სახალხო დამცვლის ვარაუდით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრი ერთიანი დღის წესრიგით და კოორდინირებულად მოქმედებდა.
სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის მონიტორინგის ანგარიშში მიუთითებს, რომ მთელი პროცესის განმავლობაში, მათ შორის
ფარული კენჭისყრებისას და კანდიდატთა ქულებით შეფასებისას, სახალხო დამცველის აპარატმა შეძლო გამოეკვეთა 10 ბიულეტენი/შეფასების ფორმა, რომლებიც დამთხვევების მაღალი ხარისხით ხასიათდებოდა.
“შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრი (მათ შორის, საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი) მოქმედებდა ერთიანი დღის წესრიგით და კოორდინირებულად. წევრებს შორის ასეთი შეთანხმებები კიდევ ერთხელ გამოკვეთს, თუ როგორი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოს რეალობაში სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობა და რომ კენჭისყრებისა და შეფასების ფარულობა საერთოდ ვერ აღწევს იმ მიზანს, რასაც საბჭოს წევრების ზეგავლენისაგან დაცვა ჰქვია. ამ პირობებში, კენჭისყრებისა და შეფასების ფარულობა მხოლოდ პროცესზე საზოგადოებრივ ზედამხედველობას აბრკოლებს, რასაც თავისთავად რაიმე ღირებულება არ გააჩნია და პირიქით, ზიანის მომტანია”, – ნათქვამია ანგარიშში.
ომბუდსმენის თანახმად, 50 კანდიდატისაგან შემდგარი სიის ფორმირებისას ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვებამ გამოავლინა 10 ბიულეტენი, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითა და დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით. 10 ბიულეტენიდან არცერთში არ ყოფილა შემოხაზული ერთი კანდიდატიც კი,
რომელიც ვერ გადავიდა შერჩევის მომდევნო ეტაპზე. დანარჩენ 3 ბიულეტენში ამ ხარისხის დამთხვევა არ გამოვლენილა და მათში შემოხაზული 5 კანდიდატი, რომელსაც დარჩენილი 10 ბიულეტენიდან არცერთი ხმა არ მიუღია, გადავიდა შემდეგ ეტაპზე.