ახალი ამბები

პარლამენტმა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

29 სექტემბერი, 2020 • 1952
პარლამენტმა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის თანაავტორობით მომზადდა.

ცვლილებები საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენაზე 82  ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კანონპროექტში ისეთი თემებია ასახული, როგორებიცაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ცვლილება, სტაჟირების დროის რეგულირება და სხვა.

დოკუმენტის მიხედვით,  დეკრეტული შვებულებით სარგებლობას მამებიც შეძლებენ. ასევე, 3 თვით განისაზღვრება ერთჯერადი უხელფასო სტაჟირების მაქსიმალური ვადა. ქალისა და კაცის თანაბარი შრომის ანაზღაურება კი ერთნაირად უნდა განისაზღვროს. ამასთან, კანონპროექტით იკრძალება ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება.

როგორც რეფორმის ავტორმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა დოკუმენტის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ “ნეტგაზეთს” უთხრა, საბოლოო ვერსიაში წარმოდგენილ პროექტში ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა. კერძოდ, მასში აღარ იქნება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურებულიყო შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, არანაკლებ ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125%-ისა.

შესაბამისად, შრომის კოდექსში დარჩება ზეგანაკვეთურ ანაზღაურებაზე მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქცია, რომელიც ადგენს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, რაც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება. ეს მუხლი ზეგანაკვეთურის ანაზღაურების მინიმალურ განაკვეთს არ ადგენს, რაც პრაქტიკაში დამსაქმებელს აძლევს შესაძლებლობას, მინიმალურად/ნომინალურად აანაზღაუროს ზეგანაკვეთური სამუშაო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი