ახალი ამბები

ჯერ არ უნდა დატოვოს [თანამდებობა] – კალაძე ილია ჯიშკარიანზე

6 ოქტომბერი, 2019 • 1856
ჯერ არ უნდა დატოვოს [თანამდებობა] – კალაძე ილია ჯიშკარიანზე

“ვფიქრობ, ჯერ არ უნდა დატოვოს, რადგან ეს შეიძლება, იყოს არასწორი ინფორმაცია, ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას”, – პირველი არხის ინფორმაციით, ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა დღეს, 6 ოქტომბერს საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანთან დაკავშირებით, რომელსაც გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

„თუ მას დაუმტკიცდება, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ვფიქრობ, ჯერ არ უნდა დატოვოს, რადგან ეს შეიძლება, იყოს არასწორი ინფორმაცია, ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას. თუ მას დაუმტკიცდება და ასეთი რამე აქვს ჩადენილი, ჩემთვის როგორც კაცისთვის, ადამიანისთვის, ქალაქის მერისთვის, არის ძალიან მძიმე. თუ ეს დამტკიცდა, ამ შემთხვევაში კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება“, – განაცხადა კახა კალაძემ პირველი არხის ცნობით.

ეს ილია ჯიშკარიანის საკითხზე კალაძის მეორე კომენტარია. გუშინ მან თქვა:

“თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის”.

“წარმოუდგენელია ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა. ამ ადამიანს ვიცნობ რამდენიმე წელია, ვიცი თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს”, – განაცხადა კალაძემ 5 ოქტომბერს.

ქართული ოცნების” დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში მისმა თანამშრომელმა საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა.

“სექსუალურად შეეცადა ჩემზე ძალადობას. როცა შევეცადე გავქცეოდი ამ ყველაფერს, ფიზიკურად შემეხო და ფიზიკურად იძალადა. ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ალბათ, გადწყვიტა ჩემთან დაემყარებინა აქტი.  ჩამეხუტა, კისერში რომ გიწყებს კოცნას და ფეხებს შუა შეგიყოფს ხელს… აფექტის მდგომარეობაში ვიყავი, ტელეფონი დავინახე და ვუთხარი, ბატონო ილია, ყველაფერს ვიღებ და გავასაჯაროებ-მეთქი”, – ჰყვება ქალი ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.

შსს აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებულია და გამოკითხეს როგორც დეპუტატი, ასევე ქალი, რომელიც დეპუტატს ძალადობაში ადანაშაულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი