ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო — EMC

1 ოქტომბერი, 2019 • 2503
სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო — EMC

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) იუწყება, რომ სტრასბურგის სასამართლომ (ECHR) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია და საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

EMC-ის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 27 სექტემბერს ოფიციალური წერილით აცნობა, რომ 23 სექტემბერს მიიღო ეს გადაწყვეტილება.

EMC-მ, ლონდონში მომუშავე პარტნიორ ორგანიზაციასთან, „ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) ერთად, 2019 წლის 6 ივნისს მიმართა სტრასბურგის სასამართლოს მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით.

მოსარჩელეები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.

„კერძოდ, განმცხადებლების მითითებით, 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფომ გამოიყენა არაპროპორციული და გაუმართლებელი ლეტალური ძალა, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 მუხლს“, — წერს EMC.

ამასთან, ოჯახის წევრები ასევე დავობენ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე „სპეცოპერაციის განსაკუთრებით აგრესიულ და დამამცირებელ გარემოებებში წარმართვის გამო“.

დამატებით, განმცხადებლები მიუთითებენ, რომ სახელმწიფომ „ვერ უზრუნველყო ზემოთ მითითებული გარემოებების თაობაზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება“, რაც, მათი საჩივრის თანახმად, კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ნაწილისა და მე-13 მუხლის დარღვევას წარმოადგენს.

EMC-ის თანახმად, ევროპულმა სასამართლომ განაცხადში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა.

`მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დროულად და პრიორიტეტულად დაიწყო, რაც, მათ შორის, ამ საქმეზე უფლების დარღვევის სიმძიმეს და კონვენციისთვის სიცოცხლის უფლების დაცვის მაღალ ხარისხსა და მნიშვნელობას უკავშირდება“, — წერს EMC პირველ ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის დეკემბრის ბოლოს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში შუბლის არეში დაჭრეს, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში, 2018 წლის 10 იანვარს გადრაიცვალა. უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ამ ვერსიას მისი ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

შვილის სიკვდილის გარემოებების გამოძიებას მისი მშობლები, მედიკო და მალხაზ მაჩალიკაშვილები რამდენიმე თვეა ითხოვენ და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ.

EMC-ისა და მაჩალიკაშვილების თანახმად, „ეროვნულ დონეზე მოქმედი სამართლებრივი დაცვის საშუალებები ეფექტიანი არ არის და გამოძიებამ ვერ უზრუნველყო დარღვეული უფლების აღდგენა“.

იმის მიუხედავად, რომ წელიწადნახევარზე მეტია ოჯახი იბრძვის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე  მართლმსაჯულების მისაღწევად, ხელისუფლება მხოლოდ უგულებელყოფითა და „დეჰუმანიზების რიტორიკით“ პასუხობს, ამ პირობებში კი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები მათთვის ერთადერთ მექანიზმად რჩება, აცხადებდა ივნისში EMC.

მასალების გადაბეჭდვის წესი