მიხეილ სააკაშვილის მიერ “მთავარ აქცენტებში” გაკეთებულ განცხადებებს “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის შიგნით არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
პარტიის ლიდერის განცხადებებს, რომ ენმ “ქრისტიან-დემოკრატიული” იდეოლოგიის მატარებელია და ამ კონტექსტში მის განცხადებებს გიგა ბოკერიას მიმართ, პარტიის შიგნით მოძრაობის იდეოლოგიურ საფუძვლებზე დისკუსია მოჰყვა. პარტიის ლიდერების ნაწილი იზიარებს მოსაზრებას ენმ-ის ქრისტიან-დემოკრატიული იდეოლოგიური საფუძვლების შესახებ, ნაწილი – არა.
სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გამოეხმაურა გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც ექსპრეზიდენტის ნათქვამი ასე განმარტა:
“როდესაც ასჯერ შეგეკითხებიან, მით უმეტეს, ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ორი წელია თავს ლაფს გასხამენ და უშვერი სიტყვებით მოგიხსენიებენ… ერთი გვარი ახსენა და თქვა, ჩვენში განსხვავება არის ის, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია. მას არ უნდა კოლბაში გამოყვანილი ქართველი, ძალიან მოსწონს დღევანდელი ქართველი და უნდა ამ ქართველს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების უფლებები”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
განსხვავებული პოზიცია აქვს რომან გოცირიძეს, რომელმაც ვრცელი კომენტარი სოციალურ ქსელში გაავრცელა. გოცირიძე აღნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა არასდროს ყოფილა ”ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია”. ის იყო და დღემდე რჩება ლიბერალური ორიენტაციის ფართო მოძრაობად და ჯერჯერობით არავის მოუხდენია ამ ფუნდამენტური ღირებულებების რევიზია ( ცვლილება) პარტიის პროგრამაში.
გოცირიძე აღნიშნავს, რომ სანამ ეს ასეა, ყველა განსხვავებული მოსაზრება აღქმული უნდა იყოს, როგორც კერძო აზრი და არა პარტიის ოფიციალური დოქტრინა.
დღეს საქართველოში ლიბერალიზმს ათასი ჯურის მტერი გამოუჩნდა, შავრაზმელი ფუნდამენტალისტების, კლერიკალი პოლიტიკოსების თუ ”პატრიოტი” ”ინტელექტუალების” სახით. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის წინა ხელისუფლების მიღწევების გადაფასების მცდელობა და მის წინააღმდეგ ბრძოლის იდეოლგიური პლატფორმის შექმნა. ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე მის წარსულშია (მიუხედავად შეცდომებისა და ცალკაული დანაშაულობებისა). მოწყდება თავის ლიბერალურ ფესვებს, თავად გაითხრის სამარეს, იმ ღამურად გადაქცეულ თაგვს დაემსგავსება, რომელიც უცხო გახდა როგორც თავისიანებისათვის, ასევე იმათთვის, ვისი მსგავსობაც მოინდომა”, – ნათქვამია გოცირიძის განცხადებაში.
აღნიშნულ თემაზე რამდენიმე პოსტი დაწერა ნიკა მელიამ, თუმცა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
თუმცა ნიკა მელიამ, ისევე, როგორც ხატია დეკანოიძემ, ფეისბუკზე რომან გოცირიძის განცხადება მოიწონეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი, რომელიც ზემოხსენებულ დისკუსიას გამოეხმაურა, სალომე სამადაშვილია:
“ქრისტიანულ-დემოკრატიული და, შესაბამისად, დიახ, ლიბერალური პოლიტიკური იდეოლოგიის პირმშოა ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპი, პირველ რიგში, როგორც რეაქცია კათოლიკური ეკლესიის დომინირებაზე. მოიგონეს, რადგან სჭირდებოდათ, განსხვავებით მართლმადიდებლური სამყაროსგან, სადაც ეკლესია არასდროს ყოფილა საერო ხელისუფლების წყარო. ასე რომ, უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩაიყენებთ მომავალში თავს, გაერკვიეთ, ‘ქრისტიან-დემოკრატობა’ რას ნიშნავს, სანამ ამ იდეოლოგიის მოქნევით ეკლესიისადმი საკუთარი აღმატებული დამოკიდებულების დაფიქსირებას შეეცდებით”, – ამბობს სამადაშვილი.
პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა კი საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა, თუ მიხეილ სააკაშვილს თავის გამოსვლაში კონკრეტული პირების გვარებს, კერძოდ კი გიგა ბოკერას არ დაასახელებდა.
“მთავარი არხის“ ეთერში უდუმაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ “წითელი ხაზი უნდა გავლებულიყო“, ბოკერიას გვარის ხსენებამ ვნებათაღელვა გამოიწვია.
“ბოკერიას შემოტანამ გამოიწვია ვნებათაღელვა. არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს კარგი იყო და ეს წითელი ხაზი უნდა გავლებულიყო და არის მეორე ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ გვარები ასე ღიად არ უნდა დასახელებულიყო. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჯობდა გვარების გარეშე გაგვევლო ეს თემა, რომელზეც გუშინ ვსაუბრობდით. სწორი ინტერპრეტაცია, ჩემი აზრით, არის, როდესაც საუბრობ ამ მიმართულებით კონკრეტულ პარტიაზე, მის მიმართ არსებულ პრეტენზიებზე და არ გამოგაქვს კონკრეტული გვარები“, – განმარტავს ზაალ უდუმაშვილი.
რაც შეეხება დისკუსიას იდეოლოგიურ პლატფორმაზე, უდუმაშვილი ამბობს:
“ის, რომ ჩვენ ზოგადად მომხრე ვართ ტრადიციების, ასე ვთქვათ, იმ სულისკვეთების, რასაც ქართული ტრადიციები ჰქვია, ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ არ ვართ სახელმწიფო და ქვეყანა, რომელსაც 300 ან 500-წლიანი ისტორია გააჩნია, ჩვენს გენში ზის ტრადიციები და ჩვენს გენში ზის ამ ტრადიციების პატივისცემა. ის, რომ ჩვენს გენში ზის ტრადიციებისადმი პატივისცემა და სიყვარული, ამას ვერ ამოშანთავ ვერანაირი ლიბერალური მიდგომით, როგორი ულტრალიბერალიც არ უნდა იყო, ეს გენში გაქვს შენ”, – აცხადებს უდუმაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მიემხრო ლევან ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილის თქმით, ის, რომ ბოკერიას გარკვეული პრობლემები შეიძლება ჰქონდეს მართლმადიდებლობასთან, ქრისტიანობასთან, მისი აზრით, საზოგადოებაში არ არის დამალული და დაფარული და ახალი თემა. თუმცა ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ვინ როგორ ჯვარს ატარებს, რა რელიგიური მრწამსი ექნება, რა თქმა უნდა, არის მისი საქმე და არასდროს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მსგავსი განსხვავების გამო ადამიანები არ უდევნიათ.
“ის, რომ მათ შორის წინა ხელისუფლების დროს ბოკერია იყო ერთ-ერთი იმ როლის შემსრულებელი, რომ რაღაცნაირად დისტანცირება მომხდარიყო ქრისტიანობასთან, მართლმადიდებლობასთან, მე ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაიმე პრობლემა შეიძლება გვქონდეს სხვა მიმართულებით”, – ეს განცხადება ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა ტვ პირველთან ინტერვიუში.
გიორგი ბარამიძემ კი “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადებაში ახალი არფერია. ბარამიძე ამბობს, რომ პარტია როგორც საქართველოში, ასევე ევროპის მასშტაბით ატარებს ქრისტიან-დემოკრატიულ მსოფლმხედველობას. მისი თქმით, ყურადღება ამ საკითხზე იმიტომ გამახვილდა, რომ კონკრეტულად დაისვა საკითხი: რა არის ხედვებში განსხვავება მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის. შესაბამისად, ბარამიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა კონკრეტულად მისსა და გიგა ბოკერიას შორის შეხედულებებში განსხვავებაზე და თქვა, რომ ეს არის ის ძირითადი, რაც მათ ასხვავებთ.
“საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი არის მორწმუნე ქრისტიანი. თუ ვინმეს ამ ელექტორატზე არ აქვს გათვლა, პოლიტიკაში რა უნდა. ეს არის ჩვენი საზოგადოება, რომელიც არის მორწმუნე საზოგადოება. ჩვენ არ ვასხვავებთ არავის რელიგიური ნიშნით, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი ამომრჩეველი არის სწორედ ასეთი. იმ ტრადიციებით, რელიგიით და შეხედულებებით, რაც არის, ეს არასდროს არ შეცვლილა. თუ გათვლაზეა საუბარი, ჩვენ მთელი ეს წლებია სწორედ ამ ადამიანებს ვესაუბრებით. იმ ადამიანებში არაფერი შეცვლილა და ჩვენშიც არაფერი შეცვლილა”, – ამბობს ბარამიძე.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: