ახალი ამბებისაზოგადოება

მიშა და რელიგიური ნიშა

30 სექტემბერი, 2019 •
მიშა და რელიგიური ნიშა

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია და ჯვარს ატარებს, ყოფილ თანაგუნდელ გიგა ბოკერიას კი “ყველაფერ ანტიქართულთან და ტრადიციების საწინააღმდეგოსთან” აიგივებს. სააკაშვილის მხრიდან მსგავს რელიგიურ-კონსერვატორულ პოზიციაზე ხაზგასმას ექსპერტების ნაწილი პოპულისტურად აფასებს, პარტიაში კი ლიდერის პოზიციას იზიარებენ და ამბობენ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის ამ ღირებულებებზე იდგა.

[red_box]რას ამბობდა სააკაშვილი მანამდე[/red_box]

29 სექტემბერს, კვირა საღამოს “მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიასთან და ეკა კვესიტაძესთან გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისი ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ასე გააკრიტიკა:

„რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, აქ არ არის პიროვნული განსხვავებები, აქ არის ფუნდამენტური განსხვავებები. მე ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან“.

ეს არ იყო პირველი განცხადება, სადაც მიხეილ სააკაშვილი რელიგიური თუ ტრადიციების თემებით აპელირებს. მაგალითისთვის, მიმდინარე წლის აპრილში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ში გენეტიკური ტესტი ჩაიტარა, რომელმაც დაადგინა, რომ ის თითქმის 99%-ით ქართველია.

გარდა ამისა, გასული წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გააკრიტიკა, როდესაც მან საკუთარ გადაცემაში ლია უკლებას ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით წარადგინა”. მის განცხადებას წინ უძღოდა საპატრიარქოს მოწოდება, რომელმაც მღვდლებს გაბუნიას ამ გადაცემის გამო რ2-თან კომუნიკაცია აუკრძალა.

ამავე პერიოდში სააკაშვილმა ბერა ივანიშვილიც გააკრიტიკა სიმღერაში ტექსტისთვის “მე არ ვიცი, რას იკადრებს კაცი კაბით, ვინც შენს საიდუმლოს იბარებს” და განაცხადა, რომ ბერა აღნიშნული სიმღერით თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას.

[red_box]ბრძოლა ელექტორატისთვის თუ პერსონალური თავდასხმა ყოფილ თანაგუნდელზე[/red_box]

პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია ფიქრობს, რომ კონსერვატიზმი ენმ-ის პოლიტიკასა და რიტორიკაში ყოველთვის იკვეთებოდა, თუმცა რელიგიური ელემენტი წამყვანი არ ყოფილა. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებებით სააკაშვილის მიზანი კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზებაა.

ამასთან, ცხადაიას თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა “ევროპულ საქართველოში” კონკურენტი დაინახა და მათ ლიდერებზე შეტევაც ამიტომ დაიწყო:

“ამომრჩეველთა ამ ბაზის მობილიზებაა მიზანი. მეორე, მან კონკურენტად დაინახა “ევროპული საქართველო” და უშუალოდ დაიწყო შეტევები. აქამდე, როგორც ჩანს, ასეთ სერიოზულ კონკურენტად ვერ აღიქვამდა მათ და ამითაც არის გამოწვეული. ალბათ, ფიქრობს, რომ ამ პარტიას შეუტიოს იმ სუსტ წერტილში, რომელიც მისი აზრით, მათ აქვთ, რომ არიან შედარებით ლიბერალურები კონსერვატორულ ქვეყანაში. ამასთან, ამ ორ პარტიას საერთო წარსული აქვს და კონკურენციის დროს მნიშვნელოვანია საკუთრი უნიკალური იდენტობა დააფიქსირონ. ის ხაზი, რასაც ევროპული საქართველო ავითარებდა, რომ არიან პროდასავლური ლიბერალური პარტია, გაამყარა სააკაშვილმა თავისი რიტორიკით. ამ ნიშნით გამოყო საკუთარი თავი ევროპული საქართველოსგან . ხაზი გაუსვა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის პროდასავლური ძალა, მაგრამ არ არის ლიბერალური, ნაციონალისტური, კონსერვატორული ძალა,” – ამბობს ცხადაია.

გიორგი ცხადაია

თუმცა პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ კონსერვატიზმი პროდასავლურობას არ გამორიცხავს და, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ანტიდასავლურად განწყობილ ელექტორატზე არ იმუშავებს:

“ანტიდასავლურია, მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსი”, “ქართულ ოცნებასაც” აქვს ასეთი რიტორიკა, მაგრამ პროდასავლური ელემენტი მათ ელექტორატს შორის ნაკლებად გამოხატულია. ამ პარტიებს შორის გამყოფი ხაზი სხვა რამეზე გადის და ეს კონსერვატიზმი არაა” ,- ამბობს ცხადაია.

სააკაშვილის მხრიდან 100%-იან ქართველობაზე, ასევე, რელიგიურ და ტრადიციულ თემებზე საუბრის დაწყება დროში ემთხვევა დასავლეთში ნაციონალისტური და ევროსკეპტიკოსი ძალების მოძლიერებას, რომელსაც ოპონენტები და ანალიტიკოსები პოპულისტებს უწოდებენ ხოლმე.

ცხადაია მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიერ მსგავსი თემებით აპელირება შესაძლოა დასავლეთში პოპულისტური ძალების წინა ფლანგზე წამოწევასაც უკავშირდებოდეს. თავად მიხეილ სააკაშვილსაც არაერთხელ დაუფიქსირებია სიმპათია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიმართ:

“სააკაშვილი ყოველთვის ავლებდა პარალელს საკუთარ თავსა და ევროპელ პოპულისტებს შორის. მათ შორის ღიადაც ორბანთან. ტრამპთანაც არაერთხელ გაუვლია პარალელი. როგორც ჩანს, მისთვის მისაბაძი პირები არიან ეს ადამიანები და ცდილობს მათი რიტორიკის გადმოღებას, მორგებას ადგილობრივ კონტექსტზე. თუმცა, რამდენად მოერგება და იმუშვებს ეს ჩვენთან, რაც ევროპასა და ამერიკაში მუშაობს, ეს ცოტა სადავო საკითხია. ჩვენი და დასავლეთ ევროპის ისტორია, კულტურული და სოციალური გარემო ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან”, – ამბობს ცხადაია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გიორგი ცხადაიას აზრით, საეჭვოა, სააკაშვილის ამ ტაქტიკამ გაამართლოს. პოლიტოლოგის თქმით, უცნობია, რამდენადაა მზადაა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი ასეთი მკვეთრი გადახრისთვის.

მსგავსი შეხედულება აქვს სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილსაც. როგორც კაჭკაჭიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, უახლოესი პოლიტიკური ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი მკვეთრად ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებაში არ მოსულან. შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე მსგავსი განცხადებები ენმ-ს მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მოუტანს:

“სააკაშვილის ამოცანაა გაიფართოოს ამომრჩეველთა ველი 2020 წლის არჩევნებისთვის და ეძებს გზებს ამისთვის. ის ფიქრობს, რომ ლიბერალური ღირებულებები არ არის ის ანკესი, რომელზეც ამომრჩეველთა ფართო მასებს წამოაგებს, და მიმართვს ძალიან პოპულისტურ გზას, ცდილობს აქცენტი დასვას ქრისტიანულ ღირებულებებზე, რომლებიც მისი აზრით, საშუალო სტატისტიკურ ქართველს აუცილებლად უნდა გააჩნდეს”, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

ის ფიქრობს, რომ სააკაშვილის ასე დიამეტრულად ფერის შეცვლა ცოტა კარიკატურულადაც გამოიყურება:

“ის ცდილობს ამ ღირებულებებზე აქცენტირებით მოინადიროს ამომრჩევლის უფრო ფართო მასების გული. ეს არის მისი განზრახვა, ოღონდ ამას აკეთებს ისე უხეშად, მოუქნელად, თან ფარისევლურად… იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის მორწმუნის და საეკლესიო ცხოვრებაში ჩართული ადამიანის რანგში დანახვა თუ განხილვა უჭირს საზოგადოებას. მისი, როგორც პოლიტიკოსის, მემკვიდრეობა ამ არხში არ მოძრაობს” ,- ამბობს კაჭკაჭიშვილი.

[red_box]როგორ აფასებენ სააკაშვილის განცხადებას პარტიაში[/red_box]

მიხეილ სააკაშვილის მიერ რელიგიურ ღირებულებებზე მკვეთრად ხაზგასმას სიახლედ არ მიიჩნევენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. 

პარტიის წევრი გიროგი ბარამიძე “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ პარტია როგორც საქართველოში, ასევე ევროპის მასშტაბით ატარებს ქრისტიან-დემოკრატიულ მსოფლმხედველობას:

“ნაციონალური მოძრაობა არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიების გაერთიანებაა. არაფერი შეცვლილი არ არის, ამის თქმა მინდა. ჩვენ ევროპის მასშტაბითაც ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსის წევრი ვართ და საქართველოშიც ქრისტიან-დემოკრატიული მსოფლმხედველობა გვაქვს. ეს რაც შეეხება ჩვენს ტრადიციებსა და რელიგიას. თუმცა, ამავდროულად გვაქვს ძალიან ლიბერალური და ლიბერტარიანული მიდგომები მთელ რიგ ეკონომიკურ საკითხებში იგივე გადასახადებთან, რეგულაციებთან მიმართებაში, ბიუროკრატიის დაფინანსებასა და ა.შ.

ყურადღება ამ საკითხზე იმიტომ გამახვილდა, რომ კონკრეტულად დაისვა საკითხი: რა არის ხედვებში განსხვავება მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა კონკრეტულად მისსა და გიგა ბოკერიას შორის შეხედულებებში განსხვავებაზე და თქვა, რომ ეს არის ის ძირითადი, რაც მათ ასხვავებთ”, – ამბობს ბარამიძე.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი მორწმუნე ქრისტიანია და, შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ პარტიას სწორედ ამ ელექტორატზე უნდა ჰქონდეს გათვლა. ბარამიძის თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წლებია სწორედ ამ ადამიანებს ესაუბრება და სიახლე არაფერია გარდა იმისა, რომ აქცენტები გამოიკვეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” რიგი ლიდერების წასვლისა და “ევროპული საქართველოს” შექმნის შემდეგ:

“საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი არის მორწმუნე ქრისტიანი. თუ ვინმეს ამ ელექტორატზე არ აქვს გათვლა, პოლიტიკაში რა უნდა. ეს არის ჩვენი საზოგადოება, რომელიც არის მორწმუნე საზოგადოება. ჩვენ არ ვასხვავებთ არავის რელიგიური ნიშნით, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი ამომრჩეველი არის სწორედ ასეთი. იმ ტრადიციებით, რელიგიით და შეხედულებებით, რაც არის, ეს არასდროს არ შეცვლილა. თუ გათვლაზეა საუბარი, ჩვენ მთელი ეს წლებია სწორედ ამ ადამიანებს ვესაუბრებით. იმ ადამიანებში არაფერი შეცვლილა და ჩვენშიც არაფერი შეცვლილა”, – ამბობს ბარამიძე.

“სამარცხვინო” – ამ ტიპის ეპითეტი დაიმსახურა სააკაშვილის განცხადებამ ბოკერიაზე ევროპულ საქართველოში. ექსპრეზიდენტი მისი სიტყვების გამო ევროპული საქართველოს არაერთმა წევრმა გააკრიტიკა. 

პატრიოტთა ალიანსის წევრმა გიორგი ლომიამ კი პირველ არხთან თქვა, რომ სააკაშვილი მათთვის კონსერვატიზმის ნიშის წართმევას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი