გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეცდომას უწოდებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის ნატოში არმიღებასთან დაკავშირებით.
როგორც მერცმა ბერლინში, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, სავარაუდოდ, არ მოხდებოდა, 2008 წელს მოკავშირეები უკრაინის მიღებაზე რომ შეთანხმებულიყვნენ.
„ვფიქრობ, დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ — ყოველ შემთხვევაში, უკან მოხედვისას — რა შეცდომა იყო, რომ 2008 წელს ბუქარესტში ნატოს სამიტზე არ გავყევით ამერიკულ წინადადებას უკრაინის ნატოში მიღების შესახებ. ნატოს წევრი რომ გამხდარიყო, ამ ომის თავიდან აცილება, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნებოდა“, — განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინის მომავალი მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ძნელად წარმოსადგენია.
„ეს არის უსაფრთხოების გარანტიები არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის“, — დასძინა მერცმა.
ნატო-ს 2008 წლის სამიტზე, ბუქარესტში, უკრაინამ და საქართველომ ალიანსში გაწევრიანების დაპირება მიიღეს, თუმცა წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) — ვერა. აშშ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მხარს უჭერდნენ საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას, თუმცა გერმანია (საფრანგეთთან ერთად) იყო მთავარი ქვეყანა, რომელმაც ეს წინადადება დაბლოკა.
გერმანიის კანცლერი მაშინ იყო ანგელა მერკელი — მერცის თანაპარტიელი, „ქრისტიან დემოკრატებიდან“.
ამ თემაზე:
