ახალი ამბები

საგამოძიებო: მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების მიზანშეწონილობას შევისწავლით

21 მარტი, 2024 • 818
საგამოძიებო: მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების მიზანშეწონილობას შევისწავლით

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლიან.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მაჩალიკაშვილის საქმის გარდა მოწოდება ეხებოდა სხვა სარჩელებსაც, მათ შორის, „ოჩიგავას“ საქმეს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს მაჩალიკაშვილისა და ოჩიგავას სისხლის სამართლის საქმეთა მასალები და ხელახალი გამოძიების ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხი.

„კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, საქმის მასალებსა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე,
„ცინცაბაძის ჯგუფის“ მითითებულ საქმეებთან დაკავშირებით მიიღებს სამართლებრივ და ობიექტურ გადაწყვეტილებას“ ,— აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ 2023 წლის 19 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით არ ცნო არსებითი დარღვევა და პროცედურულ ნაწილში დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა. რაც შეეხება ოჩიგავას საქმეს, უწყების განცხადებით, 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წელს ციხის თანამშრომლების მიერ ოჩიგავას მიმართ ჩადენილ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის (წამება) არსებით და პროცედურულ დარღვევას:

„აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ზემოხსენებულ რეკომენდაციებში დადებითად შეფასდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივა, რომლის საფუძველზეც ყველა განმცხადებელს და პოტენციურ დაზარალებულს საქმის მასალებთან წვდომისა და გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა, ასევე დადებითად შეფასდა სამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავების ფაქტი“ ,— აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც 19 იანვარს გამოქვეყნდა, სასამართლომ დაადგინა, რომ პროცედურულ ნაწილში (მაჩალიკაშვილის მკვლელობის გარემოებების არასათანადო გამოძიება) დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), თუმცა კოლეგიის წევრი მოსამართლეების უმრავლესობის აზრით, ამავე მუხლის არსებითი ნაწილი, რაც უშუალოდ იმას ეხება, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ არასათანადო ლეტალური ძალა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, არ დარღვეულა.

ამ საკითხზე ერთმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი დააფიქსირა და დაწერა, რომ მისი შეფასებით დაირღვა კონვენციის მეორე მუხლი როგორც პროცედურულ, ასევე არსებით ნაწილებშიც.

2017 წლის 26 დეკემბერს მაჩალიკაშვილების სახლში ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით თავის არეში მძიმედ დაშავდა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მთავრობის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი იყო ტერორისტული ქსელის წევრი და დაკავშირებული იყო ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წევრებთან.

ოჯახისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ დაირღვა არაერთი უფლება, მათ შორის სიცოცხლის უფლებაც. ისინი საქმის ხელახალ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი