შრომის კოდექსში, შესაძლოა, სტაჟირების ცნება გაჩნდეს და სტაჟიორებზე შრომის კოდექსით დადგენილი გარკვეული უფლებები გავრცელდეს. ამასთან, დადგინდეს წესები, რომ სტაჟიორები უფასო შრომით რესურსად არ გამოიყენონ, წინასწარ განისაზღვროს სტაჟიორის მოვალეობები და შეიზღუდოს სტაჟირების ვადები.
ცვლილებების პაკეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრ პარლამენტარ დიმიტრი ცქიტიშვილს ეკუთვნის, ჯერ პარლამენტში არ შეუტანიათ. როგორც ავტორი გვეუბნება, კანონპროექტი ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია და შეიძლება გარკვეული პუნქტები შეიცვალოს. ავტორის თანახმადვე, კანონპროექტის ინიცირება ოქტომბერში იგეგმება.
დიმიტრი ცქიტიშვილმა „ნეტგაზეთს“ მიაწოდა პაკეტის ძირითადი ცვლილებების ამსახველი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის თანახმად, შრომის კოდექსში:
- ჩნდება ახალი დეფინიცია სტაჟირების შესახებ და მათზეც ვრცელდება შრომის კოდექსით დადგენილი უფლებები, გარდა რამოდენიმე გამონაკლისისა. მათ შორის, დეკრეტული შვებულება და შრომითი ხელშეკრულების ვადები, რაც ამავე კანონით განსხვავებულად რეგულირდება;
- დგინდება სტაჟირების გამოყენების პირობები იმისათვის, რომ არ მოხდეს სტაჟიორების გამოყენება, როგორც უფასო შრომითი რესურსი;
- ჩნდება ვალდებულება, რომ დამსაქმებელმა წინასწარ განსაზღვროს სტაჟიორის ფუნქცია- მოვალეობები იმისათვის, რომ არ მოხდეს მათი გამოყენება ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც არ უკავშირდება სტაჟირების ძირითად მიზანს.
- იზღუდება სტაჟირების ვადები იმისათვის, რომ არ მოხდეს სტაჟირების პროცესის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება;
რა შეიძლება კონკრეტულად შეიცვალოს?
„ნეტგაზეთს“ „საქართველოს ბიზნესასოციაციიდან“ [რომელთანაც სხვებთან ერთად განიხილებოდა ინიციატივა] მიაწოდეს შრომის კოდექსის ცვლილებების სამუშაო ვერსია. ამ ვერსიის თანახმად, სტაჟიორი შრომის კოდექსში განისაზღვრება, როგორც „ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით“.
თუკი კოდექსის ცვლილებები ამ სახით გავიდა პარლამენტში, დამსაქმებელს აეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. ამ ცვლილების თანახმადვე, სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს და დამსაქმებელს უფლება არ აქვს აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
ამავე ცვლილებით, სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს და ერთსა და იმავე პირს უფლება არ აქვს, ერთსა და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მეორედ.
სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობა რეგულირდება წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ აღწერას სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ. 5. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულების მიმართ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული დაცვის ყველა მინიმალური სტანდარტი, გარდა ამ კანონის VII თავით გათვალისწინებული მუხლებისა. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ნახეთ სხვა შესაძლო ცვლილებები შრომის კოდექსში:
დიმიტრი ცქიტიშვილის თანახმად, ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას შესაბამისი ევროდირექტივებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ასევე პასუხობს აშშ-თან ვაჭრობის გენერალური პრეფერენციების სისტემის შესაბამისობის მოთხოვნებს.
ცვლილებების პაკეტი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს, მაგალითად:
ცქიტიშვილის ინიციატივით, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება
ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება შეიძლება აიკრძალოს
ცქიტიშვილის ინიციატივით, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება