თამთა თოდაძემ, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ტელეკომპანია მთავარის ეთერში ინციდენტთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოფისში ის ინციდენტის დღეს მარტო მუშაობდა, ოფისში შუადღეს მივიდა ნაბახუსევ მდგომარეობაში მყოფი ილია ჯიშკარიანი და უთხრა, რომ ალკოჰოლის მიღებას აპირებდა. ამის შემდეგ თოდაძის განმარტებით, მაჟორიტარის ბიუროს ოფისში მივიდნენ ჯიშკარიანის ბავშვობის მეგობარი და ოფისის თანამშრომელი, რომელიც დეპუტატის ნათესავია. მისი განმარტებით, ბიუროში ჯიშკარიანის არაერთი ნათესავია დასაქმებული.
თოდაძის განცხადებით, ინციდენტი სწორედ ამ ადამიანების წასვლის და სუფრის დასრულების შემდეგ მოხდა. მისი თქმით, სექსუალური ძალადობის გარდა დეპუტატმა სცემა მას შემდეგ, რაც მან თავდაცვის მიზნით უთხრა, რომ მის ქმედებებს ტელეფონით იღებდა. თოდაძის განმარტებით, ეს ტყუილი იყო, რადგან ის გადაღებას ვერ შეძლებდა, თუმცა ჯიშკარიანმა დაიჯერა.
“ფეხითაც მირტყამდა და ხელითაც”, – თქვა თოდაძემ.
მისივე თქმით, ტელეფონი დეპუტატმა გააქრო. თოდაძის განმარტებით, მან ოფისიდან გასვლა მოახერხა და სახლში დაახლოებით 10 წუთში მივიდა. ამასთან, თოდაძის თქმით, პატრული 16:44 საათზე გამოიძახა, თუმცა ოფისში, სადაც მისი ცნობით, ინციდენტის ამსახველი გარემო უნდა ყოფილიყო (ნამსხვრევები), პოლიცია ღამის 03:00 საათზე მივიდა, რა დროსაც ოთახი უკვე დალაგებული იყო.
თოდაძისა და მისი ადვოკატის ცნობით, ძალადობის ამსახველი ნიშნები დაზარალებულის სხეულზე იმავე დღეს დააფიქსირა სასწრაfო დახმარების ბრიგადამ, ასევე გამომძიებელმა, რომელმაც მას ფოტოებიც გადაუღო, ამასთან ჩატარებული ექსპერტიზაც, რომლის შედეგებიც ჯერ უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 3 მუხლით მიმდინარეობს. დეპუტატი “ბინძურ ჭორს” უწოდებს ბრალდებას. ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
ამავე თემაზე
ჯიშკარიანის მეგობარმა თოდაძის დედას მორიგება შესთავაზა – ადვოკატი
სახალხო დამცველი დეპუტატის მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეს ეხმაურება
ჯიშკარიანის მეგობარმა თოდაძის დედას მორიგება შესთავაზა – ადვოკატი