ახალი ამბები

სახალხო დამცველი დეპუტატის მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეს ეხმაურება

6 ოქტომბერი, 2019 •
სახალხო დამცველი დეპუტატის მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეს ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისივე თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებას და მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობას.

“საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას ეფექტურად წარიმართოს გამოძიება, მათ შორის, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედება. ამასთან, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყველა ეჭვი საქმის მიკერძოებით თუ პოლიტიკური ინტერესით განხილვის მიმართულებით და საგამოძიებო ორგანომ აქტიურად ითანამშრომლოს სავარაუდო მსხვერპლთან და მის წარმომადგენელთან.

საზოგადოებას ახსოვდეს, რომ საქართველოში არაერთი ქალი განიცდის ძალადობას, შევიწროებას და ჩაგვრას. მსხვერპლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საზოგადოების მხარდაჭერა, რათა შეძლონ ძალადობრივ გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბარი და საკუთარი უფლებების დაცვა. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის განხილვისას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნაკლებად იყო სოლიდარული სავარაუდო მსხვერპლის მიმართ, ადანაშაულებდა მას და ავრცელებდა მისი პატივის და ღირსების შემლახველ ინფორმაციას, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი უწყების აქტიური ჩართულობა სავარაუდო მსხვერპლის დაცვის და დახმარების მიმართულებით. თავის მხრივ, სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და ამ მიზნით მჭიდრო კომუნიკაცია ექნება სავარაუდო მსხვერპლთან და მისი ინტერესების დამცველთან”, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი