჩემზე ძალადობას. როცა შევეცადე გავქცოდი ამ ყველაფერს, ფიზიკურად შემეხო და ფიზიკურად იძალადა. ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ალბათ, გადწყვიტა ჩემთან დაემყარებინა აქტი. ჩამეხუტა, კისერში რომ გიწყებს კოცნას და ფეხებს შუა შეგიყოფს ხელს… აფექტის მდგომარეობაში ვიყავი, ტელეფონი დავინახე და ვუთხარი, ბატონო ილია, ყველაფერს ვიღებ და გავასაჯაროებ-მეთქი” ,– ჰყვება ქალი ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.

როგორც ქალი ამბობს, ამის შემდეგ ჯიშკარიანმა იატაკზე დააგდო და ტელეფონი დაუმტვრია:

“მე დამაგდო ძირს, ტელეფონი დამიფშვნა, როგორ გამოვიქეცი სახლში, არ მახსოვს, ისეთ ისტერიკაში ვიყავი”, – აცხადებს ის.

ქალის უფლებებს “საფარი” იცავს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, საქმეში საკმარისადაა მტკიცებულებები იმისთვის, რომ მოძალადე დაკავებული იყოს, თუმცა შემთხვევაზე, რომელიც 30 სექტემბერს მოხდა, პატარაიას თქმით, საკრებულოს დეპუტატი ამ დრომდე გამოკითხულიც არაა:

“მტკიცებულებები საქმეში არის, ექსპერტიზები ჩატარდა. ამ გოგომ როგორც კი გამოაღწია, მომენტალურად გამოიძახა სასწრაფო და პოლიცია. დაზიანებები ეტყობა ადგილზევე. ამბობდა, ახლავე წავიდეთ დანაშაულის ადგილასო, თუმცა პოლიცია რამდენიმე საათით გვიან მივიდა იქ და ოთახი დალაგებული დახვდათ.

თუმცა, როდესაც მოხდა დათვალიერება დანაშაულის ადგილზე, ამოიღეს გატეხილი და დაზიანებული ნივთები, მონიტორი, პრინტერი, სასმელი, რასაც ეს კაცი სვამდა, და რასაც მსხვერპლი ჰყვება, დანაშაულის ადგილის დათვალიერებით იმდენად მტკიცდება, ეს სრულიად საკმარისია, რომ ბრალი წაუყენო და დააკავონ, თუმცა ის ამ დრომდე გამოკითხულიც არაა”, – ამბობს პატარაია.

“საფარის” ხელმძღვანელს კითხვები აქვს მუხლებთან დაკავშირებითად, რომლითაც შსს საქმეს იძიებს. კერძოდ, ბაია პატარაიას თქმით, საქმეს არა გაუპატიურების მცდელობის და სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლებით, არამედ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების და ძალადობის მუხლით იძიებენ, რომლებზეც სასჯელის ზომა მცირეა:

“მთავარი პრობლემაა ამ ეტაპზე არის ის, რომ უკვე იმდენი სამხილი არსებობს პოლიციაში, სრულიად საკმარისია, რომ ადამიანი დააკავონ. მე ვფიქრობ,ეს ად ამიანი რომ არ იყოს პოლიტიკოსი და მაჟორიტარი, უკვე დაკავეუბლი იქნებოდა, ისეთ მძიმე დანაშაულზეა საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ყურადღება. როდესაც ასეთი გავლენიანი პირია ხოლმე ჩარეული საქმეში, შეიძლება მოხდეს გარკვეული ჩარევები. მე როგორც ვიცი, მისი შვილი მუშაობს საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შეიძლება იყოს მცდელობა, რომ უფრო მსუბუქად გამოვიდეს ან აარიდოს თავი მართლმსაჯულებას”, – ამბობს ბაია პატარაია.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე უკვე დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ასევე ვესაუბრეთ თბილისის საკრებულოს პრესსამსახურს და ჯიშკარიანთან დაკავშირება ვითხოვეთ საპასუხო კომენტარისთვის. საკრებულოში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ჯიშკარიანთან დაკავშირებას თავადაც ვერ ახერხებენ.

ტელეკომპანია “მთავარის” ცნობით, დეპუტატმა მათთან მიმოწერაში ბრალდებას ბინძური ჭორი უწოდა და აღნიშნა, რომ სამართლებრივად გასცემს პასუხს.

წილოსანი: ძალადობაზე ყველა უნდა დაისაჯოს, განურჩევლად თანამდებობრივი კუთვნილებისა

მასალების გადაბეჭდვის წესი