მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც 20-21 ივნისის საქმეზე იყო ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოდან პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების შემდეგ გაათავისუფლეს.
ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს. მას პირობით მსჯავრად 2 წელი განესაზღვრა.
მორის მაჩალიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი და პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილია.
პროკურატურა მორის მაჩალიკაშვილს ედავებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება/მონაწილეობას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითაა გათვალისწინებული და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მორის მაჩალიკაშვილი 2019 წლის 26 ივლისიდან პატიმრობაში იმყოფებოდა.
სასამართლოს განმარტებით, საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარებას ითვალისწინებს: მაჩალიკაშვილმა ბრალი აღიარა, რის სანაცვლოდაც სასამართლოდან გათავისუფლდა.
ბრალის აღიარების მიუხედავად, IPN-ის ცნობით, მაჩალიკაშვილმა სასამართლოს უთხრა: „პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, ამას არ ვაპირებდი, ბიძაჩემს ვიცავდი“.
რას ედავებოდნენ მაჩალიკაშვილს?
„ნეტგაზეთს“ 2019 წლის სექტემბერში წყარომ მიაწოდა ვიდეოკადრები, რომლებიც მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების უმთავრესი მტკიცებულება იყო 20 ივნისის საქმეზე.
დაცვის მხარის თანახმად, მაჩალიკაშვილის ქმედებებში არ იკვეთებოდა ის, რასაც ედავებოდნენ, — თითქოს მისი მიზანი პარლამენტში შეჭრა იყო. სინამდვილეში, ისინი ამბობდნენ, რომ მორის მაჩალიკაშვილის ერთადერთი მოტივაცია იმ საღამოს ბიძამისის დაცვა და საკუთარი თავის ადგილიდან გარიდება იყო მას შემდეგ, რაც ხალხმრავლობაში მოექცა.
დეტალურად იხილეთ:
ვიდეო მორის მაჩალიკაშვილის საქმიდან, რომელიც შსს-ს არ გამოუქვეყნებია